მთავარი,სიახლეები

რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას აღარ გიბრუნებენ – იურისტის განმარტება

19.06.2021 • 40870
რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას აღარ გიბრუნებენ – იურისტის განმარტება

რა დრო დასჭირდება სასამართლო განხილვას და მერე გადაწყვეტილების აღსრულებას, როცა ბინა გააქირავე და უკან ვეღარ იბრუნებ? – „ბათუმელები“ 2021 წლის 17 ივნისს წერდა შემთხვევის შესახებ, როცა მოქალაქემ ბინა 4 წლის წინ გააქირავა, ხოლო დამქირავებელი ქირას აღარ იხდის და არც ბინის დაცლას აპირებს.

რა უნდა გაითვალისწინო, ვიდრე ბინას აქირავებ? – კითხვებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე პასუხობს.

  • პაატა, რა დაიცავდა ამ შემთხვევაში მესაკუთრეს, რომელმაც 4 წლის წინ გააქირავა ბინა და უკან ვეღარ იბრუნებს? მას არც ქირის ფულს უხდიან.

ქირავნობის ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. ამ შემთხვევაში მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ. ზოგადად, უმჯობესია ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, თუმცა ესეც არ ნიშნავს იმას, რომ თუ პირი არ გადაიხდის ქირას, ავტომატურად გამოასახლებ [ბინიდან].

გამოსახლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც პოლიცია ასახლებს ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე და გამოძიებაა დაწყებული, ანუ, მაგალითად, ადამიანი შეიჭრა ბინაში. თუ გამოძიება არაა დაწყებული და ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეა პირი ბინაში, ან ბინათსარგებლობის სხვა ხელშეკრულებაა, იპოთეკა და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, მესაკუთრემ უნდა მიმართოს სასამართლოს გამოსახლების მოთხოვნით.

  • თუკი მესაკუთრე შევა თავის ბინაში, რომელიც გაქირავებული აქვს და ამ დროს მიმართავდა პოლიციას, როგორ უნდა იმოქმედონ სამართალდამცველებმა? 

პოლიცია ადამიანს ვერ გაასახლებს და ამ გადაწყვეტილებას პოლიციელი ვერ მიიღებს. ასეთი ვითარება, რაც დაასახელეთ, ბინაში შეჭრად ვერ შეფასდება, რადგან მას წინ უსწრებს ზეპირი, ან წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო.

  • შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შეიძლება პირს მიენიჭოს ნაქირავებ ბინაში გაჩერების უფლება? 

ქირავნობის ხელშეკრულება დამქირავებელს ანიჭებს ცხოვრების უფლებას, ის არ წარმოშობს საკუთრების უფლებას. შესაბამისად, ხელშეკრულებას როცა უმთავრდება ვადა, სრულდება ეს ურთიერთობებიც.

ხელშეკრულება წყდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არ იხდის ქირის ფულს. ხელშეკრულება დამქირავებელსაც იცავს, როცა ის კეთილსინდისიერად იხდის ქირის ფულს და არ არღვევს შეთანხმების პირობებს. ხელშეკრულებაში შეიძლება იყოს გათვალისწინებული სანქციები, რა უნდა ხდებოდეს მსგავს ვითარებაში, როცა დამქირავებელი ასრულებს თავის ვალდებულებებს და მოულოდნელად გამქირავებელი ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას. ამ დროს შესაძლოა მას უბრუნდებოდეს, მაგალითად, ბოლო თვის ქირის ფული.

ზეპირი ხელშეკრულებაც ხელშეკრულებაა, ის არაა კანონმდებლობის გარეთ. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს იმის მტკიცება, თუ რა იყო შეთანხმება. გამქირავებელს ასევე აქვს წინასწარი შეტყობინების ვალდებულება დამქირავებელთან, როცა ის ვადაზე ადრე წყვეტს ხელშეკრულებას.

  • თუკი საკუთრებას ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერი და მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდება სასამართლოში, რა არის სასამართლო დავის საგანი, რას არკვევს ამ დროს მოსამართლე? 

დავის საგანი არის გამოსახლება, რომ მესაკუთრეს თავისუფალ მდგომარეობაში ჩაჰბარდეს ბინა. მსგავსი სასარჩელო მოთხოვნები უმეტეს შემთხვევაში კმაყოფილდება, რადგანაც მესაკუთრეს მიაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება შეწყვეტილია და ძირითადად ესაა.

ამ დროს ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა დავის საგანი შეიძლება იყოს ის, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან გადახდილ ქირაზე, ან მაგალითად, ვალუტის კურსი შეიცვალა და ეს გახდა დავის საგანი. მსგავსი გარემოებები უნდა შეაფასოს სასამართლომ.

  • რა დრო სჭირდება ამ ტიპის საქმის განხილვას და შესაძლებელია თუ არა მისი გასაჩივრება?  

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გადატვირთულია სასამართლო. ჩვენს მოცემულობაში ცნობილია, რომ სასამართლო ხშირად გადატვირთულია და ირღვევა საქმის განხილვის ვადები. თითქმის ყველა საქმეზე ჩვენ გვაქვს ვადების დარღვევა.

ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეიძლება ზემდგომ ინსტანციაში, რაც დავის დასრულებას კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

  • რა  ხდება აღსრულების ეტაპზე? როცა სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდება, მესაკუთრეს რა დრო დასჭირდება ბინის დასაბრუნებლად?

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ჩაჰბარდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ამის შემდეგ აღმასრულებელმა ნებაყოფლობით შესრულებაზე უნდა გაუგზავნოს წინადადება დამქირავებელს, რომ დაცალოს ბინა. ამას აქვს თავისი პროცედურა – უნდა განუსაზღვროს დრო და ასე შემდეგ.

თუ დამქირავებელი ნებაყოფლობით არ დაცლის ბინას, შემდეგ ხდება უკვე იძულებით გამოსახლება.

მსგავსი საქმეების სასამართლო განხილვის დროს მესაკუთრე იხდის ბაჟის, ასევე ფარავს ადვოკატის ხარჯებს. შეუძლია მას ამ თანხის დაბრუნებაც მოსთხოვოს დამქირავებელს? 

კი, რა თქმა უნდა. ამას არეგულირებს კანონმდებლობა და იმ მხარის ხარჯებს, ვისი სასარჩელო მოთხოვნებიც დაკმაყოფილდა, იღებს მეორე მხარე იმის პროპორციულად, რა პროპორციულობითაც მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

  • შეიძლება მესაკუთრემ მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც?

კი, მას შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გადახდაც, რის აღებაც შეეძლო ამ სასამართლო განხილვის დროს. სასამართლო დავის საგანი შეიძლება იყოს ასევე ნივთების დაზიანება, თუკი ასეთს აქვს ადგილი.

  • როგორ შეიძლება ამ ყველაფრისგან თავი დაიზღვიოს მესაკუთრემ, რომელიც ბინას აქირავებს? 

ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს, არის ის, რომ წერილობით გააფორმოს ხელშეკრულება და გარკვეული ტიპის სანქციები გაიწეროს ხელშეკრულებაში. სხვა მექანიზმი, რომ სასამართლოს გარეშე მოხდება გამოსახლება, არ არსებობს.

წერილობითი ხელშეკრულების არსებობა ამარტივებს მტკიცების ტვირთს. ეს გულისხმობს იმას, რომ თუკი სადავოა, მაგალითად, რა იყო ქირის ოდენობა, რა ვადით გაფორმდა ხელშეკრულება და ასე შემდეგ. ეს არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამტკიცებელია სასამართლოში. წერილობითი ხელშეკრულების პირობებში კი, იოლია ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

პაატა დიასამიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: