ბათუმი,განათლება,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„მოზარდებთან ამ თემებზე საუბარი სასიცოცხლოდ აუცილებელია“ – დისკუსიები ქობულეთსა და ქედაში

18.06.2021 • 1657
„მოზარდებთან ამ თემებზე საუბარი სასიცოცხლოდ აუცილებელია“ – დისკუსიები ქობულეთსა და ქედაში

„სკოლის ადრეული წლებიდანვე აუცილებელია ვისაუბროთ მრავალფეროვნებაზე, მულტიკულტურულ გარემოზე, რომელიც ქმნის ქვეყანას, სახელმწიფოს და სადაც უმცირესობის წარმომადგენელი თავს სრულფასოვან მოქალაქედ უნდა მიიჩნევდეს… სამოქალაქო ცნობიერება და კანონის უზენაესობაზე დამყარებული ურთიერთობა კი სწორედ სასკოლო კედლებში უნდა იწყებოდეს“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, ორგანიზაცია „საერთაშორისო  გამჭირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი.

მალხაზ ჭკადუა, ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობრივი ვალდებულებების  შესახებ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში ქობულეთის №5 და დაბა ქედის საჯარო სკოლებში მოსწავლეებს შეხვდა. ორივე შეხვედრა, ინტერაქტიული და მრავალფეროვანი კითხვა-პასუხით გამოირჩეოდა.

დისკუსია ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში

ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში, სადაც 75 ბოშა ბავშვი სწავლობს, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული პრობლემური დამოკიდებულების განხილვას დაეთმო.

ამ თემებზე საუბრის იდეა ამავე სკოლის დირექტორს, ნარგიზ ჭინჭარაძეს ეკუთვნის.

დისკუსია ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში

შეხვედრის შესახებ თავის მოსაზრებას გვიზიარებს მალხაზ ჭკადუა: „სკოლის ადრეული წლებიდანვე აუცილებელია ვისაუბროთ მრავალფეროვნებაზე, მულტიკულტურულ გარემოზე, რომელიც ქმნის ქვეყანას, სახელმწიფოს და სადაც უმცირესობის წარმომადგენელი თავს სრულფასოვან მოქალაქედ უნდა მიიჩნევდნენ. უპირველესად სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც მოქალაქეებს, განსხვავებების მიუხედავად, ღირსეული ცხოვრების, დამოკიდებულების, რეალიზაციისა და გამოხატვის საშუალება ექნებათ.“

დისკუსია ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში

მალხაზ ჭკადუას თქმით, სკოლა, დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად, ზემოთ აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების პოლიტიკის გამტარებელი და პრაქტიკაში დამნერგავი უნდა იყოს: „ამიტომაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ვისაუბროთ მოზარდებთან ამ თემებზე“.

დისკუსია ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში

შეხვედრის მონაწილე მოსწავლეების აქტიურობით გამოირჩეოდა დაბა ქედის საჯარო სკოლაში გამართული დისკუსიაც. აქ  სასაუბრო თემა სამოქალაქო პროტესტებსა და მოქალაქეობრივ ვალდებულებებს შეეხო. მონაწილეებმა არაერთი კითხვა დასვეს და თავიანთი მოსაზრებები გამოხატეს.

დისკუსია დაბა ქედის საჯარო სკოლაში

დაბა ქედის საჯარო სკოლაში დისკუსიისთვის შერჩეული თემის იდეა სკოლის პედაგოგს, მზიური შავაძეს ეკუთვნის.

დისკუსია დაბა ქედის საჯარო სკოლაში

მზიური შავაძე აღნიშნულ თემაზე საუბრის საჭიროებას ამგვარად ხსნის: „დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლებები მჭიდროდაა დაკავშირებული მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან. საზოგადოება თანხმდება ძირითად პრინციპებზე, უფლებებზე, პროცედურებასა და სამართლებრივ ნორმებზე, რომელიც მათი მშვიდობიანი თანაარსებობისთვისაა აუცილებელი. საზოგადოების მიერ კანონების ცოდნა-გააზრება ზრდის ამ კანონების მხარდაჭერას, ამცირებს უცოდინრობით გამოწვეული დარღვევის ალბათობას. ჩვენც, ისე როგორც სხვა სასკოლო საზოგადოებას, გვჭირდება მოქალაქეობრივი კულტურის ამაღლება და ხელშეწყობა.“

მალხაზ ჭკადუას თქმით, „აქტიური მოქალაქეობა ცარიელ ადგილზე არ აღმოცენდება: თუ სკოლა, საზოგადოება, სამოქალაქო ჯგუფები მუდმივად არ ვისაუბრებთ იმ საჭიროებებზე, რაც ხელისუფლების მუდმივ კონტროლს, მეტ ჩართულობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას ეხება“.

დისკუსია დაბა ქედის საჯარო სკოლაში

„სამოქალაქო განათლებისა თუ სხვა საგნების სწავლა-სწავლების პროცესში ამ საკითხებს მოსწავლეები ეხებიან, ამასთან, აუცილებელია მათთან ხშირი სტუმრობა არსებული პრაქტიკის გამოწვევებისა და სამოქალაქო პერსპექტივების გაზიარების კუთხით. ამავდროულად, სასიცოცხლოდ აუცილებელია მათ მოვუსმინოთ, მათში პირდაპირ აირეკლება არსებული განწყობები და ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებისგან იმდენივეს ვსწავლობთ, რამდენის გაზიარებისა და გადმოცემის საშუალებას ვაძლევთ. ამიტომ, ხშირად უნდა მოვუსმინოთ და ვიფიქროთ, რითი შეგვიძლია მათი ცოდნისა და შესაძლებლობების გამრავალფეროვნება“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

ქობულეთისა და ქედის საჯარო სკოლებში შეხვედრები დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მსგავსი შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავს რეალურ დროში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემების ანალიზს, მათი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში დისკუსიები ასევე გაიმართა:
მთავარი ფოტო: დისკუსია ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: