მთავარი,სიახლეები

მოსამართლეს, რომელმაც ივანიშვილის სიმშვიდეზე იზრუნა, უზენაესში ნიშნავენ

17.06.2021 • 2099
მოსამართლეს, რომელმაც ივანიშვილის სიმშვიდეზე იზრუნა, უზენაესში ნიშნავენ

მოსამართლე ბიძინა სტურუას, რომელმაც შეკვეთილში გამართული აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები 2019 წელს დასაჯა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ირჩევენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მათ შორისაა ბიძინა სტურუა. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

მოსამართლე ბიძინა სტურუამ „გააღვიძე ოლიგარქის“ საქმეზე სამართალდარღვევად მიიჩნია ის, რომ „აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ“. ეს პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში ეწერა, რაც მოსამართლემ დაადასტურა.

„ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს,“ – ჩაწერა გადაწყვეტილებაში მოსამართლე ბიძინა სტურუამ.

მოსამართლე ბიძინა სტურუას ამ გადაწყვეტილებას 2019 წელს „გაუგებარი“ უწოდა საია-მ, რომელიც სამართალდამრღვევად ცნობილი პირების ინტერესებს იცავდა.

„ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხეს,“ – ესეც საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის შეფასებაა.

მოსამართლე ბიძინა სტურუამ გაფრთხილება მისცა აქციის – „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეებს: ლაშა ადამიას, გია ხალვაშს, ანზორ გუბაევს, ხათუნა ბერიძეს და ბონდო თედორაძეს.

ბიძინა სტურუა 2013 წლიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა. „გააღვიძე ოლიგარქის“ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბიძინა სტურუამ 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში მიიღო. 2019 წლის 18 სექტემბრიდან კი, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. იმავე წლის ნოემბრიდან იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ბიძინა სტურუა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა.

მმართველი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური განაცხადის მიუხედავად, რომ მოსამართლეების გამწესების პროცესი შეჩერდებოდა, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა არ განხორცილდება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, პარლამენტს უკვე წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი, 9 კანდიდატი: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: