მთავარი,სიახლეები

საწოლს მიჯაჭვული კაცის ამბავი და მეეზოვე ქალი: „დღესაც თაფლს გავხსნით წყალში“

16.06.2021 • 36817
საწოლს მიჯაჭვული კაცის ამბავი და მეეზოვე ქალი: „დღესაც თაფლს გავხსნით წყალში“

საუბარი უჭირს, თუმცა ზუსტად ახსოვს, როდის მოხდა ავარია, საწოლს რომ მიაჯაჭვა 58 წლის მეეზოვე მურმან ზოიძე. ღარიბი, მეეზოვე ცოლ-ქმრის ცხოვრება მას აქეთ შეიცვალა და დამძიმდა. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა მათი ყოფა –  გააღარიბა და ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს დააცილა.

„აპრილი იყო, 20 რიცხვი, გასულ წელს იყო ეს,“ – მძიმედ ამოისუნთქა მან, მზერა არ მოგვაცილა და განაგრძო – „მე მოპედით მივდიოდი, ძმისშვილის მოპედი იყო, ლეოგრანდთან დამეჯახა უცებ მანქანა… გონება მაშინ დავკარგე, როცა ვიგრძენი, სისხლი რომ ჩამომდიოდა თავიდან,“ – ამბობს მურმან ზოიძე და თავზე გადაკრულ დოლბანდს ნახევრად იხდის, თავის ქალის შეცვლილი ფორმა რომ გვაჩვენოს… მურმან ზოიძე ბათუმში, ბარაკული ტიპის დასახლებაში, ნაქირავებში  და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ეს ოჯახი სოციალურ შემწეობას არ იღებს.

„გადაადგილება არ შეუძლია, თავისით ვერც შეჭამს, საჭმელიც არაფერია, დღესაც თაფლს გავხსნით წყალში, ჩემმა ძმამ გამომიგზავნა ჭვანიდან,“ – გვიყვება მაყვალა მჟავანაძე. ის ბოლო 20 წელია მეეზოვედ მუშაობს.

„ჩემი ხელფასი 430 ლარია თვეში, ამას ემატება მურმანის პენსია – 140 ლარი, რადგანაც ავარიის შემდეგ მეორე ჯგუფის კატეგორია მისცეს. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი,“ – ცარიელ თაროს თვალს არ აცილებს მეეზოვე და ერთ დიდ თეფშზე დაყრილ პურის ნატეხებს აკვიატებულად ასწორებს.

„მდიდრები არც არასდროს ვყოფილვართ, სულ გვიჭირდა, მაგრამ ახლა ძალიან დავიღალე,“ – დაღლილი ხმით ამატებს მეეზოვე ქალი.

როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება ავარიამ   

„იმ საღამოს მურმანი ცოცხების ჩამოსატანად წავიდა სოფელში. ახალი წასული იყო სახლიდან, როცა დარეკეს ტელეფონზე,“ – იმ საღამოს იხსენებს მაყვალა მჟავანაძეც, როცა მურმანს ქუჩაში ავტომანქანა დაეჯახა, – „ტელეფონს სიძემ უპასუხა, სერგომ, თურმე პოლიციელი რეკავდა, მისი პირადობა წამოიღეთ და ონკოლოგიურში მოდითო… როცა პალატაში შევედი, ის მძიმედ სუნთქავდა. ექიმმა მითხრა, მე არა, ღმერთს სთხოვე შველაო, ტირილი დავიწყე“.

რამდენიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ მურმანი გადარჩა და 22 დღის შემდეგ კლინიკიდანაც გამოწერეს. მას შემდეგ მურმანს არ გაუვლია. მურმან ზოიძეს სხვადასხვა მძიმე, ტრავმული დაზიანება აქვს, ასევე დეფორმირებულია თავის ქალა.

„140 ლარი მარტო პამპერსს სჭირდება, ტუალეტი მხოლოდ ეზოშია და საერთო, აქაც რომ იყოს, გამიჭირდებოდა, აბაზანა საერთოდ არ გვაქვს,“ – ამბობს მაყვალა მჟავანაძე და აღწერს, რომ ავარიამდე წლების განმავლობაში წყალს მეეზოვე ცოლ-ქმარი შეშის ღუმელზე აცხელებდა და მერე იქვე, ოთახში ბანაობდნენ.

„რამდენჯერ მინატრია თბილი აბანო, როცა დაღლილი მოვსულვარ, მტვრიანი, თანაც სიცხეში, მაგრამ ეჰ,“ – ძველი ფანჯრის შეღება სცადა ქალმა და მერე მოგვიყვა, თუ რა ქნა გამოძიებამ.

 

მაყვალა მჟავანაძე

ავარიის შემდეგ გამოძიება დაწყებულა. მძღოლი, ვინც სავარაუდოდ მურმანს ქუჩაში დაეჯახა, ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.

„ის ლევან გოგიჩაიშვილია, ხაშურში ცხოვრობს… ჩვენთან რამდენჯერმე მოვიდა და ჯამში 1500 ლარი აქვს ჩამორიცხული. მურმანს ოპერაციები სჭირდება, მუდმივი მოვლა… ბოლოს გვითხრა, თავზე როცა გადაწყდება ოპერაცია, მითხარით და რაღაცას ვიზამო, აღარ გვეხმარება,“ – ამბობს მაყვალა მჟავანაძე.

ავარიის შედეგად დაზარალებულ ოჯახში გვითხრეს, რომ რამდენიმე თვის წინ მივიდა ლევან გოგიჩაიშვილი ნოტარიუსთან ერთად და ხელმოწერა ითხოვა წერილზე.

„წერილში ეწერა, რომ მე, მურმან ზოიძეს, არ მაქვს არანაირი პრეტენზია ლევან გოგიჩაიშვილთან და ის ბოლომდე მეპატრონება… კიდევ რაღაც ეწერა, მაგრამ ვერ მოვასწარი წაკითხვა, ხელი მოაწერიეს მურმანს და წაიღეს, მაგრამ მანამდე ნოტარიუსი ამბობდა, არ მოაწერიოთ ხელი, არ შეიძლებაო, მე სამსახურს ნუ დამაკარგვიებთო… მერე გამომძიებელმა როცა დარეკა, ვუთხარი, რომ ასე და ასე იყო-მეთქი. მიდის ძიებაო, ასე მითხრა, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ მანქანა, რომელიც მურმანს დაეჯახა, საჯარიმოდან იმ კაცს, ლევანს წაუყვანია… ლევანსაც ველაპარაკეთ, არ დაუმალავს, რომ მანქანა წაიყვანა. გვითხრა, რომ მანქანას გაყიდდა და ჩვენ მოგვცემდა ფულს, დაგვეხმარებოდა, მაგრამ მერე თქვა, ვერ გავყიდე და ახლა 20 წლის გოგოს დავეჯახეო,“ – გვითხრა მაყვალა მჟავანაძემ.

„ფულს არ ვითხოვ, ექიმთან მიმიყვანოს, წამალი მჭირდება,“ – ჩაილაპარაკა მურმანმა.

„ავარია რომ არ მოსვლოდა, მურმანი მუშაობდა მეეზოვედ და 430 ლარი ჰქონდა ხელფასი… არ გვილხინდა, მაგრამ არავის ვაწუხებდით, ჩვენთვის ვცხოვრობდით,“ – ამატებს მაყვალა.

რა ეტაპზეა გასული წლის აპრილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება? – „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პასუხს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით მივიღებდით.

„წვიმდა სახლშიც, როცა სოცაგენტი მოვიდა, აკანკალდა და შეშის ღუმელი დავანთე…“

ერთადერთი სველი წერტილი მეეზოვე ცოლ-ქმრის ოჯახში ონკანია, რომელიც სახლის შესასვლელთან დაგხვდებათ. აქვეა სამზარეულო კუთხეც – რამდენიმე თეფში, კოვზი, ჩანგალი, ქვაბები, ყავის მადუღარა… ოჯახი ბათუმში სველი წერტილების გარეშე ცხოვრობს და შეშის ღუმელზე თბება, თუმცა ის შემწეობას ვერ იღებს.

ვიწრო ოთახში, სადაც ჩვენ ლოგინად ჩავარდნილ მურმანს და მის ცოლს ვესაუბრეთ, სივიწროვეა. ერთ კუთხეში ძველი დივანია და მეორეგან ორი სკამი. ფანჯრები ძველია და ეტყობა ზამთრის კვალი – პატარ-პატარა ნაჭრები ფანჯრის ჩარჩოებში გაუჩრიათ, სახლში შეშის ღუმელის სითბოს შესანარჩუნებლად. ნაქირავებ სახლში კიდევ ორი ნესტიანი საძინებელია, სადაც მზის სხივები საერთოდ ვერ აღწევს, ჭერს კი, ნაწვიმარის კვალი ატყვია.

„წვიმდა მაშინაც, როცა სოცაგენტი მოვიდა შესამოწმებლად,“ – განაგრძო თხრობა მაყვალა მჟავანაძემ, როცა ბნელი საძინებლიდან ისევ მისაღებში გამოვედით, – „გაუკვირდა, ეს რა სიღარიბეაო. წვიმდა სახლშიც, აკანკალდა და შეშის ღუმელი დავუნთე, არადა მაისი იყო უკვე…

ტელევიზორი გვაქვს და სარეცხი მანქანა. ალბათ ამიტომ არ მოგვცეს. ტელევიზორი ახლობელმა გვაჩუქა, მურმანი თავს შეიქცევს ცოტას მაინც, სულ ლოგინშიაო. სარეცხი მანქანა ჩემი გოგოსია, ისიც ნაქირავებში ცხოვრობს, ფსიქიკურად დაავადებულია თან, სკოლაშიც არ უვლია არასდროს და ახლა ამის ადგილი აღარ ჰქონდა… იქნებ, არ დაიჯეროთ, მაგრამ ასეა და რა ვქნა?

ბიჭი, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, იმასაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ექიმთან ვერ მივიყვანეთ, ცნობა რომ მისცენ. 32 წლისაა. ახლა სხვა ექიმთანაა, თიაქარის ოპერაცია გაიკეთა და იმაზეა.

როცა მივედი სააგენტოში, მითხრეს, მაღალი ქულები მოგივიდათო. ვუთხარი, რომ დირექტორთან მინდოდა შესვლა, გამოვედი იქედან და კიბეზე წავიქეცი ნერვიულობისგან… ვიღაც აგენტი დამეხმარა ისევ, შემიყვანა, დამამშვიდა, მერე მანქანით მომიყვანეს სახლში. მერე აღარ მივსულვარ,“ – დაასრულა მაყვალა მჟავანაძემ.

მეეზოვე ცოლ-ქმრის შვილი, რომელსაც  სკოლაში არასდროს უვლია  

მეეზოვე ცოლ-ქმარს ოთხი შვილი ჰყავს – 3 გოგო და 1 ბიჭი. მათივე თქმით, ორ შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

„მარტო მაიკო მუშაობს, სამკერვალო ფაბრიკაშია დასაქმებული, ბობოყვათში. გოგოებს თავიანთი ოჯახები აქვთ. არ ვდარდობთ, ხანდახან საჭმელს აქეთ გვიგზავნიან, როცა კი რამე აქვთ,“ – ისევ ჩაერთო საუბარში მურმანი.

„ეს არის ჩემი გოგო, რომელიც სკოლაში არასდროს წასულა,“ – ოთახში შემოსულ ახალგაზრდა ქალს გვაცნობს მაყვალა მჟავანაძე. ფეხმძიმე ქალს პატარა ბავშვი ახლავს და ქმარი – სერგო ტოპოლია.

„მე არ მახსოვს, მაგრამ მამა მეუბნება, რომ სკოლაში მიმიყვანა… ორჯერ, თუ არა, სამჯერ… თურმე, იქ მცემეს. მე წერა და კითხვა არ ვიცი,“ – პაუზებით და დაძაბული ხმით გვითხრა ხათუნა ზოიძემ. სერგომ კი აღნიშნა, რომ ისიც მეეზოვეა და 700 ლარი აქვს ხელფასი, რადგან ორ ცვლაში მუშაობს.

„დილით ვიმუშავე და სამ საათზე ისევ გავალ სამუშაოდ,“ – დასძინა სერგომ.

მაყვალა მჟავანაძის თქმით, როცა ხათუნა და ავთო პატარები იყვნენ, ექიმებმა უთხრეს, რომ დაკვირვება იყო საჭირო, შემდეგ კი, ექიმებთან მისვლა ვეღარ მოახერხა.

„ქობულეთში, სოფელ ხალაში ვცხოვრობდით, მაგრამ აღარ იყო იქაც ადგილი, სულ სამი ოთახი იყო იმ სახლშიც, ამიტომ წამოვედით… მურმანი ხან მშენებლობებზე მუშაობდა, ხან ბაზარში ქაფშიას ჰყიდდა, მერე ბავშვები წამოიზარდნენ და მე მეეზოვედ დავიწყე მუშაობა. მურმანიც მეეზოვედ მუშაობდა წელიწადი და 7 თვე, ვიდრე ეს ავარია მოხდებოდა,“ – გვიყვება მაყვალა მჟავანაძე.

ბინის ქირა ხუთი თვეა არ გადამიხდია – პანდემიისგან კიდევ უფრო გაღარიბება   

რამდენად შეიცვალა ცხოვრება პანდემიის შემდეგ? – ვეკითხები მეეზოვე ცოლ-ქმარს.

„ჩვენთვის რამე არ იცვლება“ – უცებ მპასუხობს მაყვალა მჟავანაძე, ფიქრობს და დუმილის შემდეგ განაგრძობს:

„ამ პანდემიას, გაძვირდა ყველაფერი, საკვები გაძვირდა, მედიკამენტები, ხელფასები იგივე დარჩა, ცხორება გაძვირდა… სხვა რა გითხრათ,“ – გვითხრა მეეზოვე ქალმა.

მაყვალა მჟავანაძის თქმით, პანდემიის დროს განსაკუთრებით გაუჭირდა ბინის ქირის გადახდა და  კომუნალური გადასახადების გასტუმრება.

„ქირას თუ ვერა, კომუნალურები იქნებ მაინც გადაიხადოთო, ასე თქვა ბოლოს დიასახლისმა,“ – ამბობს ის. ჩვენ უკვე სახლის შესასვლელთან ვსაუბრობთ, მეეზოვეს აქ ყვავილები მოუშენებია.

„ამას წინათ, მოვედი სახლში და წყალია გადაჭრილი…,“ – განაგრძობს მეეზოვე ქალი, -„დავალიანება გაქვთ 120 ლარიო, მითხრეს. ამდენი რა დავხარჯე? როგორ? დავრეკე პირდაპირ პოლიციაში და ჩაართვევინეს წყალი, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება. არავის ჩამოუწერია დავალიანება. ბინის ქირა კი, თვეში 300 ლარია გადასახდელია, უკვე მეხუთე თვეა არ გადამიხდია,“ – ამბობს მაყვალა მჟავანაძე და სანდასუფთავების მწვანე ურნებთან ჩერდება, რომელსაც ყოველ დილით მიაგორებს თავის ქუჩებზე.

„მე ბესიკიდან ჩავდივარ ასე ჩოლოყაშვილამდე… ორი ცალია, რადგან ერთი ჩემი ქმრისაა, ისიც ხომ მეეზოვეა. ვეღარ მუშაობს, მაგრამ მაინც აქაა, არ წაუღიათ,“ – გაღიმებას ცდილობს დამშვიდობების წინ მეეზოვე.

მაყვალა მჟავანაძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: