მთავარი,სიახლეები

ბულვარის განაშენიანების გეგმას ბათუმის საკრებულო ჯერ არ გაცნობია

05.06.2021 • 1169
ბულვარის განაშენიანების გეგმას ბათუმის საკრებულო ჯერ არ გაცნობია

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა რამდენიმე დღეში ბულვარის ადმინისტრაციამ ოფიციალურად უნდა ჩაიბაროს ან დაუბრუნოს  გეგმის ავტორს, კომპანია „ბაუ დიზაინს“ ინსპექტირების ჯგუფის შენიშვნებით.

შენიშვნების დოკუმენტში ასახვის შემდეგ ბულვარის განაშენიანების გეგმას ბულვარის მესაკუთრე, ბათუმის საკრებულო დაამტკიცებს.

თუმცა ბათუმის საკრებულოს წევრების უმრავლესობა დოკუმენტს ჯერ არ გასცნობია. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოში ჯერ დოკუმენტი არ გადაუგზავნიათ, რომ დეტალურად შეესწავლათ და საკუთარი შენიშვნებიც მიეწოდებინათ ბულვარის ადმინისტრაციისთვის.

როგორ შეიძლება აისახოს საკრებულოს წევრების შენიშვნები დოკუმენტში, როცა ის ბულვარის ადმინისტრაციას უკვე ოფიციალურად ჩაბარდება? ვინ გაითვალისწინებს შენიშვნებს?

„რას ქვია არ გაითვალისწინებენ. მაშინ არ დავამტკიცებთ“ – ასეთია ბათუმის საკრებულოს წევრის, ფინანსთა და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ნაკაიძის პასუხი ამ კითხვაზე.

დოკუმენტი არც საკრებულოს წევრებს გამოუთხოვიათ.

„არ მოუწოდებიათ ჩემთვის ჯერ. როგორც ვიცი, მხოლოდ ის გაეცნო, ვინც ინსპექტირების ჯგუფის წევრია“ – გვითხრა ზურაბ ნაკაიძემ.

ალბათ თითზე ჩამოსათვლელი იქნება საკითხები, რომლებსაც „ოცნების“ წევრმა ზურაბ ნაკაიძემ 2017 წლიდან დღემდე საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა, თუმცა ახლა ის ამბობს, რომ თუ დოკუმენტი არ მოეწონება, მას მხარს არ დაუჭერს.

საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ მისი და მისი კოლეგების შენიშვნები უნდა გაითვალისწინონ და დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ:

„საკრებულოს თუ არ მოეწონა და არ დასთანხმდა, აბა რას იზამენ, შეიტანენ ცვლილებებს. თუ არ შეიტანენ, თავიდან გამოყონ მაშინ თანხა და თავიდან შეადგინონ დოკუმენტი. რას მამტკიცებინებენ მაშინ, რატომ უნდა დავამტკიცო თუ ჩემი აზრი არ აინტერესებთ“ .

მოგვიანებით ზურაბ ნაკაიძემ გვითხრა ისიც, რომ ბულვარის განაშენიანების კი გენგეგმა აქვს, მაგრამ შენიშვნებზე ვერაფერს გვეტყვის, რადგან დოკუმენტი „ლევად აქვს მოპოვებული.“

ბათუმის ბულვარის გენგეგმას არც საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძე გასცნობია: „ამის საშუალება ჯერ არ მომცემია“- გვითხრა მან.

ბულვარის ინსპექტირების ჯგუფში საკრებულოს ერთი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე  შედის. მისი თქმით საკრებულოს წევრებს ბულვარის გენგეგმასთან დაკავშირებული შიდა შეხვედრა ჰქონდათ და ერთმანეთს მოსაზრებებიც გაუზიარეს.

„ვინც იყო იქ ფიზიკურად, დაინტერესდა, რომ ერთად გვემუშავა ამ დოკუმენტზე და ბუნებრივია, ჩვენ მოსაზრებები შევაჯერეთ. თუმცა ამის შემდეგ კიდევ შემოვა [ბულვარის გენგეგმა] და განვიხილავთ“ – გვითხრა ნატალია ზოიძემ.

ბულვარის განაშენიანების გეგმაზე წვდომა არც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ფრაქციას და საკრებულოს დამოუკიდებელ წევრებს ჰქონიათ.

როგორ მოხდება საკრებულოს წევრების მოსაზრებების გათვალისწინება დოკუმენტში, ამაზე კითხვები საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარესაც აქვს.

„მეც ამას ვამბობ, რომ საკითხი თითქოს საჯაროა, ჩატარდა ფორმალური შეხვედრები, იყო შეხვედრა რედისონში და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ მისი განხილვის საშუალება არ მოგვცემია, ამ პროცედურების გავლის შემდეგ ჩვენს შენიშვნებს არავინ არ გაითვალისწინებს, უმრავლესობა იტყვის ჩვენ ასეთი მოგვწონსო და აწევს ხელს“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე.

როგორ შეიძლება აისახოს საკრებულოს წევრების შენიშვნები დოკუმენტში, როცა ის ბულვარის ადმინისტრაციას უკვე ოფიციალურად ჩაბარდება, ამ კითხვაზე პასუხი ვერც ბულვარის ადმინისტრაციაში მივიღეთ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ დოკუმენტი და შემდეგ საკრებულო როგორ მოიქცევა, მათ რა მექანიზმები აქვთ ჩარევის და ასე შემდეგ, ამაზე  ვერ გაგცემთ პასუხს. უმჯობესი იქნება თუ საკრებულოს ჰკითხავთ“ – გვითხრა ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, სოფიო გუჯაბიძემ.

ამავე თემაზე: 

ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს – კიდევ რა წერია გენგეგმაში, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: