მთავარი,სიახლეები

მწვანე კონცხის ჩაბეტონება დაწყებულია – სასტუმროები გამწვანებისა და სახლების ნაცვლად

17.05.2021 • 2843
მწვანე კონცხის ჩაბეტონება დაწყებულია – სასტუმროები გამწვანებისა და სახლების ნაცვლად

მწვანე კონცხზე, შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ მშენებარე პროექტთან ახლოს, ხუთსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ. შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ  მწვანე კონცხზე – იქ, სადაც ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო, ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო კომპლექს „პანორამა ბათუმს“ აშენებს.

კომპლექსი შენდება მომაღლო ადგილზე, საიდანაც დიდი, მწვანე  სივრცე და ზღვის ფართო ჰორიზონტი იშლება. მოქალაქე მზევინარ ბოლქვაძე მშენებლობის ნებართვას სწორედ ამ პროექტის ქვედა ნაწილში ითხოვს.

 

წითლად შემოხაზულია ტერიტორია, სადაც მოქალაქე ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობის უფლებას ითხოვს, ამ ნაკვეთის ზემოთ კი შპს „ბიზნეს  დეველოპმენტის“ ჯერ კიდევ მშენებარე პროექტის კარკასი მოჩანს.

 

ამ ფოტომონტაჟის მიხედვით, ახალი პროექტი შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ შენობიდან თითქოს არ უნდა გამოჩნდეს, თუმცა რეალურად რამდენად შეუცვლის ის ხედს უკვე მიმდინარე პროექტს [შენობას], ჯერ კიდევ რთული აღსაქმელია. ფოტომონტაჟი და რეალობა ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა – პროექტის მიხედვით შენობის სიმაღლე 15 მეტრი იქნება.

ტერიტორია, სადაც მოქალაქე მზევინარ ბოლქვაძე ორსართულიანი სახლის დანგრევის სანაცვლოდ 5-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს, მწვანე სივრცეა. დოკუმენტების მიხედვით, რაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარუდგინეს, სამშენებლო ტერიტორიაზე ერთი სახლია, მესაკუთრე ამ სახლის დემონტაჟს გეგმავს.

 

სამშენებლო ნაკვეთიდან 130 მეტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ბარიატინსკის ყოფილი აგარაკი მდებარეობს, სწორედ ამიტომაც განიხილავს პროექტს სააგენტოს ზონალური საბჭო. ძეგლიდან 15 მეტრის რადიუსში მშენებლობას კანონი არ უშვებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.

ზონალურმა საბჭომ ეს პროექტი 6 აპრილს განიხილა და განმცხადებლისგან პროექტის გაბარიტების დაზუსტება მოითხოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: