მთავარი,სიახლეები

სიღარიბე და სიძულვილი – როგორ ცხოვრობენ ლგბტქ ადამიანები საქართველოში

17.05.2021 • 2212
სიღარიბე და სიძულვილი – როგორ ცხოვრობენ ლგბტქ ადამიანები საქართველოში

„სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ“ – ასე მოუწოდებდნენ ძირითადად ლგბტქ ადამიანებს  მათ მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები. ეს იყო პანდემიამდე. პანდემიის დროს ყველას მოუწია სახლში გამოკეტვა და იმის ატანა, რასაც ლგბტქ ადამიანებს სთხოვდნენ. ლგბტქ თემის საჭიროებები და სახელმწიფოს მხრიდან ამ საჭიროებების ვერ დანახვა, ყველაზე მწვავედ სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გამოჩნდა, როცა ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი თემის წევრები ერთმანეთისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მცირედი დახმარების ანაბარა დარჩნენ.

პანდემია და სახელმწიფოსთვის უხილავი ადამიანები

ყველაზე მეტად გაუჭირდათ ტრანსგენდერ ქალებს, რომელთა უმეტესობაც ქირით ცხოვრობს და თავს სექსსამუშაოთი ირჩენს. 31 წლის სალომე ერთ-ერთი მათგანია. ის ამბობს, რომ სახელმწიფო მათ ვერასოდეს ამჩნევს: “სახელმწიფო ჩვენს არსებობას და ჩვენს საჭიროებებს ვერ ხედავს იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს. რაიმე რომ მოვითხოვოთ, ისეთი ირონიით და საზიზღარი ტონით მოგმართავენ, მეორედ მიმართვის სურვილი არ გაგიჩნდება”.

“ახლაც პანდემიაა, იგივე ჩაკეტილობა, იგივე პრობლემებია, რაც იყო თავიდან. გაჭირვებით ვართ ისევ თითოეული ტრანსგენდერი ქალი. გვიჭირს ქირის გადახდა, გვიჭირს კომუნალურების დაფარვა და თავის რჩენაც. ზოგჯერ ბინის მეპატრონეებმა გვადროვეს, ზოგჯერ არასამთავრობოები დაგვეხმარნენ, თუმცა დღეს ყველას დიდი პრობლემა გვაქვს ამ მხრივ. სახელმწიფო არ დაგვხმარებია. თემის წევრებმა გავიტანეთ და გაგვყავს დღემდე ერთმანეთი, როცა ხედავ ადამიანს უჭირს, ვერ გაიმეტებ იმისთვის, რომ ქუჩაში დატოვო, ის ერთი ლუკმა შეიძლება გავიყოთ და ერთ საწოლში ორმა და სამმა დავიძინოთ, რადგან ასეთი გაჭირვებაა და გაუსაძლისობა გვაქვს. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ თემი”, – ამბობს სალომე.

პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ტრანსგენდერი თემის საჭიროებების უგულებელყოფაზე “ბათუმელები” მარტშიც წერდა – “რა საფრთხეების წინაშე დგას ტრანსგენდერი თემი COVID-19-ის პანდემიისას”.

კიდევ ერთი ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალი, 23 წლის ეკა ოსოვსკა ამბობს, რომ გარდა სიძულვილისგან დაუცველობისა, სახელმწიფო მას ვერც სოციალურად იცავს, თუნდაც ისეთი საგანგებო მდგომარეობისას, როცა საყოველთაოდ პანდემიაა გამოცხადებული:

“პანდემია რომ დაიწყო, ვერც სექსსამუშაოს ვასრულებდი (რომელიც ასევე არალეგალურია) და საერთოდ ისე  დავრჩი, ამ წამსაც კი ბინის ქირას ვერ ვიხდი. დახმარება სათემო ორგანიზაციებმა და სოცმუშაკებმა გაგვიწიეს, ხალხისგანაც მოაგროვეს თანხა და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის, მაგრამ სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია. ტრანსგენდერმა ქალმა სახელმწიფოსგან ვერანაირი დახმარება და შველა რომ ვერ მიიღო, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვაც სცადა, ყველამ ეს უნდა გააკეთოს?

ეკა ვასოვსკა

სახელმწიფო საერთოდ არ ფიქრობს ტრანსგენდერ თემზე და, ზოგადად, ლგბტქ ადამიანებზე. ვფიქრობ, რომ მე, როგორც ტრანსგენდერი ქალი, საერთოდ არ ვჩანვარ, როგორც ქვეყნის მოქალაქე. სახელმწიფო უნდა მიხვდეს, რომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენც ვარსებობთ და ჩვენც იგივენაირი ადამიანები ვართ, როგორც სხვები და პანდემიამ ჩვენც ისევე ძალიან გაგვიჭირვა, როგორც სხვებს”, – ამბობს ის. – “ერთი ტრანსგენდერი მოკლეს და მკვლელს მხოლოდ რამდენიმე წელი მისცეს, ისიც ქონების დაზიანებაზე (დაწვაზე). ხალხსაც აქვს განცდა, რომ ტრანსგენდერს რომ კლავ, ცხოველის მოკვლასავითაა, არ ისჯება სათანადოდ ეს დანაშაული. ტრანსგენდერს არანაირი კანონი არ იცავს, პოლიციას გამოიძახებ დამცინავად გიყურებენ… არანაირი რეაგირება არ მოჰყვება”.

ეკა ჰყვება, რომ სექსსამუშაოში 16 წლის ასაკიდან ჩაერთო, სახლიდან წამოსულს და ქუჩაში მარტოდმარტო დარჩენილს თავი რომ გაეტანა. “9 კლასი დავამთავრე, სკოლაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ხო, რახან ეს ცხოვრება (ქალობა) ავირჩიე, ასე ვერც უნივერსიტეტში გავაგრძელებდი სწავლას, რადგან იქ შეიძლება ვიღაცამ რაღაც მესროლოს აგრესიით და დამამციროს… სტილისტის სერტიფიკატი მაქვს, მიმუშავია ბევრგან თუნდაც როგორც გეი, მეტყობა ისეც, რომ ორიენტაციით განსხვავებული ვარ და სხვა დამოკიდებულებით გიყურებენ, იძულებულს გხდიან, რომ დაანებო თავი სამუშაოს.

ბევრჯერ ვცადე სხვა სამუშაოს დაწყება, თუნდაც მეეზოვედ, განაცხადებიც დავტოვე… თუნდაც უმაკიაჟოდ, თმასაც ავიწევ… მაგრამ უშედეგოდ”.

ეკა: „ძალიან პატარა ვიყავი, როცა ავირჩიე, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, ყველაფერზე უარი ვთქვი იმისთვის, რომ ის ვყოფილიყავი, ვინც მე მინდოდა და როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს არჩევანი, რომ ვიყო ქალი. არ შემიძლია შინაგანად, ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. ის კი არ არის, რომ საერთოდ არ შემიძლია, შემიძლია სხვაგვარად ჩაცმა, მაგრამ რატომ? მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მეც ადამიანი ვარ, ჩემი უფლებები მაქვს და მაქვს უფლება, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. ენით გადმოსაცემადაც ძალიან ძნელია, როგორ უნდა ვიყო ის, ვინც არ ვარ”.

17 მაისი – მცდარი ბრძოლის ველი

2013 წლის 17 მაისის შემდეგ, როცა რადიკალურ ძალებს საშუალება მიეცათ თავს დასხმოდნენ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციაზე გამოსულ ადამიანებს, ყველა მომდევნო 17 მაისი იარების გახსნის, სივრცისთვის ჭიდილის  თარიღად გადაიქცა. ამის ყველაზე ცხადი მაგალითია “ოჯახის სიწმინდის დღე”, რომელიც საპატრიარქომ წელიწადის 365 დღიდან მაინც და მაინც 17 მაისს დაადგინა. 

სათემო ორგანიზაცია „იდენტობა იუსის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი, აქტივისტი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ 17 მაისი დღეს ნამდვილად აღარ არის ლგბტ ადამიანების მძიმე ყოფის გაცნობირების და მის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული დღე. უფრო პირიქით, მაისი თემის წევრებისთვის შიშის, საფრთხეების, დაძაბულობის მატების თვეა. “ულტრაკონსერვატორული, მოფაშისტო რელიგიური დაჯგუფებებისა და პოპულისტი პოლიტიკური პარტიებისთვის მაისის თვე და 17 მაისი სიძულვილის ნთხევის და ამით თვითაქტუალიზაციის პერიოდია. ამაში ლომის წილი მიუძღვის სახელმწიფოს, რომელმაც არც ერთ წელს არ აღასრულა საქართველოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები და არ უზრუნველყო ლგბტ ადამიანებს ერთხელ მაინც თავისუფლად ესარგებლათ შეკრებისა და მანიფესტაციის გარანტირებული უფლებებით, არამედ თავად უწყობდა ხელს ჩვენ მიმართ სიძულვილის გაღვივებას, სექსუალობასთან და გენდერულ როლებთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების შენარჩუნებას.

პოლიტიკურმა პარტიებმა ლგბტ ადამიანების ბედით პარტიული მიზნებისთვის იმანიპულირეს. წამყვანმა პარტიებმა უფრო ეროვნულად და ხალხის საჭიროებებზე მზრუნველად თავის მოსაჩვენებლად ლგბტ ჯგუფი დასახეს ხალხის და ეროვნული ინტერესების მტრად, ელიტებმა პროგრესულად თავის მოსაჩვენებლად გამოიყენეს ლგბტ უფლებები. განუზომელია ეკლესიის დანაშაულიც, რომელიც მრევლს მუდმივად მტრად უსახავს ლგბტ ადამიანებს და მათ წინააღმდეგ გეშავს”.

მარიამ ქაჯაია: სამწუხაროდ, ლგბტ ორგანიზაციებმაც დაუშვეს შეცდომები ყოველივე ზემოთ ხსენებულთან ერთად და შედეგად 17 მაისი, როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, საჯარო სივრცეში ფიზიკური ადგილის დაკავებისთვის ბრძოლის დღედ იქცა. სრულიად გამოეცალა თემს შესაძლებლობა იმაზე ესაუბრა, თუ რატომ სჭირდებოდა მას ქუჩის დაკავება. ლგბტ და ქვიარ ადამიანებს ბევრი რამ აქვთ სათქმელი ჩაგვრაზე: სიღარიბეზე, გარიყულობაზე, მძიმე სამუშაო პირობებზე, ჯანდაცვის სერვისებისა და ხარისხიან განათლების არახელმისაწვდომობაზე, მარტოობასა და უსახლკარობაზე. თავისთავად საჯარო შეკრება და მანიფესტაცია მძიმე სოციალურ მდგომარეობას ვერაფრით ამსუბუქებს.

“იდენტობა იუსის” ქუთაისის სათემო ცენტრის თანამშრომელი სოფო ბასილაძე ამბობს, რომ სიღარიბე და ბაზისურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა დღეს ქვიარ თემისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

„ის უმძიმესი პრობლემები, რასაც ქვიარ ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან, საყოველთაო პრობლემებია და გამოწვეულია სახელმწიფოს ანტისოციალური პოლიტიკითა და ეკონომიკური კურსით, რომელიც სამი ათწლეულია ადამიანებს სწირავს სიღატაკისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის მხრიდან ქვიარ თემის ინსტრუმენტალიზება კი, ხელს უშლის სახალხო პროტესტის კონსოლიდირებას. მუდმივად გვყოფენ და ხელოვნურად გვაპირისპირებენ ერთმანეთს, რათა ვერ შევძლოთ უსამართლობის იმ განზომილებების გაცნობიერება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის არსებულ წესრიგს“.

_____

სახელმწიფოს მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის მასშტაბი დღემდე მაღალია. UNFPA-ს მიერ 2020 წელს ჩატარებული რაოდენობრივი კვლევა ცხადყოფს საქართველოში ქალებსა და განსაკუთრებით კაცებს შორის ჰომოფობიური დამოკიდებულებების სიმძაფრეს. გამოკითხული ქალების 54% და კაცების 81% ამბობს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი. კიდევ უფრო მეტს (კაცების 83% და ქალების 64%) სჯერა, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება და რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა (კაცების 83% და ქალების 74%).

ცხადია, ლგბტქ ადამიანები საქართველოში მხოლოდ ჰომოფობიის ანუ მხოლოდ კულტურული ჩაგვრის ობიექტები არ არიან. თემის წევრები, პირველ რიგში, იმავე გამოწვევების წინაშე დგანან, რის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი – სიღარიბე, ჯანდაცვასა და განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა, ცხადია, ამ ყველაფრის პარალელურად ჰომოფობია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC-ს) მირე “ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევაში” წერია, რომ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი ლგბტქ ჯგუფის იდენტობის აღიარებისა და ხილვადობისკენ ნაბიჯებს ფორმალური და ილოზორული ფორმებით დგამს და არ ისწრაფვის ჩაგვრის შედეგების აღმოფხვრისაკენ, “რასაც საფუძლად უდევს ამ ჯგუფის მხოლოდ კულტურული ჩაგვრის ობიექტებად დანახვა, რომელთა პრობლემებს „ტოლერანტობის მშენებლობა“ თუ სამართლებრივი „აღიარება“ მოაგვარებს”.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: მხოლოდ კულტურულ ჩაგვრაზე კონცენტრირების დისკურსის ტენდენციაა, იდენტობა წმინდად კულტურულ პირობებში მოათავსოს და გააუფერულოს გეოგრაფიული წარმოშობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კლასისა და გენდერის სხვადასხვა ფუნქცია ლგბტქ ჯგუფის სოციალურ ექსკლუზიაში – “ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევა საქართველოში”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: