მთავარი,სიახლეები

თუთუნისგან 35 ათას ლარს ველოდებით – ახალგაზრდა წყვილი ქედიდან

13.05.2021 • 8330
თუთუნისგან 35 ათას ლარს ველოდებით – ახალგაზრდა წყვილი ქედიდან

სათბურებში დათესილი თამბაქო უკვე ამოვიდა. ამ მწვანე ნერგების ნაწილს ბერიძეების ოჯახი აქვე, ნაკვეთში გადარგავს, ნაწილს კი გაყიდის.

თამბაქოს მეურნეობა აჭარის სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაძვირდა და მწეველთა უმეტესობა თამბაქოს მიეტანა, მისი ფასიც გაიზარდა. ფასზე იმოქმედა პანდემიამაც. საუკეთესო ხარისხის კილოგრამ თამბაქოს გადამყიდველები 70, 80, 85 და 90 ლარადაც იბარებენ.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აბუქეთაში მცხოვრები რამაზ ბერიძე ამბობს, რომ 4 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული თამბაქოსგან შარშან 20, 25 ათასი ლარი გამოიმუშავა. წლევანდელი მოსავლისგან ის უფრო მეტს ელის.

ხათუნა ბერიძე, მეთამბაქოე ქედიდან.

რამაზ ბერიძე, მეთამბაქოე ქედიდან

წონიარისის თემის სოფელი აბუქეთა დაბა ქედიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ახალგაზრდა წყვილი – 39 წლის ხათუნა და რამაზ ბერიძეები ცენტრალურ გზასთან ახლოს ცხოვრობენ. მათი სახლი მდინარე აჭარისწყალს გადაჰყურებს. მართალია, ოჯახს მცირე სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს, სულ 5000 კვადრატული მეტრი, მაგრამ რაც ერთ ოჯახს სჭირდება, ყველაფერი მოჰყავთ. მათ შორის ლობიო, მწვანილი, კიტრი, პომიდორი და სხვა ბაღჩეული.

ადგილი, სადაც თამბაქო აქვთ დარგული ბერიძეებს, დამრეცია, გაგიკვირდებათ კიდეც, რომ აქ ვინმეს ფეხის მოკიდება შეუძლია, არამცთუ რამის დარგვა ან მიწის დამუშავება. თუმცა ხათუნა გვეუბნება, რომ ასეთ ფერდობზე მუშაობას უბრალოდ მიჩვევა სჭირდება:

„მე მარტო ვერაფერს შევძლებ, დიდი შრომა სჭირდება თამბაქოს: სათბურების გაკეთება, სადაც მერე ნედლ ფოთლებს გააშრობ, მერე უნდა დაჭრა, მოხალო, გაყიდო, იქამდე მიწა მუშავდება, საჭიროა დახვნა, ნაკვეთის გასუფთავება, დასარგავი ადგილების დახაზვა მწკრივზე.

ვინაწილებთ საქმეს მე და ჩემი ქმარი. მეხმარება მიწის დამუშავებაში. აქვს საკუთარი საჭრელი დაზგა და არამარტო ჩვენს თამბაქოს, სხვის თამბაქოსაც ჭრის. ამაშიც ფულს უხდიან, ყველას არ აქვს დაზგა. დატვირთული გრაფიკი აქვს ჩემს ქმარს, ავტოსახელოსნოშიც მუშაობს. რა დროც რჩება, თამბაქოს ახმარს“, – ამბობს ხათუნა ბერიძე.

თამბაქოს სანერგე

მისივე თქმით, წონიარისში თამბაქოს მოყვანა იმ ოჯახებმაც დაიწყეს, რომლებსაც აქამდე ეს კულტურა არ მოჰყავდათ,  მიზეზი ბაზარზე თამბაქოს დიდი მოთხოვნა და მაღალი, მზარდი ფასია.

წონიარისის ახლომახლო, როგორც ბერიძეები გვეუბნებიან, არაერთი ნაკვეთია, რომელთაც წლობით არ ამუშავებდნენ. პატრონები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობდნენ კორონავირუსის აფეთქებამდე, პანდემიაში სოფელში დაბრუნდნენ, დაამუშავეს ნასვენები მიწა და თამბაქო დათესეს.

თუ კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკა შეაფერხა და გააუარესა ადამიანთა უმრავლესობის ფინანსური მდგომარეობა, წონიარისში პირიქით: თამბაქოს ფასის გაძვირებამ გლეხებს მეტი შემოსავალი მოუტანა. ხათუნა ამბობს, რომ ეუხერხულება კიდეც ამაზე აქცენტის გაკეთება, როცა მთელ ქვეყანაში ეკონომიკური ფონი დამძიმებულია, მაგრამ მათი რეალობა არის ის, რომ მეთამბაქოეების შემოსავალი პანდემიის პირობებში გაიზარდა.

წონიარისში, ისევე როგორც ქედის სხვა სოფლებში, ძირითადად ჩხავერის ჯიშის ვენახი აქვთ. რამაზ ბერიძე ამბობს, რომ ყურძენს ქედის ღვინის სახლს აბარებს ყოველ შემოდგომაზე და ოჯახისთვის ესეც შემოსავლის წყაროა, არა ისეთი, როგორიც თამბაქო, მაგრამ მაინც.

სოფელი წონიარისი

რამაზ ბერიძე ამბობს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ საკუთარ თამბაქოს ეწევა და სიგარეტი არასდროს მოუწევია. ზუსტად არ იცის რა ჯიშისაა თამბაქო, რაც ყოველწლიურად მოჰყავს, მაგრამ აჭარაში ძირითადად ორი ჯიშის თამბაქოა გავრცელებული: ტრაბზონის და სამსუნის ჯიშები.

ბერიძეების ოჯახი პანდემიის შემდეგ ტურისტების მიმოსვლის გახშირებასაც ელის. სახლი ისე გაარემონტეს, რომ ზაფხულობით სავარაუდო ტურისტებისთვისაც გათვალეს.

ბოლო ტურისტები აპრილში ჰყავდათ ისრაელიდან სულ რაღაც 2 დღით.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მძიმე შრომა უწევს ცოლ-ქმარს, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ არასდროს დატოვებს აქაურობას. ამბობს ასევე, რომ მისი შრომა თავისუფალია, არ არის ანგარიშვალდებული არავისთან და კარგადაც გამოიმუშავებს.

ბერიძეების თამბაქოს სანერგე მეურნეობა სოფელ წონიარისში

„მარტივი არ არის. განსაკუთრებით იმ დროს, როცა გამხმარი თუთუნი უნდა დაალბო. მერე წვიმაში სათითაოდ უნდა გაფინო ფოთლები, მერე უნდა გააშრო და ა.შ. მაგრამ თავისუფალი ვარ, როცა მინდა მაშინ ვიმუშავებ ჩემს ნაკვეთზე, თუ დილით დასვენება მირჩევნია და საღამოს, ჩრდილში მინდა ვიშრომო, ასეც ვიზამ. როდის რა ვქნა და რა გავაკეთო მთლიანად ჩემი გადასაწყვეტია. საკუთარ ჯანმრთელობასაც ვუფრთხილდები და არც საქმეს ვაფუჭებ.

შრომა, რაც თამბაქოს სჭირდება, ნამდვილად ღირს. მე და ჩემი ქმარი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შვილებმა შეძლონ სწავლა, იცხოვრონ ისე, როგორც მოესურვებათ და სადაც მოესურვებათ, მაგრამ მე და ჩემი ქმარი სულ აქ ვიქნებით. გვიყვარს აქაურობა, აქ ვგრძნობთ, რომ ჩვენი სამყოფელია. თან ეს სახლი ისეთი ნაშრომია, ჩემი ქმრის მშობლების აშენებული. რემონტი ძლივს გავაკეთეთ და ხომ წარმოგიდგენიათ აშენება რა იქნებოდა?“ – ამბობს ხათუნა.

გადაბეჭდვის წესი