ბათუმი,მთავარი,სიახლეები

შემოვლითი გზის მშენებლობა ბათუმში დეკემბრის ბოლომდე დასრულდება – დეპარტამენტი

10.05.2021 • 3474
შემოვლითი გზის მშენებლობა ბათუმში დეკემბრის ბოლომდე დასრულდება – დეპარტამენტი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2021 წლის დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან დღეს, 10 მაისს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა. გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ინფორმაციით, მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. 

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 64 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734  ლარია. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.

 

პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57  წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან], განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე].

ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან ბათუმის შემოვლითი გზა უნდა გაგრძელდეს სარფამდე [თურქეთის საზღვრამდე], რისთვისაც იგეგმება ახალი ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე, ასევე დაგეგმილია გვირაბების მშენებლობაც.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ „ბათუმელების“ სტატიაში:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/338217/

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: