მთავარი,სიახლეები

სამმა მეგობარმა ბულვარში იშვიათი სახეობის ბუ იპოვა – „ხიდის ქვეშ ეგდო, ვერ დადიოდა“

26.04.2021 • 3159
სამმა მეგობარმა ბულვარში იშვიათი სახეობის ბუ იპოვა – „ხიდის ქვეშ ეგდო, ვერ დადიოდა“

მეექვსეკლასელმა ბავშვებმა – სერგი მანველიძემ, საბა მახარაძემ და ნიკა გობაძემ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სეირნობისას, ხიდის ქვეშ, ზღვასთან ახლოს იშვიათი სახეობის ბუ შენიშნეს.

„ხიდის ქვეშ ეგდო, თავიდან გვეგონა, რომ ფრთები ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. შეგვეცოდა, რადგან ზღვასთან ახლოს იყო, შესაძლოა დაღუპულიყო, ამიტომ, წამოვიყვანეთ“, – ამბობს სერგი მანველიძე „ბათუმელებთან“.

მეგობრებმა პატარა ბუ ბათუმში დაახლოებით 5 ვეტერინართან მიიყვანეს, თუმცა არც ერთმა მათგანმა ბუს მკურნალობა საკუთარ თავზე არ აიღო.

„ბოლოს გვითხრეს, რომ ცენტრალურ პარკში, ზოოკუთხეში წაგვეყვანა, თუმცა იქაც უარი გვითხრეს მკურნალობაზე. მერე ერთმა ადამიანმა გვირჩია ორგანიზაცია, რომელიც გარეულ, დაზიანებულ ფრინველებზე ზრუნავს და მათ გადაიყვანეს სამკურნალოდ“, – გვეუბნება სერგი.

დაზიანებული ბუ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალმა“ ფოთში ბაზიერებთან გადაიყვანა.

ზღვასთან ახლოს, ხიდის ქვეშ ნაპოვნი ბუ ბავშვებმა გარემოს დამცველ ორგანიზაციას გადასცეს

ორგანიზაციის წარმომადგენელი გიზო სესკურია ამბობს, რომ ბუ ახლაც ვერ დგება ფეხზე. „ჭრილობები არ აღენიშნება, მაგრამ ფეხზე დადგომა არ შეუძლია. ბაზიერებმა, რომლებიც ვეტერინარები არიან, გვითხრეს, რომ შესაძლებელია ნაწლავებში ჰქონდეს პრობლემა ან შესაძლოა ვინმეს სახლში ჰყავდა, ამიტომ ფეხები ჰქონდეს ამის გამო დაჭიმული“, – ამბობს გიზო სესკურია.

სესკურიას თქმით,  ბაზიერები ბუს რამდენიმე დღეს დააკვირდებიან და „თუ 28 აპრილამდე წინსვლა არ იქნება, თბილისის ზოოპარკში გადავიყვანთ, სადაც აქტიური ჩარევები იქნება საჭირო“.

ბათუმში, ბავშვების მიერ ზღვის ნაპირას ნაპოვნი ყურებიანი ბუ იშვიათ სახეობას განეკუთვნება.

„ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“ გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონსერვაციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მეოთხე წელია საქართველოში ფრინველების კონსერვაციის განხრით მუშაობს. ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში თბილისის ახალ ზოოპარკში მტაცებელი ფრინველების რეაბილიტაციის ცენტრი შენდება, რომლის მშენებლობაც ზაფხულში უნდა დასრულდეს.

„ამ ცენტრში გადავიყვანთ ხოლმე დაზიანებულ ფრინველებს და მკურნალობის შემდეგ ბუნებაში დავაბრუნებთ. თუმცა ზოოპარკთან ახლაც ვთანამშრომლობთ და მსგავსი შემთხვევების დროს დაზიანებული ფრინველები სამკურნალოდ გადაგვყავს“.

გიზო სესკურიას თქმით, მტაცებელი ფრინველების სახლის პირობებში ყოლა კანონით აკრძალულია. რაც შეეხება ბუს, რომელიც ბავშვებმა იპოვეს, ყურებიანი ბუს სახეობაა, რომელიც წითელ წიგნში არ არის შეტანილი, თუმცა ერთ-ერთ იშვიათ სახეობას განეკუთვნება და „მისი პოვნა ბუნებაში საკმაოდ რთულია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: