მთავარი,სიახლეები

„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“ – წარწერა ქუჩაზე მოსამართლემ დარღვევად მიიჩნია

26.04.2021 • 2046
„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“ – წარწერა ქუჩაზე მოსამართლემ დარღვევად მიიჩნია

“შემოიტანეთ,” – თქვა თუ არა მოსამართლემ, მანდატურმა წინ დაუდო სტენსილის ესკიზი ანუ ხის დაფაზე ამოტვიფრული ასოები: “არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს”. ამ ფრაზის ქუჩაზე წითელი და მსხვილი ასოებით დაწერის მცდელობის გამო პოლიციელებმა მოქალაქე მზია ქედელიძე 500 ლარით დააჯარიმეს.

“მე არ ჩამიდენია დანაშაული, ეს არ იყო დანაშაული,” – მიმართა მოსამართლეს მზია ქედელიძემ.

“კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან,” – მოსამართლეს გახედა პოლიციელმა დავით ბასილაძემ. მან დააჯარიმა 14 აპრილს მზია ქედელიძე.

სტენსილი მოსამართლის წინ დადო მანდატურმა და გავიდა. მოსამართლემ თვალი გააყოლა წარწერას და მალევე საქმეზე გადავიდა – მხარეების პოზიციებით დაინტერესდა.

მზია ქედელიძე პოლიციელმა დავით ბასილაძემ დააჯარიმა 500 ლარით. მას ადგილზე განუმარტეს, რომ ამის უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე არ ჰქონდა.

პოლიციელების უარის მიუხედავად, მზია ქედელიძემ სიტყვის – “არ” დაწერა მაინც მოახერხა. ის მოძრაობა “ალტერნატივას” აქტივისტია.

14 აპრილს ბათუმელებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის ბულვარის გადასარჩენად. აქციის მონაწილეებმა ბულვარის ცენტრში უკანონოდ 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს.

“არ უნდა დაეჯარიმებიათ, რადგან შენიშვნის მიუხედავად, მან შეწყვიტა წარწერის გაკეთება… მე თქვენ მოგიტანეთ ფოტოები, დღეს როგორ გამოიყურება ეს წარწერა, არც კი ჩანს…”- უთხრა მოსამართლეს საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ. ის სასამართლოში მზია  ქედელიძის ინტერესებს იცავდა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ წარწერის გაკეთების მცდელობა სამართალდარღვევად მიიჩნია და მზია ქედელიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

“რადგან აღიარეთ წარწერის გაკეთება და შეწყვიტეთ, ეს გავითვალისწინეთ… ბოლომდე რომ დაგეწერათ, დაგაჯარიმებდით,” – მიმართა მოსამართლემ მზია ქედელიძეს და ვიდრე დარბაზს დატოვებდა, პოლიციელსაც გამოეხმაურა:

“ვიზიარებ თქვენს პოზიციას, რომ არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს”, – დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

მთავარი ფოტო: აქტივისტი მზია ქედელიძე და პოლიციელი დავით ბასილაძე

____

ამავე თემაზე: პოლიცია მოქალაქეებს ასფალტზე წარწერის გაკეთების უფლებას არ აძლევს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: