მთავარი,სიახლეები

ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს – კიდევ რა წერია გენგეგმაში, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ

22.04.2021 • 7401
ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს – კიდევ რა წერია გენგეგმაში, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ

„გეგმით შეთავაზებულია სანაპირო ზოლში არსებული ყველა მოცულობითი შენობის დემონტაჟი,“ – ეს სიტყვები ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის განმარტებით ბარათში წერია. დოკუმენტი ბოლო წლების მიდგომებს, რასაც აჭარის მთავრობა ამართლებდა ბულვარის განაშენიანება- განვითარების თვალსაზრისით, უმეტესწილად თავდაყირა აყენებს.

სპეციალისტები მთავარ აქცენტს ჩახერგილი პანორამული ხედების გახსნის, შენობების მასშტაბების შემცირებისა და ღია სივრცეების მეტ გამწვანებაზე აკეთებენ აქცენტებს.

„არ დავთმობთ – შორს ხელები ბულვარისგან!“ – ამ შინაარსის ბანერებით პერმანენტული პროტესტის, ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებული პროცესებისა და „ამბასადორის“ 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის პარალელურად ბულვარის მთავარ დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა – განაშენიანების გეგმა მზადაა.

წინ მისი საჯარო განხილვა და დასამტკიცებლად მომზადებაა – პროცედურას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. პროექტის პირველი საჯარო განხილვა 27 აპრილსაა დანიშნული. კანონით მანამდე ყველა დაინტერესებული პირისთვის დოკუმენტი საჯარო უნდა გახდეს, თუმცა იქნება თუ არა ეს ასე, ჯერ არ ვიცით. „ბულვარის ადმინისტრაციიდან“ გამოთხოვილი ასლი ჯერ არ მიგვიღია, ის სხვა გზებით მოვიპოვეთ.

გენგეგმაზე კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, შპს „ბაუ დიზაინის“ ამოცანა იყო, შეექმნა ბულვარის განვითარების ისეთი კონცეფცია, რომელიც გაითვალისწინებდა მისი, როგორც უნიკალური ლანდშაფტური პარკის შენარჩუნებას, განვითარების შესაძლებლობას ისე, რომ ბულვარი დარჩეს საერთაშორისო  მნიშვნელობის მიზიდულობის ადგილად, ამავდროულად დაცული იყოს მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესები.

დოკუმენტი ვრცელი და მრავალმხრივია. ვიდრე ბათუმის ბულვარი დოკუმენტს გაასაჯაროვებს, მის მოკლე თემატურ მიმოხილვას ჩვენ გთავაზობთ:

                  ზოგადი მიდგომები, რასაც დოკუმენტი ეყრდნობა:

სანაპირო ზოლზე განისაზღვრა ძირითადი გასასვლელები, თითოეული ასეთი გასასვლელიდან დადგინდა ძირითადი ხედვის არეალები [120-გრადუსიანი კუთხე], ხოლო ამ არეალებში დადგინდა შეზღუდვის ზონა, რომელშიც არ უნდა განთავსდეს არც ერთი შენობა, რათა ბულვარიდან პრომინადზე გასვლისას შენობებმა არ შეუშალოს ხელი ზღვის ხედის აღქმას. ამ მიდგომის გათვალისწინებით დადგინდა შენობების განთავსების არეალებიც.

მსოფლიო ანალოგების გათვალისწინებით, განისაზღვრა იმ შენობების ჩამონათვალი, რომელთა განთავსებაც შესაძლებელია სანაპირო ზოლის ფარგლებში. ესენია: მცირე ზომის კაფე, საჩრდილობელი, ტუალეტი, საშხაპე, გასახდელი, სამაშველო კოშკი, ბავშვთა გასართობი მოედანი, ქვიშის სპორტული მოედანი.

გენგეგმის მიხედვით, სანაპირო ზოლში განთავსებული კვების ობიექტები ძირითადად განკუთვნილი უნდა იყოს პლაჟის მომსახურებისთვის, თუმცა მათთან წვდომა უნდა იყოს შესაძლებელი პრომინადის მხრიდანაც. ჯამში სანაპირო ზოლში გათვალისწინებულია 20 მცირე ზომის კაფე, რომლებიც ერთმანეთთან საშუალოდ 240 მეტრით იქნება დაშორებული.

     მთავარი შესასვლელი – ქორწინების სახლის დემონტაჟი და ახალი პანდუსური გვირაბი

ბულვარის განაშენიანების გეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბულვარის შესასვლელმა  ისტორიის მანძილზე სახე ბევრჯერ იცვალა. ერთ-ერთი უკანასკნელი ჩარევა აქ ქორწინების სახლის მოწყობა იყო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს შენობა ხელს უშლის ბულვარის შესასვლელის აღქმას და უკეთესი გადაწყვეტის შემთხვევაში შენობა უნდა დაინგრეს. გენგეგმით გათვალისწინებულ რეკომენდაციებშია პირველი წყლის აუზის რეკონსტრუქცია, რომელზეც ამჟამად ქორწინების სახლია განთავსებული.

ამ აუზის ნაცვლად გენგეგმა უშვებს ღია საგამოფენო სივრცის მოწყობას ქვედა დონეზე, სადაც მოაზრებულია ბულვარის ისტორიის ფოტომუზეუმის მოწყობა მიწისქვეშა პანდუსური გვირაბით, რომელიც ბულვარში არსებულ ფოტოჯიხურს უნდა დაუკავშირდეს.

გენგეგმა ითვალისწინებს ასევე მოქმედი შადრევნებისთვის ლითონის ხიდების მოხსნას. სპეციალისტების აზრით, ეს ხიდები არ ჯდება ისტორიული ბულვარის იერსახეში და ამახინჯებს ბულვარის  მთავარ შესასვლელს, გენგეგმით  მათ ნაცვლად შეთავაზებულია წყლის ზედაპირიდან  ოდნავ ამოშვერილი ქვის საფეხურების მოწყობა.

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი გამწვანების შენარჩუნების გარდა არსებული შენობების ახალი ნარგავებით შენიღბვა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. გენგეგმა ითხოვს ასევე ძველ ბულვარში ბამბუკებისა და იაპონური ბაღის გაუმჯობესებას – „მათი წარმოსადეგობის გამოკვეთას“.

უსახური ჯიხურები, სათვალთვალო კოშკები და პირსები

გენგეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აუცილებელია ტერიტორიების გამოთავისუფლება ბულვარში არსებული ჯიხურებისგან, რადგან ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან იერსახით, არქიტექტურული სტილით, მასალითა და მასშტაბით. გენგეგმა ითვალისწინებს მსგავს ობიექტებს მხოლოდ ერთიანი იერსახითა და კონცეფციით.

გენგეგმის მიხედვით, თავისი ფუნქციისთვის შეუსაბამოა ასევე პლაჟზე განთავსებული სამეთვალყურეო კოშკები – „ისინი ზედმეტად დიდია.“ გარდა ამისა, მათი მშენებლობისას გამოყენებულია რკინა-ბეტონის საძირკვლები, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.  აუცილებელია ამ სათვალთვალო კოშკების ახალი მასშტაბებით, მსუბუქი იერსახის მქონე კოშკებით  ჩანაცვლება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ისინი შესაძლებელია ერთმანეთისგან 500 მეტრით იყოს დაშორებული.

გენგეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ დროისთვის ბულვარის ტერიტორიაზე შენარჩუნებულია ოთხი პირსი, მათი დანიშნულება სარეკრეაციო ხასიათისაა. დაგეგმილია კიდევ ორი პირსის მოწყობა სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარედ და ახალი ბულვარის მონაკვეთში.

დიდი შენობები

გენგეგმაში ხაზგასმულია, რომ სანაპირო ზოლი – სანაპირო საინჟინრო დაცვის ზონაში მდებარეობს, ზონა მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არაუმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს. სანაპირო-საინჟინრო დაცვის სქემა ადგენს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის საზღვრებს, ასევე განსაზღვრავს ნაპირდაცვის ღონისძიებებს.

კანონის მიხედვით, სანაპიროს დაცვის ზონების საზღვრებს თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით შეიმუშავებს შესაბამისი დეპარტამენტი და ამტკიცებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში წერია, რომ ასეთი საზღვრები ბულვარის სანაპიროს გასწვრივ შეუმუშავებიათ. შესაბამისად, სპეციალისტებმა თავს უფლება მისცეს, ბულვარის სანაპირო ზოლის ნაწილი მკაცრი დაცვის ზონად მოეაზრებინათ.

ასეთ ზოლში შესაძლებელია მხოლოდ დროებითი ნაგებობის განთავსება, სანაპირო ზოლში დღეს არსებული ნაგებობები კი არ წარმოადგენენ დროებით ნაგებობებს, აქ აშენებულია კაპიტალური შენობები. ამავდროულად მათი განლაგება და მასშტაბი აბსოლუტურად ამოვარდნილია ზღვის სანაპიროს მასშტაბიდან, ისინი ხშირად კეტავენ ხედს პრომენადიდან ზღვაზე.

გენგეგმაში წერია, რომ მათი უმეტესობა განთავსებულია სანაპირო ზოლზე მთავარ გამოსასვლელებთან და პრომენადის ნაწილში ვერ ხერხდება ზღვის პანორამის აღქმა.

გენგეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით გეგმით შეთავაზებულია სანაპირო ზოლში არსებული ყველა მოცულობითი შენობის დემონტაჟი და მხოლოდ დროებითი, მცირე ზომის კვების ობიექტების განთავსება ბულვარის მთავარი შემოსასვლელისგან მოშორებით.

ჩოგბურთის კორტები და შერატონის აუზი

გენგეგმა არ უშვებს კორტების ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობას, რაც არ იქნება თანხვედრაში საპროექტო ტერიტორიის ზონირებასა და მის ფუნქციასთან. გეგნგეგმით გათვალისწინებული რეკომენდაციაა მოიხსნას კედლები, რომლებითაც ჩოგბურთის კორტები შემოსაზღვრულია იმისთვის, რომ კორტებსა და ბულვარს შორის კავშირი უფრო აღქმადი იყოს.

გენგეგმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქცია არ ეწინააღმდეგება ზონირების პრინციპს, საიჯარო ხელშეკრულება ვადის გასვლის შემდეგ „შერატონთან“ აღარ უნდა გაგრძელდეს. იგულისხმება საიჯარო ხელშეკრულება იმ ნაკვეთზე, სადაც აუზია განთავსებული. ვადის გასვლის შემდეგ ეს ტერიტორიაც თავისი ფუნქციური დატვირთვით, როგორც პარკი, უნდა შეუერთდეს ბულვარს.

შუალედური ნაწილი – არდაგანის ტბა და „ე.წ. რესტორნების კლასტერი

ბულვარის შუალედურ ნაწილად მოაზრებულია მონაკვეთი მის ისტორიულ ნაწილსა და არადაგანის ტბას შორის, ამ მონაკვეთს ეკუთვნის კაფე მოზაიკა [ რვაფეხა], ასევე სავარჯიშო და  ბავშვთა მოედანი. არდაგანის ტბა ბულვარის მნიშვნელოვან სარეკრეაციო რესურსად არის მიჩნეული, თავისი მოცეკვავე შადრევნით, რომელიც ზაფხულობით უმარავ ტურისტს იზიდავს.

ტბისა და შადრევნის ხედით სარგებლობისთვის გენგეგმა ტბის ორ მხარეს დახრილი ტიპის ჩამოსაჯდომების მოწყობას ითვალისწინებს. გათვალისწინებულია ასევე ტბაზე არსებულ კუნძულებეზე საფეხმავლო ხიდების მოწყობა. გარდა ამისა, ტბის ირგვლივ უნდა მოეწყოს სარბენი ბილიკი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ საფეხმავლო ხიდებთან. რეკომენდებულია ასევე ტბაზე წყლის ფრინველების გაშვება ბიომრავალფეროვნებისთვის.

რაც შეეხება ე.წ. რესტორნების კლასტერს არდაგანის ტბის მიმდებარედ, გენგეგმის მიხედვით, ეს ტერიტორია დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც კვების არეალი. აქ ძირითადად განთავსებულია სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული არქიტექტურის იმიტაციით შესრულებული ნაგებობები, თუმცა მათი უმეტესობა მდარე ხარისხითაა ნაშენი.

სპეციალისტების შეფასებით, ეს შენობები თავიანთი  ფასადებით უხეშად გამოდიან ზღვისპირა ღია ფრონტზე, რაც არღვევს მნიშვნელოვან გეგმარებით პრინციპს. გენგემა ამ შენობების ხიმშიაშვილის ქუჩაზე გადანაცვლებას ითვალისწინებს. გამოთავისუფლებული ადგილები კი უნდა გამწვანდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: