ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვის საქმიანობას შეისწავლის აუდიტი აჭარაში წელს და რა მასალებია გადაგზავნილი პროკურატურაში

20.04.2021 • 7251
ვის საქმიანობას შეისწავლის აუდიტი აჭარაში წელს და რა მასალებია გადაგზავნილი პროკურატურაში

სახელმწიფო აუდიტს აჭარაში 2021 წელს 6 აუდიტის ჩატარება აქვს დაგეგმილი. შემოწმება შეეხება როგორც აჭარის ბიუჯეტს და ამ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საჯარო ორგანიზაციებს, ასევე მუნიციპალიტეტებსაც.

აუდიტმა აჭარაში ჩატარებული 7 შემოწმების მასალები გასულ წელს გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა.

აუდიტი მიმდინარე წელს შეისწავლის კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი საკარანტინე ზონების მართვასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც.

„COVID19 პანდემიის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით შეიქმნა საკარანტინე სივრცეები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ რისკჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას. აუდიტის მიზანია შეისწავლოს პროექტის მართვის ეფექტიანობის საკითხები“, – აცხადებს აუდიტი.

[red_box]2021 წელს აუდიტი აჭარაში შეისწავლის:[/red_box]

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2020 წლის ნაერთ (კონსოლიდირებულ) ფინანსურ ანგარიშგებას

ფინანსური აუდიტის მიზანი: „აუდიტმა მიიღოს გონივრული რწმუნება იმის შესახებ, შეიცავს თუ არა ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგება რაიმე არსებით უზუსტობას, მომზადდა თუ არა ფინანსური ანგარიშგება კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით“.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი

მიზანი: აუდიტის საგნის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხების შესწავლა.

  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის მიზანი: შეისწავლოს მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში 2019-2020 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხები.

  • სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის მიზანი: უნივერსიტეტის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხების შესწავლა. ეს აუდიტი გარდამავალი ტიპის აუდიტია, რომელიც დაიწყო 2020 წელს და დამთავრდება 2021 წელს.

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის მიზანი: ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში შეისწავლოს მუნიციპალიტეტების საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში 2019-2020 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხები, მათ შორის, ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქონების განკარგვისა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული სუბიექტების მართვის მიმართულებები.

სახელმწიფო აუდიტი მასალებს აგზავნის სამართალდამცავ სტრუქტურებშიც. 2020 წელს გენერალურ პროკურატურას აჭარაში ჩატარებული 7 აუდიტის მასალები გადაეცა.

ეს მასალებია:

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები
  • ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის 2016-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის მასალები
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ პრიორიტეტისათვის 01.01.2019-31.12.2019 პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები
  • ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები
  • ხულოს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები

აუდიტის მასალებს იშვიათად, მაგრამ მაინც იყენებენ საჯარო მოხელეებიც. მაგალითად, ამ ბოლოს ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლების მთავარ მიზეზად აუდიტის კრიტიკული დასკვნა დაასახელეს, მაშინ, როცა ასეთივე კრიტიკული დასკვნისა და თითქმის იდენტური შეფასების გამო თანამდებობა არ დაუტოვებია სხვა არც ერთ ჩინოვნიკს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ სახელმწიფო აუდიტის კრიტიკული შეფასების გამო ბულვარის დირექტორის სამსახურიდან დათხოვნა გაამართლა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზეც გააკეთა აქცენტი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას წერს და როგორ აფასებს აუდიტის სამსახური თავად ჯაბა ფუტკარაძის უწყების მუშაობს.

ამ თემაზე:

როგორ მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – აუდიტის შეფასება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: