მთავარი,სიახლეები

საქართველოში შემთხვევათა 50-70 პროცენტში ცირკულირებს ბრიტანული შტამი – გამყრელიძე

12.04.2021 • 984
საქართველოში შემთხვევათა 50-70 პროცენტში ცირკულირებს ბრიტანული შტამი  – გამყრელიძე

„მთლიანად ევროპაში დღეს დაახლოებით 90 პროცენტი ცირკულირებს ბრიტანული შტამი და საქართველოშიც 50-70 პროცენტს ზემოთ ცირკულირებს ბრიტანული შტამი“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დღეს, 12 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორ ხდება ბრიტანული შტამის გამოვლენა? – ამ კითხვას პაატა იმნაძემ უპასუხა. მისი თქმით, ბრიტანულ შტამზე დაკვირვებას აზრი აქვს მხოლოდ ცირკულაციის დასაწყისში.

„ბრიტანული შტამი ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, გადამდებლობა უფრო მეტი აქვს. 

ჯერჯერობით ქვეყანაში მარტო ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული. არის კიდევ კორონავირუსის სხვა შტამები, იგივე ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ინდური შტამები გაჩნდა კიდევ ახალი მუტაციებით, ასე, რომ ამაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში,“- თქვა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძეს ამავე შეხვედრაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს ჩინურ ვაქცინა „სინოფარმთან“ დაკავშირებითაც.

გამყრელიძე ამბობს, რომ ორივე ჩინური ვაქცინა – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ელის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებას.

კითხვას – თუ ვერ მიიღეს ამ ვაქცინებმა ჯანმოს აღიარება, რა იქნება მაშინ, გამყრელიძემ უპასუხა, რომ „ყველა ვაქცინა, რის შემოტანასა აპირებს საქართველო, ავტორიზებულია თავიანთი ქვეყნების მიერ და ზოგიერთი სხვა მარეგულირებლის მიერ გადაუდებელ მდგომარეობაში გამოყენებისთვის“.

გამყრელიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით აქვს უფლება გადაუდებელი მდგომარეობების დროს წამალი, ვაქცინა, გამოყენებული იქნას საერთაშორისო აღიარების გარეშე, ადგილობრივი მარეგულირებლის ნებართვით.

„ასე, რომ „სინოფარმის“ გამოყენების სრული ლეგალური საფუძველი არის, მაგრამ ჯანმო ჩვენ დავურთეთ მოთხოვნებს იმიტომ, რომ ყველა ვაქცინა, რაც კალენდარულად შემოდის ქვეყანაში, ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: