მთავარი,სიახლეები

ბათუმისთვის ბულვარის დაბრუნებაზე კონსულტაციები დაწყებულია

04.04.2021 • 1327
ბათუმისთვის ბულვარის დაბრუნებაზე კონსულტაციები დაწყებულია

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაწყებულია კონსულტაციები ბულვარის მერიისთვის გადაცემაზე. მერია ბოლო 7 წელია უარს ამბობდა ბულვარის დაბრუნებაზე. ამჯერად კი, როცა ბულვარში უკანონო მშენებლობას თუ პლაჟის გასხვისებას მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს დაავალა, რომ ბულვარი მუნიციპალიტეტს დაუბრუნონ. თორნიკე რიჟვაძემ იგივე თხოვა მუნიციპალიტეტსაც.

„კონკრეტულად როდის და რა მექანიზმებით განხორციელდება ბულვარის ქალაქისთვის დაბრუნება იმ კონსულტაციების პროცესში დაზუსტდება, რომელიც ამჯერად სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის მიმდინარეობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. იგივე გვითხრეს ქალაქის მერიაშიც.

უზურფრუქტის ხელშეკრულებაში წერია, რომ მერიამ ბულვარის უკან დაბრუნების მოთხოვნით სამინისტროს თავად უნდა მიმართოს.

ბათუმის ბულვარი, რომლის ისტორიული ნაწილი – „ძველი ბულვარი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იურიდიულად მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ის სამართავად 2009 წელს გადაეცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

ბულვარის [ბათუმის ზღვისპირა პარკის] ტერიტორია, რომელსაც სამინისტროზე დაქვემდებარებული სსიპ „ბათუმის ბულვარი“ მართავს, ჯამში 284 662 კვ.მ-ია.

მწვანე ფერით მონიშნულია ბათუმის ბულვარის ტერიტორია, რომელიც მართვაში ბათუმს უნდა დაუბრუნდეს

მართვის უფლების დაბრუნებაზე ქალაქის საკრებულომ მუშაობა ზუსტად 7 წლის წინ, 2014 წელს დაიწყო, პროცესი 2016-2017 წელს გაგრძელდა, თუმცა ეს საქმე ბოლომდე არ მისულა.

თავის დროზე მერიაში აცხადებდნენ, რომ გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ბულვარი მერიის მართვაში გადავიდოდა, ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმი, რომელშიც გაწერდნენ მხარეთა ვალდებულებებს. ასევე, უნდა გაევლოთ პროცედურები, რაც უზურფრუქტის ხელშეკრულების შესაწყვეტად იქნებოდა საჭირო.

ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2021 წლის 30 მარტს განაცხადა:

„ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უსწრაფესად მოახდინონ ბათუმის ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის  სამართავად გადაცემა“.

იმავე დღეს ბათუმის საკრებულო სასტუმრო „მერიდიანისთვის“ 3 380 კვადრატული მეტრი პლაჟის გადაცემას აპირებდა, თუმცა მოქალაქეების პროტესტის გამო საკითხი სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს.

რიჟვაძის განცხადებით, სრული მორატორიუმია გამოცხადებული ასევე ახალ მშენებლობებზე ძველ ბულვარში, „ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე“.

ეს მემორანდუმი ზღვისპირა ზოლში ფაქტობრივად არაფერს ცვლის. ის არ ვრცელდება მიმდინარე მშენებლობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კი შესაბამისი კანონმდებლობითაა დაცული.

ფაქტობრივად არაფერი იცვლება ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებითაც. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვას ისედაც მერია გასცემს, ძეგლებთან მიმართებით კი – სააგენტო, რომელიც აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაშია.

ამასთან, ზღვისპირა ზოლში მდებარე ნაკვეთების ძირითადი ნაწილი, პლაჟი კი – მთლიანად, აქამდეც და ახლაც, ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და მათ გასხვისებას თუ მრავალწლიანი იჯარით გაცემას, ბულვარს არავინ ეკითხებ[ოდ]ა.

ბათუმს ბულვარი მართვაში ბოლოს 2017 წელს უნდა დაებრუნებინა, რისთვისაც მერიას ახალი, ა[ა]იპ „ბათუმის ბულვარი“ უნდა დაეფუძნებინა.

ნახეთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან: 

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: