ბათუმში მალე გრიბოედოვის ქუჩაზემოძრაობა ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან [რესპუბლიკური საავადმყოფოდან] რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. ავტომანქანები ამ მონაკვეთში მხოლოდ რუსთაველის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრიბოედოვის ქუჩის ამ მონაკვეთის გაცალმხრივებას გარკვეული დრო დასჭირდება, ვინაიდან უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი საგზაო ნიშნები. ასევე იგეგმება მოსახლეობის/მძღოლების ინფორმირება.
ამ მონაკვეთში მოძრაობის გაცალმხრივება დამტკიცებულია ახალი სქემით. თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა ქუჩის შესაბამისად მოწყობა, ვინაიდან გადაკეტილი იყო ჯავახიშვილის ქუჩა – ჭავჭავაძიდან ფიროსმანის ქუჩამდე მონაკვეთში.
ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში ავტომანქანების მოძრაობა გუშინ, 30 მარტს განახლდა, თუმცა საგზაო ნიშნები აქაც დასამონტაჟებელია:
ავტომანქანები ახალი სქემით ბათუმში უკვე 3 თვეა მოძრაობენ. რა გამოიკვეთა ამ პერიოდში? – ქალაქის მერიაში გვითხრეს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური აკვირდება სიტუაციას, მათ შორის მუნიციპალური ინსპექცია და ასევე საპატრულო პოლიცია.
„მოძრაობის წესების დარღვევები არის, წესებს საპატრულო აკონტროლებს… უახლოეს ხანებში გვეცოდინება რა პრობლემები გამოიკვეთება, ხომ არ არის აუცილებელი რაიმე ცვლილება სქემაში. ამ ეტაპზე არ ჩანს ისეთი რამ, რომ ცვლილებას საჭიროებდეს და აუცილებელი იყოს რეაგირება. იმ ქუჩებზე, სადაც მანქანები ახალი სქემის მიხედვით მოძრაობენ, განსაკუთრებით პიკის საათებშია ძირითადად დატვირთვა“, – გვითხრა მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ.
იგეგმება თუ არა ავტობუსების სავალი ზოლის [ე.წ. Bus lane] მონიშვნა სხვა ქუჩებზე? – ემზარ ქავჟარაძის თქმით, ეს დამოკიდებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებაზე ბათუმის ქუჩებში [აბუსერიძე, აღმაშენებელი და სხვ.]. ამის შემდეგ ავტობუსის სავალი ზოლი შესაძლოა სხვა ქუჩებზეც მოინიშნოს.
ბათუმის მერია გეგმავს ასევე გახსნას ჯავახიშვილის ქუჩა აბუსერიძის ქუჩის კვეთაში [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან]. ეს მისცემს საშუალებას მძღოლებს პუშკინის ქუჩის მხრიდან გააგრძელონ გზა გორგილაძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმართულებით და პირიქით.
ახალი სქემის ამოქმედებამდე „ბათუმელებმა“ ჩაატარა გამოკითხვა:
ამავე თემაზე:
მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?