ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბავშვთა და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის/ცენტრებისთვის
ძირითადი რეკომენდაციები:
- ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერის მომსახურებით);
- შენობის შესასვლელში უზრუნველყავით როგორც დასაქმებულთა, ასევე მომხმარებელთა თერმოსკრინინგი;
- მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
- შესასვლელსა და სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო არა ნაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
- სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი – მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
- უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
- გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
- უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით;
- უზრუნველყავით სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;
- დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, დამცავი ფარები/ სათვალეები, წინსაფრები, სპეცფეხსაცმელი);
- მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
- პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ ორ საათიანი ინტერვალები), გაანიავეთ სამუშაო სივრცეები;
- ყველა პირი ვალდებულია შემოსვლისას და გასართობ ღონისძიებაზე ყოფნისას სივრცის ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მოთხოვნები კვებისთვის განკუთვნილი სივრცისთვის:
- დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
- მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ 1 მომხმარებელი, მაგრამ ერთ სივრცეში – არაუმეტეს 40 მომხმარებლისა;
- მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
- ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის დაიცავით 1 მეტრიანი დისტანცია;
- სკამის საზურგეებს შორის მანძილი – არანაკლებ 1 მეტრი;
- ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა.
- ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით;
- დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
- ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში:
- გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;
- არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
- სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
- საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება.
- უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
- სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით.
ჭურჭლის ხელით რეცხვისას დასაცავი პროცედურები:
- სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:
- ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
- გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
- გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
- გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
- დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
- წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;
- ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
- სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.
მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:
- გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
- ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.
მოთხოვნები გასართობ სივრცეში არსებული ატრაქციონებისთვის:
- მომხმარებლები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს არანაკლებ 1მ დისტანცია (გამონაკლისი შესაძლოა 6 წლამდე ბავშვებთან მიმართებით);
- დატვირთეთ კარუსელებზე და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50% (1 სავარძლის გამოტოვებით);
- რამდენიმე სექციისგან შემგდარ ბატუტზე უზრუნველყავით მომხმარებლთა დაშვება სექციის რაოდენობის შესაბამისად, თითო სექციაში – თითო მომხმარებელი;
- ბოულინგისა და სხვა გასართობი აქტივობების გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ხდება ერთსა და იმავე საგანზე/ატრიბუტზე სხვადასხვა პირის მიერ შეხება, უზრუნველყავით ხელის დეზინფექციის საშუალებების ან ხელთათმანების განთავსება.
დასუფთავება და დეზინფექცია:
- გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა.შ.). დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი;
- მომხმარებელთა ყოველი ჯგუფის გასვლის შემდგომ კარადები დატოვეთ ღია და ცარიელი, რათა მოხდეს მათი განიავება. ასევე გამოყენების შემდგომ მოახდინეთ კარადების დეზინფექცია;
- ყოველი მომხმარებლის გამასპინძლების შემდგომ, მოახდინეთ მაგიდების წმენდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით;
- დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, ატრაქციონებისთვის განკუთვნილი დანადგარები/მოწყობილობები და ა.შ.;
- დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
- ნებისმიერი დასუფთავების საშუალება (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო), რომელიც დამზადებულია მატერიისგან, გამოყენების შემდეგ გარეცხეთ სადეზინფექციო საშუალებებით;
- არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;
- საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად.
დასაქმებულთა და მომხმარებელთა ვალდებულებები:
- დაიცავით ჰიგიენის წესები;
- გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც კოვიდ-ინფექცის გავრცელების პრევენციის მიზნით არის გათვალისწინებული;
- ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
- გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
- მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.