“კოვიდი დაემართა მაღაზიას. პატრონი გადარჩა კოვიდს, მაგრამ მაღაზია ვერ გადავარჩინეთ, დავირუსდა,” – ასე აღწერს თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სარფში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ლუდა გოროჟენკო თავის მდგომარეობას პანდემიაში.
მისი მაღაზია ზუსტად საზღვართანაა. საქართველოში შემომსვლელმა ნებისმიერმა მგზავრმა ლუდას მაღაზიას უნდა ჩაუაროს წინ.
“თვეების განმავლობაში უდაბნოს ჰგავდა აქაურობა, უდაბნოს. ახლა ათი დღეა ტაქსები გამოჩნდნენ და ცოტა ამოძრავდა თითქოს ხალხი,” – ამბობს ლუდა.
ლუდას მარკეტის მარჯვნივ და მარცხნივ ორი სავალუტო ჯიხური იყო. ახლა ორივე დაკეტილია. სავალუტო ჯიხურზე შემორჩენილი დოლარის კურსის მაჩვენებელი ტაბლოს მიხედვით შეგიძლია გამოიცნო როდის დახურა მეპატრონემ ჯიხური.
სარფში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მახლობლად, წლების განმავლობაში ათეულობით წვრილი ბიზნესი გაჩნდა. საზღვრისპირა სივრცე სავსე იყო პატარა კაფეებით, სასადილოებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით, სწრაფი კვების ობიექტებით. ახლა ათობით ობიექტიდან მხოლოდ რამდენიმე ახერხებს მუშაობს. ცარიელია პარკინგიც, სადაც პანდემიამდე ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნა დიდი სირთულე იყო.