მთავარი,სიახლეები

მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას

27.03.2021 • 1538
მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას

„მოსახლეობა უფრო მზად არის ვაქცინაციისთვის, ვიდრე ექიმები,“ – მიიჩნევს ექიმი დეა ქაჯაია, ბათუმის „მედცენტრის“ მენეჯერი ექიმების „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესზე. ჩვენ რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელს ვკითხეთ: რატომ არ სურთ ექიმებს აცრა და რა როლს ასრულებენ ისინი ანტივაქსერულ კამპანიაში, როცა ვაქცინა უკვე არსებობს, ისინი კი, ამაზე უარს ამბობენ. ჩვენ იმ სამედიცინო დაწესებულებებში მოვიკითხეთ ეს ამბავი, სადაც კოვიდკლინიკები იყო გახსნილი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 მარტის მდგომარეობით ვაქცინა 287-მა მედიკოსმა გაიკეთა. აჭარის რეგიონში სულ 5 ათასამდე სამედიცინო პერსონალია.

ქვეყნის მასშტაბით, 25 მარტის მონაცემებით, 4152 სამედიცინო მუშაკს ჰქონდა გაკეთებული ვაქცინა. სულ ქვეყანაში 31 ათასამდე ექიმი და 18 ათასამდე ექთანია.

„იკეთებენ, როგორ არ იკეთებენ? ექიმმა ყველაზე კარგად იცის, რა არის ვაქცინა და, ზოგადად, ყველა ექიმი მხარს უჭერს ამ პროცესს,“ – გვითხრა, მაგალითად, ექიმმა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნუკრი ბეჟანიძემ. ყოფილ დეპუტატს შევახსენეთ, რომ მისი ნათქვამი წინააღმდეგობაშია ოფიციალურ სტატისტიკასთან: იგივე ბათუმის რესპუბლიკურში 800-მდე თანამშრომელი მუშაობს, აქედან მხოლოდ 61 ადამიანს აქვს ვაქცინა გაკეთებული, 400-მდე პირს კი, ჯავშანი აქვს და ვაქცინის გაკეთებას აპირებს.

„არ მქონია საუბარი, რომ წინააღმდეგი იყვნენ, მე ასეთი პერსონალი არ მინახავს… უმეტესად ყველა მხარს უჭერს და დრო სჭირდებათ. ზოგიერთს გადატანილი აქვს კოვიდი და ელოდება დროის გასვლას. ესეცაა,“ – აღნიშნა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებთან“.

ვაქცინა თავად ნუკრი ბეჟანიძესაც არ ჰქონია გაკეთებული.

„გაცივებული ვიყავი და ამიტომ შევიკავე თავი. დღეს თავს უკეთესად ვგრძნობ და ავიცრები… ჯავშანი ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ ორშაბათს, ან სამშაბათს ავიცრები ალბათ. ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინა,“ – გვიპასუხა ნუკრი ბეჟანიძემ.

აჭარის რეგიონში ექიმებს და უკვე საპენსიო ასაკის მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთება ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის გარდა ქობულეთის „ევექსის“ კლინიკაში შეუძლიათ.

„208 თანამშრომელია სულ და 30 ვართ აცრილი. ამ ეტაპზე ასეა,“ – გვიპასუხა ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა, ირინე დოლიძემ. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალს სჭირდება მომზადება, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ჯანმრთელობის მხრივ.

„სამედიცინო პერსონალის ნაწილი, ასეთი იყო 70-მდე, დაავადებული იყო კორონავირუსით და არ არის გასული 120 დღე. ამ მედიკოსების განწყობაა, რომ აუცილებლად აიცრებიან… თითოეულმა მედიკოსმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ მჯერა, რომ გაიკეთებენ აცრას. არსებობენ კლინიკები, სადაც საერთოდ არ ჰყავთ ვაქცინირებული პერსონალი,“ – აღნიშნა ირინე დოლიძემ.

ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე კლინიკას ბათუმში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ. მაგალითად, BAU-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ რადგან ვაქცინაციის პროცესი ნებაყოფლობითია, მათ არ აქვთ მონაცემი მათთან დასაქმებული რამდენი მედიკოსი აიცრა. ასევე ვერ გავიგეთ სამედიცინო პერსონალის რა რაოდენობა აიცრა „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“, სადაც ასევე კოვიდკლინიკა იყო გახსნილი.

„ჩვენთან 460 თანამშრომლიდან 30-მა გაიკეთა აცრა, ცუდი მონაცემია,“ – უკმაყოფილებას არ მალავს დეა ქაჯაია, მედცენტრის მენეჯერი. დეა ქაჯაია პროფესიით რეანიმატოლოგია და ამბობს, რომ აცრა შვილთან ერთად დღეს გაიკეთა.

დეა ქაჯაია არც იმას მალავს, რომ იმ ექიმების პროფესიონალიზმშიც ეპარება ეჭვი, ვისაც ვაქცინის არ სჯერა.

„ფაქტია, რომ არსებობს კითხვები, რასაც უნდა გაეცეს რაც შეიძლება მეტად დამაჯერებელი, ფაქტებზე დამყარებული და არგუმენტირებული პასუხები. ზოგს ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, ზოგს კი, პროფესიონალიზმიც არ ჰყოფნის, რადგან ექიმებმა კარგად იციან ამ დაავადების რისკები, ისიც, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ დაახლოებით 30 პროცენტი ინვალიდიზაციას განიცდის, ამას აჩვენებს მონიტორინგი,“ – გვიყვება დეა ქაჯაია.

„მედცენტრის“ მენეჯერის თქმით, მის კლინიკაში 10 პაციენტი დაბრუნდა უკან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ. მათ ძირითადად სისხლძარღვოვანი გართულებების დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა: გართულებული პნევმონია, თრომბოზი, ნეოკარდიის ინფარქტი და ასე შემდეგ.

„ექიმებსაც სჭირდებათ მეტი ახსნა, რადგან ახალია ეს ვაქცინა, ახალია ეს დაავადება, ჩვენც ბევრი რამ არ ვიცით. პანდემიამ შეცვალა ადამიანები, ფსიქოლოგია, დაითრგუნა ხალხი და დაითრგუნენ ექიმებიც… ფსიქოლოგიური მომზადებისთვის ცოტა დრო სჭირდებათ ექიმებსაც და აუცილებლად გაიკეთებენ.

ყველა ერთმანეთს უყურებს, რომ აი ვნახავთ და მერეო… რამდენიმეს ვესაუბრე და დავარწმუნე. არც ის მიკვირს, რომ ვიღაც ფსიქოლოგიურად დაითრგუნა იმდენად დამაბნეველი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ვიღაც მოკვდა, ასე ხდება, ისე ხდება… დღეს, როცა აცრა გავიკეთე და მოვბრუნდი სამსახურში, ექიმებს ვუყვებოდი, უნდა გენახათ რამდენი პენსიონერი იდგა რიგში და ელოდა აცრას-მეთქი,“ – გვითხრა დეა ქაჯაიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კვლავ საუბრობს მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობაზე ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით.

„ჩემი აზრით, ის, რომ საქართველომ ვაქცინების ეს ძალიან მცირე დოზები ვერ აითვისოს, იქნება სირცხვილი ქვეყნის და პირადად ჩვენი, ექიმების სირცხვილი. იმიტომ, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აცრებზე გადის პანდემიის დასრულების გზა და აცრაზე უკეთესი ინფექციურ დაავადებათა პრევენციისთვის კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია… გამოდის, რომ ქართველებს ცოტა, მაპატიეთ და, მეტი განათლება და მეტი ცოდნა გვჭირდება”, – აღნიშნა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: