მთავარი,სიახლეები

კომპანიას, რომელსაც უტენდეროდ 3,6 მილიონი გადაუხადეს, დისკვალიფიკაცია მისცეს – დავა ტენდერისთვის

28.03.2021 • 1701
კომპანიას, რომელსაც უტენდეროდ 3,6 მილიონი გადაუხადეს, დისკვალიფიკაცია მისცეს – დავა ტენდერისთვის

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანიას, რომელთანაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე თანამშრომლობს და რომელთანაც ტენდერის გარეშე, ჯამში, 3,8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, ერთ-ერთ ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა. მიზეზად კომპანიის მხრიდან დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა დასახელდა. კომპანია ადმინისტრაციას დავების საბჭოში უჩივის.

შპს „ჯორჯიან ბას“ დავების საბჭოში სატენდერო კომისიის იმ ოქმს ასაჩივრებს, რომლითაც მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში მყოფი მოქალაქეების იზოლაციისთვის ტრანსპორტირების მომსახურების [2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში] შესყიდვაზე ტენდერი ტურიზმის ადმინისტრაციამ 2021 წლის იანვრის ბოლოს გამოაცხადა – 2 514 314 ლარით.

„ჯორჯიან ბასი“ კი, მომსახურებას ადმინისტრაციას 1 582 022 ლარად სთავაზობდა.

სატენდერო კომისიამ კომპანიას გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, თუმცა კომისიის ოქმის მიხედვით, დოკუმენტის (აუდიტორული დასკვნის) დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

„პრეტენდენტმა მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოადგინა კომისიის მიერ ოქმით დადგენილ ვადაში. ოქმში არ იყო მითითებული დოკუმენტების წარმოდგენის კონკრეტული ან არაუგვიანესი ან არაუმეტესი ვადა… შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილება პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის თაობაზე უსაფუძვლოა“ – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

კომისიის ოქმში კი აღნიშნულია რომ: „პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (აუდიტის დასკვნის) წარმოსადგენად განესაზღვროს არანაკლებ 2 სამუშაო დღე სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენად, წინამდებარე ოქმის სისტემაში ატვირთვის დღიდან“. ეს ოქმი სისტემაში 15 მარტს ატვირთეს.

კომპანიამ დოკუმენტი 18 მარტს ატვირთა. 19 მარტს კი, მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

„აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო დოკუმენტებში არსებული ჩანაწერი, მაგ.: „არანაკლებ 2 სამუშაო დღე“ გულისხმობს, რომ მეორე სამუშაო დღიდან არის შესაძლებელი დოკუმენტების წარმოდგენა და აღნიშნული თავისთავად არ გულისხმობს დოკუმენტების წარმოდგენისთვის „არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეს“ – აცხადებს კომპანია.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ ოქმში დაკონკრეტებულიც რომ ყოფილიყო ვადა – 2 დღე, ამას ცალკე გაასაჩივრებდნენ, ვინაიდან პანდემიის პირობებში „კომპანიების/ფიზიკური პირების უმრავლესობა სამუშაო პროცესს ახორციელებს დისტანციურ რეჟიმში, აღნიშნულიდან გამომდიანრე პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკავტურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (აუდიტის დასკვნის) წარმოდგენა უფრო ნაკლებ ვადაში შეუძლებელი იქნებოდა“.

„გაუქმდეს ოქმი, რომლითაც მოხდა შპს „ჯორჯიან ბას“-ის დისკვალიფიკაცია და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (აუდიტის დასკვნა) ჩაითვალოს დადგენილი ვადის დაცვით წარმოდგენილად“ – აღნიშნულია საჩივარში, რომელიც დავების საბჭომ 30 მარტს უნდა განიხილოს.

შესყიდვების პორტალზე, დღეის მდგომარეობით, ამ ტენდერს მინიჭებული აქვს სტატუსი – „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გამარტივებული შესყიდვით [ტენდერის გარეშე] „ჯორჯიან ბასთან“ პანდემიის დაწყებიდან ჯამში 3 885 938 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. ყველა შემთხვევაში შესყიდვის საფუძვლად ადმინისტრაცია გადაუდებელ აუცილებლობას ასახელებდა.

ხელშეკრულებების ფარგლებში კომპანია სხვადასხვა ადგილებიდან [აეროპორტი, საბაჟო] მოქალაქეების კარანტინში გადაყვანას, შემდგომში კი, კარანტინიდან მათ საცხოვრებელ ადგილებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ეს კომპანია ფაქტობრივად ერთადერთია, რომელთანაც ტურიზმის ადმინისტრაცია ამ კუთხით თანამშრომლობს.

2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ადმინისტრაციას „ჯორჯიან ბასთან“ სულ 11 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ტენდერის გარეშე. აქედან, ბოლო ხელშეკრულებით, რომელიც 1 149 132 ლარზეა გაფორმებული, მომსახურების გაწევის ბოლო ვადად 2021 წლის 21 მარტია განსაზღვრული.

კომპანიას თანხა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით ერიცხება. შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, დღევანდელი მონაცემებით, კომპანიისთვის ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია 3 673 548 ლარი.

შპს „ჯორჯიან ბას“, რომლის დირექტორები არიან შალვა ხუციშვილი და ზურაბ კალანდია, 2014 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის წილებს ფლობენ: შალვა ხუციშვილი [30%], ზურაბი კალანდია [20%] და რუდიგერ გოლლუქე(გერმანია) [50%].

ამავე თემაზე:

საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: