მთავარი,სიახლეები

ფოთი საავადმყოფოს გარეშე – პაციენტები სენაკსა და ქობულეთში დადიან

25.03.2021 • 1187
ფოთი საავადმყოფოს გარეშე – პაციენტები სენაკსა და ქობულეთში დადიან

7 თვეა ფოთი მრავალპროფილური საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი. პაციენტებს სენაკში ან ქობულეთში უწევთ ჩასვლა, როცა ექიმისთვის მიმართვა სჭირდებათ.

„ძალიან საშიშია ამ ქალაქში ყოფნა, ძალიან. როგორ ითმენენ ამას ადამიანები და რატომ არ აპროტესტებენ, მიკვირს“, – ამბობს ფოთის მცხოვრები ელისო ჯანაშია. ის რამდენიმე თვეა თბილისიდან ფოთში დაბრუნდა საცხოვრებლად. რამდენიმე დღის წინ კი საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს, როცა 40 კილომეტრის რადიუსში საავადმყოფო არაა, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გჭირდება და ვერ იღებ.

ელისომ 7 დღის წინ, ღამით სასწრაფო გამოიძახა მცირეწლოვანი ძმისშვილისთვის. სასწრაფოს ექიმმა პაციენტის გასინჯვის შემდეგ ოჯახის წევრებს ურჩია ექოსკოპია და სისხლის ანალიზი გაეკეთებინათ. ასევე ქირურგს გაესინჯა, რადგან ეჭვი აპენდიციტზე ჰქონდათ.

„კითხვაზე – დაყოვნება თუ შეიძლებოდა, მკაფიო პასუხი ვერ მივიღე. თავის დაზღვევის მიზნით, გადაყვანა მირჩიეს. ფოთში, ერთადერთი კლინიკა კოვიდ-კლინიკადაა გადაკეთებული. სენაკში ან ქობულეთშიო. დაახლოებით, ღამის პირველზე ჩავედით სენაკის კლინიკაში. კიდევ კარგი მომაფიქრდა და ჩემი მანქანით გავყევი სასწრაფოს,“ – იხსენებს ელისო ჯანაშია.

სენაკის კლინიკაში მიყვანილი პაციენტი გასინჯეს, მას მუცლის ღრუში მარჯვენა მხარეს ტკივილი ისევ ჰქონდა, თუმცა საავადმყოფოში არც ექოსკოპისტი იყო და არც ქირურგი.

„დილამდე არ იქნებიანო. პედიატრმა დაიწყო რეკვა იმის გასარკვევად, როგორ მოეყვანათ ექოსკოპისტი. შემთხვევით მოვკარი ყური, რომ ტრანსპორტის პრობლემა ჰქონდათ. მე წამოვიყვან, მითხარით, სად ცხოვრობს-მეთქი,“ – იხსენებს ელისო.

მისივე თქმით, პედიატრს საკუთარი მანქანით მომსახურება შესთავაზა და თავად მიიყვანა კლინიკაში ექოსკოპისტიც, შემდეგ კი უკან დააბრუნა.

ელისო ამბობს, რომ მსგავსი ქეისები ბევრია. მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ, ფოთში ამის საშუალება არ აქვთ.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით ფოთში 41 465 მოქალაქე ცხოვრობს. ქალაქში სამედიცინო სერვისების მიწოდება წლებია პრობლემაა.

მცირე პოლიკლინიკების გარდა, ფოთს სამი დიდი საავადმყოფო ჰქონდა – ე.წ. ქალაქის საავადმყოფო, საზღვაო ჰოსპიტალი და სამხედრო ჰოსპიტალი. სამივე საავადმყოფოს შენობა გაიყიდა. ინვესტორმა კი მხოლოდ ქალაქის საავადმყოფოს შეუნარჩუნა პროფილი. მრავალპროფილური საავადმყოფო ევექსის ქსელის ფოთის ჰოსპიტალი 2019 წელს გაიხსნა. 7 თვის წინ, 2020 წლის სექტემბერში, კლინიკა კოვიდცენტრად გადაკეთდა და ფოთელები ისევ მრავალპროფილური საავადმყოფოს გარეშე დარჩნენ.

ფოთის ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, თეა მიგინეიშვილი ამბობს, რომ კოვიდცენტრად გადაკეთებამდე ფოთის ჰოსპიტალი ჩვეულებრივი მრავალპროფილური კლინიკა იყო, რომელიც პაციენტებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უწევდა.

„40 საწოლზე გვაქვს გაშლილი და ყველა საწოლი გვქონდა დატვირთული. კარდიოქირურგია და ნეიროქირურგია არ გვაქვს. ამიტომ თუ პაციენტი შემოგვდიოდა, რა თქმა უნდა, პირველად დახმარებას ვუწევდით, კარდიოქირურგიულ და ნეიროქირურგიულ სერვისებზე ვამისამართებდით სხვა კლინიკებში. დანარჩენი სერვისების მიღება ადგილზე იყო შესაძლებელი,“ – ამბობს თეა მიგინეიშვილი „ბათუმელებთან“.

ფოთს ერთი წლისა და 4 თვის განმავლობაში არ ჰქონდა სამშობიარო. 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში ფეხმძიმე ქალები სამშობიაროდ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიდიოდნენ. ძირითადად  სენაკსა და ქობულეთში. ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ფოთში 372 ბავშვი დაიბადა, რომლებსაც დაბადების ადგილად სხვა ქალაქები აქვთ მითითებული.

ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მაია მაკალათია „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ მრავალპროფილური კლინიკის არ არსებობა ფოთელებს აწუხებთ.

„წლების განმავლობაში გვქონდა მოთხოვნა და მთელი ქალაქის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ საავადმყოფოს მოთხოვნა უპირველესი იყო,“ – ამბობს მაია მაკალათია.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება და ფოთში ახალი კლინიკა გაიხსნება.

„ბომონდის“ საავადმყოფო იქნება. ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, დაახლოებით 60 საწოლზე. ტექნიკა ჩამოტანილი აქვთ უკვე, ნებართვას და ლიცენზირებას ელიან ჯანდაცვის სამინისტროსგან. გახსნის ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ მალე იქნება,“ – ამბობს მაია მაკალათია.

მაია მაკალათია სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას ამბობს, რომ ახალ კლინიკას ექნება დიალიზის განყოფილება, რომელიც უშუალოდ მათი სამსახურის მოთხოვნით გაითვალისწინა საავადმყოფოს მენეჯმენტმა.

„ჩვენი სურვილი და მოთხოვნა იყო, რომ კლინიკა „ბომონდს“ ჰქონოდა დიალიზის განყოფილება. ყოველდღე ველოდებით, რომ როგორმე ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანოთ. ფოთის მერიის დაფინანსებით ფოთიდან სულ 27 ადამიანი სარგებლობს დიალიზის პროგრამით. ამ ადამიანებს ფოთში მომსახურების მიღება არ შეუძლიათ. დიალიზზე დამოკიდებული პაციენტები მიდიან ქობულეთში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში. ამიტომ მოვითხოვეთ, რომ ახალ კლინიკას ჰქონოდა დიალიზის განყოფილება. დიალიზის შემდეგ პაციენტებს უჭირთ მგზავრობა, რთული მდგომარეობა აქვთ. ამიტომ ზოგს თბილისში უწევს ცხოვრება იმისათვის, რომ დიალიზი მიიღოს,“-  ამბობს მაია მაკალათია.

მანამ, სანამ ფოთს ახალი კლინიკა ექნება, პაციენტებს ისევ მეზობელ ქალაქებში მოუწევთ წასვლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: