მთავარი,სიახლეები

გერმანელი ანტივაქსერის ვიდეო – ყალბი ამბავი ბათუმის რესპუბლიკურის შესახებ  

24.03.2021 • 4233
გერმანელი ანტივაქსერის ვიდეო – ყალბი ამბავი ბათუმის რესპუბლიკურის შესახებ  

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია როგორ შედის გერმანულ ენაზე მოსაუბრე კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აჩვენებს ცარიელ პალატებს და აცხადებს, რომ ბათუმში კოვიდპაციენტები აღარ არიან. „თუ ოდესმე იყო პანდემია საქართველოში, ახლა უკვე აღარ არის“, – აცხადებს ის ვიდეოში, რომელსაც ინგლისურ ენაზე ახლავს სუბტიტრები.

ვიდეომასალაში აღნიშნულია, რომ ის 2021 წლის 15 მარტს არის გადაღებული ბათუმში, როცა ბათუმში რესპუბლიკურ და ქობულეთის კოვიდკლინიკებში ჯამში 96 პაციენტი იმყოფებოდა და მათგან 2 მართვით სუნთქვაზე იყო.

ვინ არის და როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცარიელ პალატაში?

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ამ დეზინფორმაციული ვიდეოს შესახებ იციან და მიმდინარეობს მოკვლევა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამ ადამიანს არ გადაუღია ის პალატები, სადაც კოვიდპაციენტები იწვნენ.

„როგორ შემოვიდა არ ვიცი, მაგრამ რაც აჩვენა, ეს იყო დიალიზის განყოფილება, ის არ შესულა იმ სივრცეში, სადაც კოვიდპაციენტები გვყავს“, – ამბობს სოლომონ ფუტკარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.

საავადმყოფოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ახლა მიმდინარეობს კვლევა, თუ როგორ მოახერხა აღნიშნულმა პირმა კლინიკაში შესვლა.

ვიდეოს გავრცელებას ფეისბუქზე გამოეხმაურა „მითების დეტექტორი“, რომელმაც აღნიშნული ვიდეო შეისწავლა და მის ავტორზეც გამოაქვეყნა ინფორმაცია.

„მითების დეტექტორის“ ცნობით, ვიდეოს ავტორი გერმანელი ულტრამემარჯვენე ჟურნალისტი ბილი სიქსია, რომელიც ცნობილია თავისი კავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან.

„2020 წელს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან დღემდე სიქსი აქტიურ ანტივაქსერულ კამპანიას ეწევა.

ბათუმში გადაღებული ვიდეოს მსგავსი შინაარსის კადრები სიქსმა 2020 წლის მარტში გერმანული კლინიკიდან გაავრცელა, ვიდეოში ავტორი ირწმუნებოდა, რომ ის Charité-ის კორონავირუსის ცენტრში მივიდა, შენობა კი ცარიელი იყო, რაც ნიშნავდა, რომ საგანგებო სიტუაცია გამოგონილი და დადგმული იყო.

გერმანულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა correctiv-მა გაარკვია, რომ სიქსი რეალურად Virchow-Klinikum-ის საუნივერსიტეტო კამპუსში იმყოფებოდა, ის კი კორონავირუსის ცენტრიდან მოშორებით იდგა და დამოუკიდებელ შენობას წარმოადგენდა“ – წერს „მითების დეტექტორი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: