მთავარი,სიახლეები,სპორტი

ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვე” ნეკა დოროყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

15.03.2021 • 1761
ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვე” ნეკა დოროყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს:

“გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნეკა დოროყაშვილს და დავგმოთ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები, მედიით მაინც ხდება მოძალადის რეპუტაციის აღდგენა მისი ჩემპიონატში გამარჯვების გამო.

ვთვლით, რომ არანაირი გამარჯვება და ტიტული არ შეიძლება გახდეს ძალადობის გადაფარვის და მოძალადის გამართლების საფუძველი. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია სპორტი დაცლილი იყოს ძალადობისგან და არსებობდეს მაღალი მგრძნობელობა ამ საკითხთან მიმართებაში.
სოლიდარობა ყველა ქალს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა უსამართლობა!”.

____________________

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალი აქვს წარდგენილი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ჯერჯერობით სასამართლო განხილვები არ დასრულებულა.

12 მარტს ჩოგბურთელის ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ, სახალხო დამცველს მოუწოდა, დაიცვას ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც „ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია“.  ჭკადუას თქმით, ხედავს, რომ მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელში “[მიმდინარეობს] მასობრივი  შტურმი ნიკოლოზ ბასილაშვილის იმიჯზე, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ა.შ”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: