მთავარი,სიახლეები

„იმ სამღვდელოებას სცემეს, რომელმაც მეუფეს სექსუალური კადრები აჩვენა“ – ინტერვიუ თეოლოგთან

09.03.2021 • 6681
„იმ სამღვდელოებას სცემეს, რომელმაც მეუფეს სექსუალური კადრები აჩვენა“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტის გაგრძელებაა… მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს, რომელიც უპირისპირდება მეუფე პეტრეს. არავინ იცის, წავა თუ არა მეუფე პეტრე ვა-ბანკზე და როდის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ.

  • ბატონო მირიან, ბოლო პერიოდში სასულიერო პირებს შორის არაერთი ღია კონფლიქტი ვნახეთ. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად – ეს იყო არსებული კონფლიქტების გაგრძელება, თუ რამე ახალი მიზეზია? 

ეს დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტების გაგრძელებაა, ფორმები შეიცვალა, მაგრამ მიზეზი ახალი არ არის. აქამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა ამ კონფლიქტებს თან არ ახლდა და გუშინდელ ინციდენტში ეს იყო სიახლე – საჯარო ცემა-ტყეპა სამღვდელოებაში.

ამ ეპარქიაში სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, როცა მეუფე პეტრე გადაიყვანეს ეპარქიიდან [მეუფე პეტრე ცაავა 2019 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს სინოდის წევრობიდან, როცა მან ჰომოფობიური ენით განაცხადა, რომ სხდომაზე პატრიარქი ილია II „პედერასტიასა და მამათმავლობაში ამხილა“.] ის გადაიყვანეს ეპარქიიდან, რომელიც წლების განმავლობაში მის მიერ იყო ფორმირებული.

მეუფე პეტრეს ნაცვლად დანიშნეს მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც იყო რუსეთუმე, თუმცა მას ეყო ჭკუა და მოხერხება, არ დაეწყო ძირეული ცვლილებები. როგორც ჩანს, მეუფე გრიგოლი ხედავდა, რომ კონფლიქტი მაინც მწიფდებოდა და უკან, წალკაში დაბრუნდა.

მის ნაცვლად დანიშნეს მეუფე სტეფანე. ის დაცინვისა და შარჟის ობიექტი არაერთხელ გახდა სამართლიანად.

  • ვინ არის მეუფე სტეფანე? 

მეუფე სტეფანე [კალაიჯიშვილი] არის წარმოშობით ახალციხის მიდამოებიდან და გამოირჩევა ფუნდამენტალისტური შეხედულებებით. ის საკმაოდ მოუმზადებელია თავის პროფესიაში და ცნობილია იზოლაციონისტური პოზიციებით. მას ასეთი გამართლებაც კი მოჰყავს, რომ კოსმოსში, შეზღუდულ სივრცეშია სიცოცხლე, რომელშიც კოსმონავტები იმყოფებიან, იზოლაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიო.

ის არის ხშირად დაცინვის ობიექტი, რადგან არაადეკვატური პოზიციებით გამოირჩევა, მაგალითად, სიზმარი, რომელიც მან უქადაგა მრევლს და რომლის მიხედვითაც მან ჟანგიანი მახვილით განგმირა ნიანგები. ეს მან მიიჩნია ნიშნად, რომ ქართველი ერი დაამარცხებს კორონას.

ამ დონის პიროვნებაზეა საუბარი და ეს ართულებს მის სერიოზულად, ავტორიტეტად აღქმას.

  • რა მიზნით დანიშნეს მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიაში? 

ეს არ იყო საპატრიარქოს მხრიდან გამიზნული ნაბიჯი, ან სტრატეგია, მაგრამ რადგან კაცია იქ არ გაჩერდა და უკან წავიდა, ვიღაც უნდა გამოეგზავნათ. ამ შემთხვევაში ისარგებლეს ტერიტორიული პრინციპით, ვინც უფრო ახლოს იყო. ცაგერი და ლენტეხი მიბმულია, როგორც ცნობილია, სამეგრელოს რეგიონს და სთხოვეს, რომ წასულიყო.

  • გუშინდელ სხდომაზე მეუფე სტეფანემ ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა, ანანია კალანდიას კი, ბოლო გაფრთხილება მისცა. რამდენად დასაბუთებული იყო ეს გადაწყვეტილება და რა მიზანს ემსახურებოდა მღვდელმსახურების დასჯა? 

ეს გადაწყვეტილება ამ ეპარქიის მხრიდან საერთოდ არ იყო დასაბუთებული… მეუფე სტეფანე ჩასულიც კი არ იყო ეპარქიაში, რომ გადაწყვიტა რაღაც ცვლილებების განხორციელება და მოითხოვა სხვა ტაძრებში მსახური დიაკვნები გადასუყლიყვნენ საკათედრო ტაძარში, ანუ მისი პირადი დიაკვნები გამხდარიყვნენ. ამით დაიწყო ეს დაპირისპირება. მანამდე ეს დიაკვნები გამოირჩეოდნენ მეუფე პეტრეს მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით. ერთ-ერთი მათგანი ტიროდა კიდეც, როცა მეუფე პეტრე გაუშვეს და ამბობდა, პატრიაქი კი მიყვარს, მაგრამ ჯოჯოხეთში ვერ წავყვებიო.

ჩემი ინფორმაციით, მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს და გუშინდელი დაპირისპირება არის საპატრიარქოს და მეუფე პეტრეს შორის დაპირისპირების გაგრძელება. პირადი შეუთავსებლობა რომ ჰქონდეს მეუფე სტეფანეს, ასეთი არ მსმენია. აღმოჩნდა, რომ ეპარქიის სამღვდელოება არის ლოიალური მეუფე პეტრეს მიმართ. ისინი დარწმუნებულნი არიან მის სიმართლეში, დარწმუნებულნი არიან ასევე, რომ ის დაისაჯა უსამართლოდ. ეპარქიის სამღვდელოება ამ მდგომარეობას არ ეგუება, ისინი მეუფე პეტრეს დასჯას არ იღებენ, როგორც მისაღებ გადაწყვეტილებას.

  • რის მიღწევა სურს ამჯერად მეუფე პეტრეს? 

გუშინდელი დაპირისპირებიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას გააჩნია შინაგანი პროტესტი და პროტესტი ექნებოდათ, ვინც არ უნდა დაენიშნათ იქ. ის, რომ საქმე მიჩუმათდა, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამას შეეგუენ. პროტესტი არ არის ამოწურული ეკლესიის შიგნით.

თემა, რომელზეც პეტრე საუბრობდა, ძალიან უხერხულია და მე პირადად ვემიჯნები ადამიანების დევნას და შევიწროებას სექსუალური ნიშნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეუფე პეტრემ მაღალი იერარქიის წარმომადგენლების სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, საკმაოდ ბლომად დაუტოვა საკუთარ სამღვდელოებას, როგორც კონტრიარაღი, საჭიროების შემთხვევაში რომ გამოიყენონ.

  • თქვენი ინფორმაციით, ამ თემაზე იყო საუბარი ეპარქიის გუშინდელ სხდომაზე? 

სავარაუდოდ გუშინ მეუფე სტეფანემ სცადა, რომ ჩაეტარებინა კრება, მან ყველა დაიბარა კრებაზე. ამ დროს უკვე არსებობდა ძალიან დიდი დაძაბულობა. კრებაზე დაისვა საკითხი, რამდენად სამართლიანად დასაჯეს მეუფე პეტრე. სამღვდელოებამ თავის არგუმენტად მოიყვანა ვიდეოკადრები და როგორც მეუფე ლუღლუღებდა, აჩვენეს კიდეც მას ეს კადრები. აქ გამოავლინეს მორალისტური რეაქცია და სცემეს იმ სამღვდელოებას, ვინც მეუფეს კადრები აჩვენა. ვისაც სცემეს, ეს ჯგუფი გამოვარდა გარეთ და შემდეგ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა – მოაჯირი გადატყდა და ხალხი გადმოცვივდა.

  • რა შეიძლება მოხდეს ახლა? 

ახლა რეალურად ძალიან რთული და სულელური სიტუაციაა: მოგეხსებათ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არის დასჯადი ქმედება, მეუფე პეტრე რომ წავიდეს ვა-ბანკზე და თქვას: მე თუ ვტყუი, მაშინ ეს ხალხმა განსაჯოს და ეს კადრები გაასაჯაროვოს, მაშინ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. მეუფე პეტრემ ძალიან კარგად იცის, როგორ პროკურატურასთან და სასამართლოსთან ექნება შემდეგ საქმე.

ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო, იყო სინოდალური მოსმენა, რადგან ამ ვიდეოების ნახვას ამ შემთხვევაში ექნებოდა შიდა მოსმენის სახე და პროკურატურა თუ ვინმეს დაიჭერდა, მაშინ მთელი სინოდი უნდა დაეკავებინა. რა განვითარება შესაძლოა მოჰყვეს ამ დაპირისპირებას, რთული სათქმელია.

რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე იძულებული გახდება წავიდეს გადამწყვეტ და პრინციპულ საკითხზე, რადგან დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, გამოდის, რომ ის არის ცრუ ბრალმდებელი და ჭორებსაყოლილი ადამიანი. ადამიანმა თავისი ლოგიკიდან გამომდინარე დასდო ბრალი პატრიარქს, რასაც კიდევ ერთხელ ვემიჯნები, მაგრამ ამის დამამტკიცებელი არგუმენტი საზოგადოებას დღემდე არ უხილავს, ამიტომ ის ეცდება სიტუაცია როგორმე სათავისოდ შეცვალოს.

  • ამ ვითარებაში რა როლი აქვს „დეკანოზ მამალაძის საქმეს“? 

ეს საქმე, ცხადია, არის მიბმული ამ თემატიკაზე, სწორედ მამალაძის დაკავების შემდეგ გააქტიურდა ეს თემა, მაგრამ მამალაძის დაკავება არის მაგალითი მეუფე პეტრესთვის, როგორ შეიძლება მოექცნენ – შესაძლოა, ციხიდან ხმის გაღების საშუალებაც აღარ ჰქონდეს. მართალია, მამალაძე რაღაც წერილებს ციხიდან იწერება, მაგრამ ეს წერილები პირდაპირ არაფერს ამბობს, მამალაძე ვერ მიდის გადამწყვეტ ნაბიჯზე, არ ვიცით, რის გამო, ოჯახის უსაფრთხოება, თუ რა არის.

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი

ეს სიტუაცია ჰგავს დაახლოებით ამბავს, როცა ამერიკაში ან იტალიაში მაფიას უპირისპირდებოდნენ ადამიანები და როცა ისინი მოწმეებად გამოდიოდნენ სასამართლოში, ამის სანაცვლოდ მათი ოჯახის წევრებს ხოცავდნენ.

  • ეკლესიას რა რესურსი აქვს, რომ არსებული პროტესტი ამოწუროს? 

თუ სიტუაციას უკან გადაიყვანენ და მეუფე სტეფანეს ჩასვლამდელ სტატუს-კვოს აღადგენენ, მაშინ შესაძლოა წვრილფეხა სამღვდელოებამ აღარ ითავოს ეს კონფლიქტები, მაგრამ კომენტარებიდან ჩანს, რომ ეს ვიდეოკადრები არსებობს. ეს არის გამოძიების დაწყების საფუძველი. გამოდის, რომ ვიღაცამ უკანონოდ მოიპოვა სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

თუ გამოძიება დაიწყება, მაშინ სიტუაცია ბევრად დაიძაბება და ამ შემთხვევაში მეუფე პეტრესაც არაფერი დარჩება, გარდა ვა-ბანკისა – ეს ადამიანები, რომლებიც თავად აღაღტკინა, რაღაცნაირად უნდა დაიცვას, თუ ღირსება გააჩნია.

  • გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ საპატრიარქომ აქცენტი გააკეთა კერძო საკუთრებაში შეჭრაზე. პრესსსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო მცდელობა ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის…“ 

ანდრია ჯაღმაიძე იმდენად შეუსაბამო პოზიციაზე იმყოფება, რომ მას შინაგანი ან სხვაგვარი მზაობა არ გააჩნია, თუნდაც პროსაპატრიარქო პოზიციები გამოხატოს. რეზიდენცია როგორ შეიძლება პირადი საკუთრება იყოს, როცა სიტყვები „რეზიდენცია“ და „კათედრა“ ნიშნავს საჯარო შეკრების ადგილს, ეს არის სათემო კუთვნილება.

საპატრიარქოს ვერ წარმოუდგენია ჟურნალისტების ასეთი ჩართულობა, ეს აღიზიანებთ მათ ყველაზე მეტად. მათი სურვილია, რომ მედია არ ჩაერთოს და საშუალება მიეცეთ ერთმანეთს გაუსწორდნენ, თუნდაც ცემა-ტყეპით ერთმანეთში მოგვარდნენ, ჟარგონით რომ ვთქვათ. ამის  საშუალება რომ არ ეძლევათ, ამის გამოა საპატრიარქო გაბრაზებული. სინამდვილეში, ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა იყო ის, რაც კრების შიგნით ხდებოდა.

  • რა სტრატეგიაზე გადავა საპატრიარქო და მასთან დაპირისპირებული მეუფე პეტრე? 

საპატრიარქოს სტრატეგია არის ეს: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… საპატრიარქო სამღვდელოების პროტესტს დღემდე აიგნორებს. მე გამოვრიცხავ, რამე შეიცვალოს. მათი მიზანია, როგორმე ეს თემა არ გახდეს საჯარო პატრიარქის გარდაცვალებამდე.

თუ პატრიარქი გარდაიცვალა და დაიწყო მისი სამარკო ნიშნით გადამუშავება, როგორც წმინდანის, შემდეგ უკვე კადრების და სხვა მასალების გამოყენებით შეუძლებელი იქნება რაიმეს დამტკიცება, ან სიტუაციის შეცვლა. მხარე, რომელიც გარდაცვლილ პატრიარქზე რაიმეს თქმას გაბედავს, ვერაფერს მოიგებს. ამ სქემით საპატრიარქოში შიში არ აქვთ, რომ მეუფე პეტრე ვა-ბანკზე წავა, თუმცა რატომ არ აქვთ ეს შიში, არ ვიცი: დააშინეს, არ დააშინეს, ან როგორ აქვთ ეს ამბავი გადაწყვეტილი. ფაქტია, რომ ამ დრომდე მეუფე პეტრეც ბევრ საკითხზე საჯაროდ მსჯელობისას ბოლომდე ჩვენს ინფორმირებას არ ახდენს.

___

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე [კალაიჯიშვილი] პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების შესახებ, რომელსაც საეკლესიო პირები ბოლო პერიოდში მუდმივად განიხილავენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: