მთავარი,სიახლეები

მერიაში ამბობენ, რომ ბათუმის გენგეგმის მოსამზადებელი კონკურსი პანდემიის გამო შეწყვიტეს

02.03.2021 • 999
მერიაში ამბობენ, რომ ბათუმის გენგეგმის მოსამზადებელი კონკურსი პანდემიის გამო შეწყვიტეს

ბათუმის მერიამ სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად კი პანდემიის პირობების გამო სპეციალისტების ჩართულობის ნაკლებობა დაასახელა. ეს დოკუმენტი მომავალში ბათუმის გეგნეგმის ძირითადი ნაწილი უნდა გამხდარიყო.

მერიის ინფორმაციით, შერჩევა-შეფასების ეტაპზე კომისიას გამოაკლდნენ წევრები, რომლებიც პროფესიული ნიშნით იყვნენ მიწვეულები.

საკონკურსო კომისია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს ვახტანგ ჯოხაძემ და ზვიად ბურჭულაძემ.

ვახტანგ ჯოხაძე კომისიაში შესვლამდე საპროექტო წინადადების მომზადებაში მონაწილეობდა ბათუმის მერიის მიწვევით, ხელშეკრულების საფუძველზე.

გარდა ამისა, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 3 თანამშრომელს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ კომისიის მუშაობაში, პროცესს კოვიდის დადასტურების გამო  გამოეთიშნენ.

მერიის ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო კონკურსის შერჩევა-შეფასების ეტაპზე მერიის შესაბამისი სამსახური მხოლოდ 1 წევრით იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ონლაინშეხვედრებში სრულფასოვანი მონაწილეობა ვერ შეძლო პროფესიული ნიშნით კომისიაში მიწვეულმა კიდევ ოთხმა სპეციალისტმა.

მერიის ინფორმაციით, კომისია 17 წევრისგან შედგებოდა, მათგან 9 წევრმა შერჩევა-შეფასების ეტაპზე სრულფასოვანი მონაწილეობა ვერ შეძლო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მერიამ კონკურსის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: