განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021 გამოცხადდა

01.03.2021 • 1359
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021 გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021 გამოცხადდა. ეროვნული ჯილდოს გახსნის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გახსნა.

„წელს გვაქვს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთი წლისთავი და ამ ხნის მანძილზე დაგვიგროვდა ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და გამოცდილება. ამ ხუთი წლის განმავლობაში მასწავლებლის ჯილდომ გაგვაცნო საინტერესო ადამიანები, მასწავლებლები, რომლებსაც წელს კიდევ ერთი გამარჯვებული დაემატება,“- ამბობს ჭანტურია.

ონლაინპრეზენტაციაზე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი გამარჯვებულის, ლადო აფხაზავას მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოუწოდებს კოლეგებს, აუცილებლად მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.

„ყველაზე დიდი სირთულე საქართველოში, საგანმანათლებლო სივრცეში არის შიში სიახლეების. მასწავლებელს სიახლეები უნდა სჭირდებოდეს და უნდოდეს. სწორედ ცვლილებების მოსახდენად მოვედი სკოლაში და როდესაც ცვლილებებს იწყებ შენს სკოლაში, შენს თემში, პირველად დაგცინიან, შემდეგ გიპირისპირდებიან და როცა ამითაც ვერ გაგტეხავენ, გვერდში ამოგიდგებიან და შენი თანამებრძოლები ხდებიან. სამივე ეტაპი ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან ტკბილია ბოლოს.

ეს არ არის კონკურსი ხარ თუ არა ყველაზე ჭკვიანი, ეს არის კონკურსი რამდენად შეგიძლია ცვლილებები, რამდენად შთამაგონებელი ხარ, რამდენად ბევრი რესურსი ჩადე აი ამ საქმეში და გინდა, რომ  მოსწავლემ წარმატებებს მიაღწიოს. ამიტომ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ფიქრობენ შეავსონ თუ არა აპლიკაცია, ვურჩევდი, რომ აუცილებლად შეავსონ, რადგან ბევრმა უნდა აღიაროს თქვენი საქმიანობა,“- ამბობს ლადო აფხაზავა.

ვიდეომიმართა ეროვნული ჯილდოს სხვა გამარჯვებულებმაც გაავრცელეს.

პრეზენტაციაზე „განათლება ყველასთვის“ საქართველოს გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემაც ისაუბრა. მისი თქმით,  მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ სასკოლო საზოგადოების ნდობა მალევე მოიპოვა და დღეს ერთ-ერთი პრესტიჟული პროფესიული კონკურსია.

„ამ კრიზისის ფონზე ექიმების შემდეგ სწორედ მასწავლებლებს მოუწიათ დიდი წნეხის და სტრესის ქვეშ მუშაობა და ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სკოლა და მასწავლებლის პროფესია. ამიტომ ამ ვითარებაში ვალდებული ვართ არათუ გავაგრძელოთ ეს ჯილდო, გავაძლიეროთ კიდევაც,“- ამბობს ის.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაფუძნდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: