მთავარი,სიახლეები

ვან გოგის აქამდე უცნობი ტილო აუქციონზე გაიყიდება

01.03.2021 • 1487
ვან გოგის აქამდე უცნობი ტილო აუქციონზე გაიყიდება

კერძო კოლექციებში დაცული ვან გოგის ნახატების რაოდენობა მცირეა. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა მხატვრის 1887 წლის ტილო, რომელიც ვან გოგმა პარიზში ხანმოკლე ყოფნისას დახატა.

აქამდე კერძო კოლექციაში დაცული „მონმარტრის ქუჩის სცენა“ ცოტა ხნის წინ გადაეცა Sotheby-ისა და მირაბო მარსიეს აუქციონთა სახლებს. ნახატი 25 მარტიდან გაიყიდება აუქციონზე, გამოფენის შემდეგ.

„მონმარტრის ქუჩის სცენა“ – ვან გოგის აქამდე უცნობი, 1887 წელს შექმნილი ექსპრესიონისტული პერიოდის ტილო

პარიზში შექმნილი ნახატების სერია ვან გოგის ამ ქალაქში გატარებულ მხოლოდ 2 წელიწადს ასახავს. მხატვარი 1886 – 1888 წლებში ცხოვრობდა პარიზში ძმის, თეო ვან გოგის ფინანსური მხარდაჭერით და კერძო სტუდიაში მუშაობდა ხატვის ტექნიკაზე.

ვან გოგის პარიზის სერიის ნახატები შედევრებადაა მიჩნეული და მსოფლიოს დიდ მუზეუმებშია გამოფენილი. „მონმარტრის ქუჩის სცენა“ არტბაზრობებზე არასდროს გამოჩენილა და არც არსად გამოფენილა 1920 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც ტილო პარიზელი კოლექციონერების ოჯახმა შეიძინა.

„მონმარტრის ქუჩის სცენა“ ვან გოგის მხატვრობის ექსპრესიონისტულ პერიოდს ასახავს. ჩანს ქარის წისქვილი და დღისით მონმარტრზე მოსეირნეები.

სპეციალისტების შეფასებით, ტილო იდეალურადაა შენახული და მისი ფასი  5-დან 8 მილიონამდე ევროა. ინტერნეტაუქციონი 25 მარტიდან დაიწყება, მანამდე კი, მარტის დასაწყისში, ნახატი გამოიფინება ამსტერდამში, 16-დან 18 მარტამდე – ჰონგ-კონგში შემდეგ კი, სანამ აუქციონზე გაიყიდება, პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ძველ, თითქმის 200 წლის სასტუმრო Drouot-ის გამოფენაზე დაიდებს ბინას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: