მთავარი,სიახლეები

„შეჩერდეს ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა“ – EMC-ისა და „ბათომის“ საჩივარი

01.03.2021 • 1569
„შეჩერდეს ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა“ – EMC-ისა და „ბათომის“ საჩივარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს. ამის შესახებ ორგანიზაციებმა დღეს, პირველ მარტს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება  უკანონოა და ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს.

„მივიჩნევთ, რომ არსებული სივრცე უნდა გამოიყენებოდეს ძეგლის ღირებულების, ავთენტურობისა და რეკრეაციული რესურსის მაქსიმალური შენარჩუნებით. თავის მხრივ, სივრცის ათვისებასთან დაკავშირებული პროცესი საჯარო დემოკრატიულ დისკუსიებს, სათანადო საექსპერტო დასკვნებსა და ამ რესურსის მდგრადი განვითარების პრინციპებს უნდა დაეფუძნოს, რაც ამ შემთხვევაში უგულებელყოფილი იყო.“

„ამბასადორმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებული შენობის ისტორიულ, მხატვრულ-არქიტექტურულ მახასიათებლებს უნდა მორგებოდა.

2019 წლის დასაწყისში კომპანიამ ზღვისპირა ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებაც კი სცადა. მიზანი – ძეგლის სტატუსის მოხსნა იყო, რაზეც უარი თქვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ.

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

ამას გარდა, 2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დააჯარიმეს პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას – შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად, მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.

2019 წლის ბოლოს „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა.

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15 სართულის აშენების ნებართვას ითხოვს

სააგენტომ კომპანიას პროექტის შეცვლაზე უარი უთხრა. თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალა და 2021 წლის 21 იანვარს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი [აქედან, 3 სართული მიწის ქვეშ] სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით.

სპეციალისტების მოსაზრებით, პრობლემურია ის საკითხიც, რომ საბჭომ და სააგენტომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეს კომპანიის დაკვეთით 2020 წელს შესრულებული სახელოვნებათმცოდნეო კვლევით, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია არა იმ ძეგლზე, რომელზეც უნდა ჩატარდეს რეაბილიტაცია, არამედ ძეგლის მიმდებარე ურბანულ ქსოვილზე.

ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც ბულვარში 16  სართულის აშენება დაუშვეს

სხვა ხელოვნებათმცოდნეები კი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენება ძეგლისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანია. როგორც სსიპ „გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის“ სამეცნიერო საბჭო მიუთითებს:

„ის ფაქტი, რომ ამ ადგილზე 2016 წლამდე იდგა ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის ორსართულიანი შენობა, აღნიშნული მსხვილმასშტაბიანი, 16-სართულიანი საპროექტო მოცულობის აგების შესაძლებლობას არ იძლევა. უფრო მეტიც, მისი აშენება არათუ უშუალოდ ბულვარის ტერიტორიაზე, არამედ მის მომიჯნავედ, ძეგლის ფიზიკური თუ ვიზუალური დაცვის არეალშიც არ არის მიზანშეწონილი“. ამ პოზიციას სრულად იზიარებს ICOMOS -საქართველო, რომელიც ბულვარში ამ ტიპის მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს.

კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის დარღვევის გარდა, ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ სადავო აქტები ადმინისტრაციული და სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მიიღეს. საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები მის წევრებს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობეს. ამასთან, საბჭოს ზოგიერთ წევრს საპროექტო დოკუმენტაცია საერთოდ არ გადასცემია, რაც გამორიცხავდა საბჭოს წევრების მიერ საკითხის გაცნობის და მათი პოზიციების დასაბუთების შესაძლებლობას. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ქალაქგეგმარებით და სამშენებლო რეგულაციებს, რომელიც, ერთი მხრივ, კრძალავს სასტუმროს დანიშნულების ობიექტის მშენებლობას სარეკრეაციო ზონაში და ასევე მოითხოვს განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტის შეთანხმებას, რაც საპროექტო დოკუმენტაციაში წარდგენილი საერთოდ არ არის.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მიზანია:

მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების ბათილობის გზით უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის დაცვა, არსებული სარეკრეაციო დანიშნულების სივრცის შენარჩუნება და მისი საჯარო გამოყენება, და კერძო ბიზნესინტერესების მიერ საჯარო სიკეთეების მითვისებისა და ქალაქების სოციალური სივრცეების განადგურების პროცესის შეჩერება.

დავის განხილვის დასრულებამდე სამინისტროს მიერ სამშენებლო პროცესის დაუყოვნებლივი შეჩერების გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ბათუმის ბულვარის დაზიანების შეუქცევადი პროცესის შეჩერება, რაც მიუღწეველს გახდის ბათუმის ბულვარის დაცვის მიზანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: