ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს

01.03.2021 • 3406
კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს

აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა, იფორმირებული ადამიანების თქმით, ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები 27 თებერვალს გამოაქვეყნა.

კაზინოს მფლობელები ხელისუფლებასთან შეხვედრებს საგადასახადო და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობენ, იმ პირობების დასაზუსტებლად, რა პირობებშიც უნდა განაახლონ მუშაობა.

ჯანდაცვის რეკომენდაციების მიხედვით:

  • კაზინოებმა „შესაძლო ინფიცირებულის კონტაქტების დადგენის მიზნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით“ ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ;
  • მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ სივრცეში ფართობის ყოველ 5მ2-ზე დაიშვება მხოლოდ 1 ვიზიტორი;
  • პერსონალი და ვიზიტორები დახურულ შენობაში უნდა იყვნენ ნიღბებით;
  • უნდა გამოიყოს პირები, რომლებიც ყოველ 2 სთ-ში მოახდენენ ხშირად შეხებადი ზედაპირების [მათ შორის კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ბანკომატების, ლიფტის ღილაკების, სათამაშო ავტომატების, რულეტების, სკამების, სალარო აპარატების ზედაპირების] წმენდასა და დეზინფექციას შესაბამისი კონცენტრაციის ხსნარით;
  • მაქსიმალურად უნდა შეამცირონ ნაღდი ანგარიშსწორება;
  • მაგიდებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრი დაშორება; თუკი სათამაშო მაგიდები სტაციონარულადაა დამონტაჟებული, ვიზიტორების განთავსება დაშვებულია ერთი მაგიდის გამოტოვებით; ამასთან მაგიდასთან განთავსებულ ვიზიტორებს  შორის უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია;
  • მაგიდასთან განთავსებული ვიზიტორების რაოდენობა განისაზღვრება სამაგიდო თამაშის ტიპის მიხედვით:
    ბლექჯექის მაგიდასთან – არაუმეტეს 3 ვიზიტორი
    კამათლებით სათამაშო მაგიდასთან – არაუმეტეს 6 ვიზიტორი
    რულეტის სათამაშო მაგიდასთან – არაუმეტეს 4 ვიზიტორი
    პოკერის სათამაშო მაგიდასთან – არაუმეტეს 4 ვიზიტორი;
  • აკრძალულია სათამაშო მაგიდებთან ან მოთამაშეების უკან ვიზიტორთა დგომა;
  • ყოველი თამაშის შემდგომ უნდა გამოიცვალოს ბანქოს დასტები

 

 

ბათუმის კაზინოების მომხმარებელთა თითქმის 90% თურქეთის მოქალაქეები არიან, ხოლო დაახლოებით 10% – ისრაელის მოქალაქეები. ბათუმისგან განსხვავებით, სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ნაკლებადაა დამოკიდებული თბილისის კაზინოები, რომელთა მომხმარებლები, ძირითადად, არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან.

ამ თემაზე:

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: