მთავარი,სიახლეები

„ჩვენ შეიძლება დავემსგავსოთ კადიროვის ჩეჩნეთს, თუ არ ვიაქტიურეთ“ – ინტერვიუ

24.02.2021 • 1290
„ჩვენ შეიძლება დავემსგავსოთ კადიროვის ჩეჩნეთს, თუ არ ვიაქტიურეთ“ – ინტერვიუ

„ხელისუფლების დაუჯერებლად ბრიყვული ნაბიჯი“ – ეს ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა თქვა, თუმცა ეს არაა ერთადერთი კრიტიკული შეფასება პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა. კრიზისი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ აღიარებს, კიდევ უფრო ღრმავდება. კრიტიკა ისმის დასავლეთის სხვა პარტნიორებისგანაც. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ თუკი ხელისუფლების რიტორიკა არ შეიცვალა, იზოლაციაში აღმოვჩნდეთ.

რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ და თითოეულმა მოქალაქემ, თუკი ღარიბაშვილის მთავრობა დასავლეთს არ მოუსმენს? – „ბათუმელებმა“ ვანო ჩხიკვაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს.

  • ბატონო ვანო, რა შთაბეჭდილება გექმნებათ, როცა უსმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აწუხებთ დასავლეთის მწვავე კრიტიკა? 

პირველ რიგში, ცალსახად მინდა აღვნიშნო ის, რომ თუკი სიტუაცია არ შეიცვალა და კრიზისი არ განიმუხტა, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ამის გათვალისწინებით ალბათ ყველაზე რეალისტური, რაც მოჩანს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კრიზისი არ განიმუხტა და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგა, ყველაზე მოსალოდნელი იქნება სანქციების დაწესება. სავარაუდოდ ეს სანქციები იქნება უფრო მიზანმიმართული.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ორიენტირებული იქნებიან იმაზე, რომ ის იყოს უფრო მიმართული გადაწყვეტილების მიმღები პირებისკენ, რომლებიც რეალურად ჩართულნი არიან ამ პროცესში და რის გამოც არის კრიზისი ქვეყანაში. ალბათ მაქსიმალურად იქნება თავის შეკავება იმაზე, რომ სანქციებმა არ დააზარალოს ქვეყანა.

  • რა სახის სანქციები შეიძლება დაუწესონ საქართველოს, თუკი კრიზისი გაღრმავდება და დასავლეთის კრიტიკას ხელისუფლება არ გაითვალისწინებს? 

ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს სანქციები უცებ ამოქმედდება. სანქციების ამოქმედებას სჭირდება ბევრი ეტაპის გადალახვა. სხვა რომ არაფერი, ამას სჭირდება ევროკავშირის წევრებს შორის კონსენსუსი. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სანქციებს აწესებს ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო ამის შემდეგ გაკვალულ გზას მიჰყვება ხოლმე ევროკავშირი.

შესაძლოა, ამას მოჰყვეს იმ დახმარებების შეწყვეტა, რასაც ჩვენ ევროკავშირისგან ვიღებთ… ეს ეხება ძირითადად საბიუჯეტო დახმარებას, ასევე რეფორმების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. მხოლოდ ევროკავშირისგან საქართველოსთვის იხარჯება ყოველწლიურად დაახლებით 100 მილიონი ევრო. გამიჭირდება გითხრათ, რამდენით შესაძლოა ეს შემცირდეს. იმ შემთხვევაში, თუკი გარკვეული რეფორმები გაიყინება და გაჩერდება, შესაძლოა 50 პროცენტითაც შემცირდეს, თუმცა იმედი მაქვს მაინც, რომ აქეთკენ არ წავა ეს პროცესი და ხელისუფლება რაღაცნაირად მიხვდება, რომ ეს არ არის ის, საიდანაც შესაძლოა მოგებული გამოვიდეს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც წააგებს და ქვეყანაც.

  • რა შეიძლება დაკარგოს მოქალაქემ, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმის დაფინანსების შეწყვეტით? 

ის, რომ მართლმსაჯულების სისტემა ვერ გახდა დამოუკიდებელი და ეფექტური, ამაზე აქამდეც იყო საუბარი, მაგალითად, გასულ წელს, ბრიუსელში ვიზიტის დროს ღიად იყო საუბარი ამაზე, ევროპელი პარტნიორები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ ამ შედეგებით. მაშინაც იყო საუბარი იმაზე, რომ დახმარება, რომელიც არის გამოყოფილი ამ მიმართულებაზე და ეს რამდენიმე მილიონია, საერთოდ შეჩერებულიყო, რადგან ცვლილებების ნაცვლად მივიღეთ რეგრესი და მათ არანაირი სურვილი არ აქვთ დააფინანსონ კლანი.

რეალურად ძალიან დიდი რესურსი აქვთ ჩადებული ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, საუბარია რამდენიმე მილიარდ დოლარსა და ევროზე. შესაბამისად, მარტივად არავინ იტყვის, რომ ახლა ყველაფერი დასრულდა. მათთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სულერთი, რა ხდება ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, რაც გუშინწინ მოხდა, ამით წითელი ხაზი გადაკვეთილია და ამას მოწმობს ყველა ის განცხადება, რომელიც მოდის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. არავინ ამ ფაქტით გახარებული არ არის, გარდა რუსეთისა. აქ შექმნილი პოლიტიკური პროცესი მოსკოვში უხარიათ მხოლოდ.

  • ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა აწყობდეს საქართველოს ხელისუფლებასაც, თუკი პოლიტიკურ კრიზისში არსებობს კრემლის ინტერესი?

მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება გაყიდვადი, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა მხარდაჭერა აქვს ევროინტეგრაციას საქართველოში. ღიად რუსული ინტერესების გატარებას მე გამოვრიცხავ. ვერ შებრუნდება ხელისუფლება მარტივად და ვერ იტყვის, რომ რუსეთისკენ მიდის. ეს გამორიცხულია, თუმცა მალულად ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შესაძლოა ახლა დავკარგოთ, არის ფუნქციის დაკარგვა, დავკარგოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რაზეც ოცნებობდნენ და რა იდეასაც ეწირებოდნენ თაობები.

  • კიდევ რა შეიძლება დავკარგოთ, თუ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება? 

ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ, მაგალითად, შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოდან სტუდენტებმა, რომლებიც რამდენიმე ათასი არიან, განათლება ვერ მიიღონ ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში. არა მგონია, რომ საქართველოში ვინმეს ეს სურდეს. ყველას უნდა, რომ პარიზის, ლონდონის ან ბერლინის წამყვან უნივერსიტეტებში წავიდეს. მეორე რიგში, შესაძლებელია, რომ ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებებს იღებდნენ მოსკოვში და დავემსგავსოთ კადიროვის ჩეჩნეთს, ესაა რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ შესაძლოა აღმოვჩნდეთ, თუ ასე გაგრძელდა ეს პროცესი, თუ არ ვიაქტიურეთ, როგორც საზოგადოებამ და თუ არ გვექნა მხარდაჭერა გარედან, რომელიც როგორც ვხედავთ, ნელ-ნელა იზრდება.

  • შესაძლოა, თუ არა სანქციები შეეხოს უვიზო მიმოსვლას, ასევე ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს? 

არა მგონია, რომ აქამდე მივიდეს საქმე. ყველა ხვდება, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით არ დაზარალდება ის ხალხი, ვინც ამ კრიზისს იწვევს. ამით დაზარალდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ დიპლომატიური პასპორტები და მათ არც სჭირდებათ უვიზო მიმოსვლა. ეს კარგად ესმით ბრიუსელსა თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. ვფიქრობ, ეს კრიზისი ასევე არ შეეხება ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.

შესაძლოა შეჩერდეს და აღარ გაიმართოს მაღალი დონის სამიტები, მაგალითად, აღარ გაიმართოს ასოცირების სამიტი და ეს იყოს გარკვეული პოლიტიკური დემარში ევროკავშირის მხრიდან, აღარ ჩატარდეს ასოცირების საბჭო ან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი. ესეც უკიდურესი ფორმაა, რადგან ევროკავშირი ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს კომუნიკაციის ის არხები, რომლებიც არსებობს. ასეთ ნაბიჯს ისინი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადადგამენ. რუსეთთანაც კი ცდილობენ, რომ არ ჩაკეტონ კომუნიკაციის არხები და მაქსიმალურად შეინარჩუნონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: