მთავარი,სიახლეები

გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა

18.02.2021 • 1446
გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა.

ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული, წმინდა გიორგის ტაძარი კი თოვლის საფარველქვეშაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლიას“ ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი დეტალურად აღწერს, რა სიტუაციაშია ახლა წმინდა გიორგის ტაძარი.

„მხოლოდ ორი კალთაა გადახურული – დაბალი რეგისტრის კალთები,“ –  უთხრა მან „ბათუმელებს“ და ამის ამსახველი ფოტოებიც მოგვაწოდა.

მისივე თქმით, გელათის წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობა საფრთხის ქვეშაა. რაც ხილულად ჩანს, არის ის, რომ მხატვრობიდან მუდმივად ცვივა ფრაგმენტები.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის „ბაგინეთი +“-ის წარმომადგენელმა არჩილ ყიფიანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დროებითი გადახურვა უამინდობის გამო გაჭიანურდა.

„[სახურავის] შეფიცრვა თითქმის დავამთავრეთ. ორი ფერდის გადახურვა მოვასწარით მარტო და გაგვითოვდა. მანამდე წვიმდა. კარგ ამინდში მხოლოდ ამ სამუშაოს გაკეთება მოვასწარით. დაახლოებით ოთხი დღე არის კარგი ამინდი საჭირო, რომ მთლიანად დაიხუროს წმინდა გიორგის ტაძარი. 18 თებერვლამდე აუცილებლად მოესწრებოდა ეგ სამუშაოები, მაგრამ აი, გეუბნებით, ამინდმა შეგვიშალა  ხელი. თოვლიან ამინდში უბრალოდ ფიზიკურად ვერ იმუშავებს ხელოსანი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ბაგინეთი +“-ის წარმომადგენელმა არჩილ ყიფიანმა.

მისივე თქმით, ამჟამად წმინდა გიორგის ტაძრის სამხრეთის  და ჩრდილოეთის ფერდი არის დახურული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ წმინდა გიორგის ტაძრის გადახურვა პრევენციული ხასიათისაა.

„რისკი იმისა, რომ ტაძარში წყლის ჩადინება მოხდეს, ნამდვილად არ არის. ამ გამოცდის ქვეშ წმინდა გიორგის ტაძარი არაერთხელ ყოფილა, მათ შორის, გადახურვის დაწყებამდე ინტენსიური წვიმის ზემოქმედების ქვეშ იყო. არაერთხელ შევამოწმეთ ჩვენ უშუალო სიახლოვიდან არსებული ხარაჩოს  დახმარებით არეალები, გადამოწმდა ვიზუალურად, დატენიანების კვალი იქ არ არსებობს, მაგრამ საპარლამენტო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენ ვქმნით დროებით, ახალ მექანიზმს დამატებითი დაცვისათვის“, – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 11 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია,  საიდანაც პირველად გახდა ცნობილი, რომ სააგენტო წმინდა გიორგის ტაძარსაც გადახურავდა. მანამდე სააგენტო ამტკიცებდა, რომ წმინდა გიორგის ტაძარს დროებითი გადახურვა არ სჭირდებოდა. ამის საწინააღმდეგოდ, დარგის სპეციალისტები ითხოვდნენ სააგენტოს წმინდა გიორგის ეკლესია სასწრაფოდ გადაეხურა. საბოლოოდ, საპარლამენტო კომიტეტმა სააგენტოს რეკომენდაცია მისცა ტაძრის დროებითი სახურავის ქვეშ მოსაქცევად.

არსებული ინფორმაციით, დროებითი გადახურვის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება წყალგადამყვანი სისტემა, რომლის საშუალებით ნალექი მიწის ნიშნულზე მოწყობილ სანიაღვრე არხში გადავა.

სამონასტრო კომპლექსის 2 ტაძარზე მოწყობილი დროებითი სახურავის ფენილები არქიტექტურულ ძეგლებზე კომპლექსური კვლევის პროცესის დაწყებამდე შენარჩუნდება.

მთავარ  ფოტოზე: გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი 17/02/2021. თორნიკე ბარათაშვილის ფოტო

ამავე თემაზე:

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: