ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი

14.02.2021 • 2111
ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი

ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებული პროექტებით აშენდება. პირობის მიხედვით, 2021 წელს ანაზღაურდება არაუმეტეს 2 926 998 ლარი, დანარჩენი კი – 2022 წელს. ამასთან, „შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 2021 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებ“.

მერიის სამმართველოს ვკითხეთ, თუ რატომ მიიჩნია პრიორიტეტად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გზების გაკეთება, თანაც სხვა ორგანიზაციის დაკვეთით მომზადებული პროექტით? – კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ პროექტი „მსჯელობის საფუძველზე“ გადაეცათ.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადავეცით ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სამრეწველო ზონის მიმდებარედ [მახოს ხიდი-გონიოს ხიდის გზისა და „გეზ”-ის მიმდებარედ] მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“, – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტიდან.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული გზების მოწყობის მიზანი სამრეწველო ზონის განვითარებაა.

ადგილი [შემოსაზღვრულია წითლად], სადაც მერია გზების გაკეთებას გეგმავს

ადგილობრივი მნიშვნელობის გზის – მახოს ხიდი-გონიოს ხიდისა და  გეზის მიმდებარედ, მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებზე მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 1-ლი დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დამთავრდეს.

მერია ახალი ქუჩების გაკეთებას „ქალაქის ცალკეულ უბნებში გზებისა და ქუჩების სრული რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში გეგმავს. პროექტში აღნიშნულია, რომ „საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია კომპლექსური ღონისძიებაა, რომელიც განხორციელდება უპირატესად იმ უბნებში, სადაც დასრულდა მიწისქვეშა კომუნაკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები“. თუმცა აეროპორტის დასახლებაში მიწისქვეშა სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის და არც ისაა ცნობილი, თუ როდის დაიწყება შემოერთებულ ტერიტორიაზე კომუნალური სისტემების მოწყობა.

იმ გზების [რომელიც მერიამ ახლა უნდა ააშენოს] მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები ძირითადად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე რამდენიმე კერძო კომპანიის საკუთრებაშია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი, ამ ადგილებში მიწის ნაკვეთებს პირობიანი აუქციონით ასხვისებს. ამ თემაზე: ადლია-კახაბერში მიწის 9 ნაკვეთი პირობიან აუქციონზე იყიდება.

ამავე ტერიტორიაზე აჭარის გზების დეპარტამენტმა მდინარე ჭოროხის გასწვრივ – გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე მონაკვეთში – ახალი გზის [ე.წ. ჭოროხის გზის] მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტში 8 მილიონზე მეტი ლარი იყო გამოყოფილი. აღნიშნული გზის მშენებლობა კი ამ დრომდე არ არის დამთავრებული.

„ველოდებით მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის დასრულებას [საუბარია მახოს ხიდის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე – ავტ.], რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი [გზის მშენებლობის დასრულებაზე]“, – გვითხრეს აჭარის გზების დეპარტამენტში.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა გაგრძელდეს ბათუმის შემოვლითი გზა – ფრიდონ ხალვაშის ქუჩიდან სარფამდე მონაკვეთში. ახალი მაგისტრალის ზუსტ მარშრუტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ დრომდე არ ასაჯაროებს. აჭარის დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ ახალი მაგისტრალი და მშენებარე ქუჩები აქ ერთმანეთს არ გადაკვეთს.

წითელი ხაზით აღნიშნულია ის მონაკვეთები, სადაც ბათუმის მერიამ ქუჩები უნდა ააშენოს, რისთვისაც 18 მილიონია გაწერილი ქალაქის ბიუჯეტში

ბათუმის მერია ქალაქის სამრეწველო ზონასთან წელს მხოლოდ ერთი ქუჩის კეთილმოწყობას გეგმავს. ფრიდონ ხალვაშის გამზირის მე-9 შესახვევის 497 მეტრი სიგრძის მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტში წელს 100 ათას 521 ლარია გათვალისწინებული.

ამავე თემაზე:

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

გადაბეჭდვის წესი


ასევე: