მთავარი,სიახლეები

იძალადეს თუ არა პოლიციელებმა ბათუმში აქციის მონაწილეებზე – გამოძიება დაიწყო

07.02.2021 • 1340
იძალადეს თუ არა პოლიციელებმა ბათუმში აქციის მონაწილეებზე – გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს უწყება იმ შემთხვევებს სწავლობს, როცა დანაშაული ან სამართალდარღვევა სავარაუდოდ სამართალდამცველს აქვს ჩადენილი.

ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო 6 თებერვალს ღამით ბათუმში აქციის 11 წევრის დაკავებაზე. ისინი მაშინ დააკავეს, როცა კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ “არაგონივრული შეზღუდვების” გაუქმების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, მათზე პოლიციამ დაკავების დროს იძალადა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძემ აქციაზე დაკავებული 9 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, ორი პირს კი, 1500-1500 ლარის გადახდა დააკისრა. მათ აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა დაუდგინდათ. დაკავებულები ასევე დაჯარიმდნენ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2000-2000 ლარით.

11-ვე პირს ჯამში 34 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: