მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ 5 ათასი ხელმოწერა შეგროვდა 

06.02.2021 • 2354
ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ 5 ათასი ხელმოწერა შეგროვდა 

„შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება“ – ამ მოთხოვნით არსებულ პეტიციას უკვე 5 152 ადამიანი აწერს ხელს. პეტიციით გათვალისწინებული ხელმომწერების რაოდენობა სულ 4 დღეში შეგროვდა – პეტიციაზე ხელმოწერები 30 იანვრიდან დაიწყო.

პეტიციის მოთხოვნა ბათუმის ძველ ბულვარში 16-სართულიან მშენებლობის შეჩერებაა, ასევე ის, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე აღარ გაიცეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებლობის ნებართვა.

„ხელმოწერების შეგროვება ისევ გრძელდება, თუმცა ამ ხელმოწერების საფუძველზე ორშაბათიდან ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო უწყებებს… ისინი ვალდებული არიან განიხილონ ჩვენი მიმართვა და ჰქონდეთ რეაგირება,“ – განმარტავს იურისტი, საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრი ნათია აფხაზავა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები აპირებენ, რომ პეტიცია გაუგზავნონ: საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის სამინისტროს, აჭარის მთავრობას, ბათუმის თვითმმართველობას…

„თვითმმართველობასაც პასუხისმგებლობა აკისრია ბათუმის ბულვარის ზრუნვაზე, რადგან ბულვარი გადაცემულია თვითმმართველობის მიერ ავტონომიაზე. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაა ბულვარში, თვითმმართველობასაც უნდა ჰქონდეს რეაგირება და დაინტერესება ამ საკითხით“, – აღნიშნავს ნათია აფხაზავა.

ის, რომ ასეთ მოკლე დროში უკვე 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, სამოქალაქო აქტივისტისთვის იმის მაჩვენებელია, რომ ბულვარის მიმართ მოქალაქეებს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ.

„ეს ასე იყო ადრეც, ბულვარის გადასარჩენად მოქალაქეები ახლაც ითხოვენ საპროტესტო აქციის გამართვას, პანდემიის პირობებშიც გაიმართა აქცია… ერთი ადამიანის პროტესტიც უდნა იყოს ღირებული, თუმცა ჩვენ ხშირად გვესმის ხელისუფლებისგან, რომ აი, თქვენ 20 ხართ, 500 ხართ და ასე შემდეგ. ხელმოწერების შეგროვება ისევ გაგრძელდება, რადგან ეს არის საშუალება, მოქალაქეებმა გამოხატონ საკუთარი ხედვა, პროტესტი,“ – ამბობს საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრი ნათია აფხაზავა.

საინიციატივო ჯგუფმა ელექტრონული ხელმოწერისთვის დამოუკიდებელი პლატფორმა შეარჩია და არა პეტიციების ოფიციალური პორტალი, სადაც კონკრეტული წესებია განსაზღვრული.

„შედეგობრივად ორივე შემთხვევაში განხილვის ვალდებულება აქვს სახელმწიფო უწყებას,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ნათია აფხაზავამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: