მთავარი,სიახლეები

დაპირებულ 100 ლარს ბათუმის საბავშვო ბაღებში სავარაუდოდ სექტემბერში მიიღებენ

02.02.2021 • 1408
დაპირებულ 100 ლარს ბათუმის საბავშვო ბაღებში სავარაუდოდ სექტემბერში მიიღებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა, რომ 2020 წლის სექტემბერში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 100 ლარით უნდა გაზრდოდათ. თუმცა ბათუმის მერიამ უსახსრობა მოიმიზეზა და ხელფასები ბაღებში არ გაზარდა. ამჯერად ბათუმის მერიაში ირწმუნებიან, რომ ხელფასების გაზრდა 2021 წლის ბიუჯეტში აქვთ გათვალისწინებული და სექტემბერში საბავშვო ბაღების თანამშრომლები 100 ლარით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს 100 ლარი, შესაძლოა სულაც არ იყოს ასი – ისევე როგორც სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში: ხელფასის მატება პროპორციული წესითაა დაგეგმილი, ანუ მატება სამუშაო საათების რაოდენობის გათვალისწინებით მოხდება.

„ასი ლარი დაემატება პროპორციული წესით. საშტატო პროექტი უნდა წარმოადგინოს „ბაღების გაერთიანებამ“ და მერის დასტურის შემდეგ, გაზრდილი ხელფასები სექტემბერში უნდა აისახოს. ამ კუთხით ფინანსური რესურსი დათვლილია და ასახულია მუნიციპალურ ბიუჯეტში. დარჩენილია მხოლოდ პროცედურული საკითხი,“ – ამბობს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი, ედნარ ნატარიძე.

მისი თქმით, ასი ლარი ხელფასზე უნდა დაემატოს საბავშვო ბაღის პედაგოგს, ძიძას, აღმზრდელის და მზარეულის თანაშემწეს.

„ბათუმელები“ ბათუმში საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, თენგიზ აფხაზავასაც დაუკავშირდა და ჰკითხა, როდისთვის იქნება მზად ახალი საშტატო პროექტი, რომელიც მერიაში უნდა წარადგინოს.

აფხაზავა ადასტურებს, რომ ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებულია, „თუმცა, პროპორციულად მოხდება, თუ რომელ თანამდებობას ზუსტად რამდენი დაემატება, გვეცოდინება ივლის-აგვისტოში“, – ამბობს ის.

აფხაზავას თქმით, ამ დროისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში აღმზრდელის ხელფასი 620 ლარია, ხოლო ძიძის – 600 ლარი. თუმცა აფხაზავა არ აკონკრეტებს, ამ თანხას აღმზრდელი სრულ განაკვეთზე იღებს, თუ ნახევარის შემთხვევაში. „ეს თუ გაინტერესებთ, წერილობით უნდა მოგვმართოთ“, – გვითხრა მან.

აფხაზავა დაზუსტებით ვერც იმას ამბობს, ხელფასი მხოლოდ საშუალო რგოლს გაეზრდება, თუ თანამდებობებზე დასაქმებულებსაც. „მაღალი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, არ ემატებათ არც ჩვენთან და არც ბაღის გამგეს. დანარჩენზე ვისაუბრებთ და განვიხილავთ“, – გვითხრა მან.

საბავშვო ბაღები ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მიხედვით ბაღის თანამშრომელთა ხელფასები განსხვავებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: