მთავარი,სიახლეები

ქობულეთის სოფელი ჯიხანჯური ცოფის 3 შემთხვევის გამო კარანტინშია

02.02.2021 • 4671
ქობულეთის სოფელი ჯიხანჯური ცოფის 3 შემთხვევის გამო კარანტინშია

ქობულეთის ოთხ სოფელში – ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა შინაურ ცხოველებს, სოფელ ჯიხანჯურში კი 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული, რადგან ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა.

კარანტინის პირობებში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ქობულეთში, ნატო ქარდავამ  „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ცოფის შემთხვევა სამჯერ ერთსა და იმავე სოფელში – ჯიხანჯურში გამოვლინდა, შესაბამისად, საჭირო გახდა მიმდებარე სოფლების ვაქცინაციაც.

„ამავე სოფლებში ვაქცინაცია ჩავუტარეთ ყველა შინაურ ცხოველს,“- ამბობს ნატო ქარდავა.

მისი თქმით, ცოფის პირველი შემთხვევა სოფელ ჯიხანჯურში 22 დეკემბერს დაფიქსირდა და ცხოველებიც აიცრა, თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ცოფი იმავე სოფელში კიდევ ორჯერ – 27 დეკემბერს და ბოლოს 11 იანვარს კვლავ გამოვლინდა შინაურ ცხოველებში.

კითხვაზე, როგორ დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო ტურაა, ნატო ქარდავა ამბობს, რომ პირველმა ოჯახმა, ვისი შინაური ცხოველიც ცოფით დაავადდა, მანდარინის ბაღში შენიშნა გარეული ცხოველი.

„მივარდა პირუტყვს და ცხვირ-პირის მიდამოში გაჰკრაო. როცა თავ-პირის მიდამოშია ნაკბენი, უფრო სწრაფად ვლინდება ვირუსი. მეორე და მესამე შემთხვევაში კი უფრო გვიან გამოვლინდა. რადგან სამივე ცხოველი ერთსა და იმავე სოფელში დაეცა, ვფიქრობთ, რომ ერთი და იმავე ტურის მიერ იყო დაკბენილი,“ – ამბობს ნატო ქარდავა.

მისი თქმით, გაფრთხილებულია მოსახლეობა და რეინჯერებიც, რომ თუკი სადმე გადაეყრებიან დაცემულ ცხოველს, შეატყობინონ სააგენტოს და იქნებ ამ გზით მაინც დადგინდეს დაავადებული ტურის კვალი.

ნატო ქარდავას თქმით, ცოფისგან დაცემული შინაური ცხოველების პათანატომიური მასალა გადაგზავნილია კვლევისთვის, ნაწილი კი დაწვეს და დაფლეს ორი მეტრის სიღრმეზე.

_____________

შესწორება: თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ ცოფის გამოვლენის გამო, კარანტინია ქობულეთის 4 სოფელში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კარანტინია მხოლოდ სოფელ ჯიხანჯურში, ხოლო დანარჩენ სამ სოფელში მიმდინარეობს შინაური ცხოველების ცოფზე ვაქცინაცია. 

____________________

ფოტოზე: სოფელი ლეღვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: