მთავარი,სიახლეები

რამდენად კანონიერია პრეზერვატივზე წმინდანის გამოსახვისთვის დაჯარიმება – დავა საკონსტიტუციოში

02.02.2021 • 1781
რამდენად კანონიერია პრეზერვატივზე წმინდანის გამოსახვისთვის დაჯარიმება – დავა საკონსტიტუციოში

შეიძლება თუ არა პრეზერვატივზე იმის გამოსახვა, რაც გსურს – საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 2 თებერვალს, ამ თემაზე არსებითი განხილვა დაიწყო. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, „არაეთიკური“ რეკლამა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გასაჩივრებულია კანონის ის მუხლიც, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის.

საუბარია პრეზერვატივზე სახელწოდებით „აიისა“, რომელზეც წმინდანები სხვადასხვა წარწერით გამოსახეს. 2018 წელს კომპანია „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმეს. საკონსტიტუციო სასამართლოს კარიკატურისტმა ანანია გაჩეჩილაძემ მიმართა. პარლამენტის წინააღმდეგ მოსარჩელის ინტერესებს „დემოკრატიული განვითარების ინიციატივა“ იცავს.

მოსარჩელე ანი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ რელიგიური ან მორალური გრძნობების დაცვის მოტივით პირისთვის რეკლამის განთავსების ან მისი გავრცელების აკრძალვა არღვევს როგორც გამოხატვის, ისე შემოქმედების თავისუფლებას.

ასევე GDI-ს, რომელიც მოსარჩელის ინტერესებს იცავს, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმის შინაარსი ბუნდოვანია, არ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, რომელიც კრძალავს განუსაზღვრელი ნორმის საფუძველზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

„ევროსასამართლომ თქვა, რომ ზნეობრივ საკითხებზე სასამართლოში დავა აზრს მოკლებულია, რადგან ეს დაკავშირებულია სუბიექტურ გრძნობებთან და არაა თავსებადი გამოხატვის თავისუფლებასთან“, – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს GDI-ის იურისტმა მარი კაპანაძემ. მან „აიისას საქმის“ საერთო სასამართლოებში განხილვის შემთხვევა გაიხსენა, როცა მოსამართლემ, მაგალითად,  სამეფო გვირგვინის შებღალვად მიიჩნია ამ გვირგვინის პრეზერვატივზე გამოსახვა წარწერით – „ძლევაი საკვირველი“.

„სასამართლომ მიუთითა, რომ შებღალვა არის არა ეროვნული ძეგლის ფიზიკური დაზიანება, არამედ აბსტრაქტული შებღალვა,“ – დასძინა მარი კაპანაძემ.

მოსარჩელის ინტერესების დამცველმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკაზეც, სადაც, მაგალითად, დროშის შებღალვისთვის ადამიანებს სისხლის სამართლის წესითაც სჯიდნენ.

„უზენაეს სასამართლოში საქმეზე „ტეხასი ჯონსონის წინააღმდეგ წერტილი დაუსვა ამ საკითხზე დისკუსიას ფაქტობრივად, როცა სასამართლომ თქვა, რომ დროშის დაცვის საუკეთესო იარაღი მისი ხელახალი აღმართვაა“, – აღნიშნა მარინა კაპანაძემ.

GDI-ის იურისტმა მოსამართლეებს ასევე უთხრა, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დაუშვებს, ეს სერიოზულ საფრთხეს გააჩენს.

„აღმასრულებელი ხელისუფლება არის მიდრეკილი, რომ ჩაახშოს ჯანსაღი კრიტიკა… კომუნიკაციების კომისიამაც აშკარა უპატივცემულობა გამოიჩინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, როცა უხამსობად მიიჩნია პოლიტიკური მესიჯის მქონე სარკასტული გამოხატვა… აქ არის საფრთხე, რომ დამატებითი საფუძველი შეიქმნას რელიგიური გრძნობების გამო გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს და ისეთი რამ მოხდება, წარმოდგენაც არ მინდა,“ – მიმართა მოსამართლეებს მარინა კაპანაძემ. მან მოსამართლეებს უთხრა ისიც, რომ საზოგადოება ხშირად ცდება, როცა ამა თუ იმ მოვლენას  ჭეშმარიტებად მიიჩნევს.

„იესოც დასაჯეს. ფიქრობდნენ, რომ ის გმობდა ღმერთს,“ – დაასრულა მოსარჩელის ინტერესების დამცველმა.

იურისტმა შოთა ქობალიამ გამოხატვის თავისუფლებაზე იმ კუთხით გაამახვილა ყურადღება, რომ მას საჯარო დისკუსიაში შეაქვს წვლილი.

„მაგალითად, ეს წარწერა: „ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა“, შესაძლოა, პროვოკაციულია, მაგრამ ის შესაძლოა ფარისევლურ სულისკვეთებსაც ავლენდეს,“ – თქვა შოთა ქობალიამ.

იურისტმა ევროსასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება მიმოიხილა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა: შანტაჟი, ცილისწამება, ბავშვთა პორნოგრაფია…

„ასევე შესაძლოა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება არა შინაარსის, არამედ ფორმის გამო, რადგან კონკრეტულ დროსა და სივრცეში ის შესაძლოა მიიჩნიონ საფრთხის გამომწვევად…

ევროსასამართლომ განმარტა კიდეც, რა არის სატირა და თქვა, რომ ხელმომწერი სახელმწიფოები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მსგავს შეზღუდვებს, რადგან სატირას წვლილი შეაქვს საჯარო დისკუსიაში,“ – აღნიშნა შოთა ქობალიამ.

„ორი კბილის პასტის მწარმოებელი რომ იყოს და ერთი ავრცელებდეს რეკლამას, მეორე მომწამვლელ ნივთიერებას იყენებსო, ეს ხომ არის პრობლემა?“ – იკითხა პარლამენტის ინტერესების დამცველმა, რუსუდან მუმლაურმა. მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ რეკლამა სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული და ავიცილოთ „არაეთიკური ქმედებები“.

რუსუდან მუმლაურმა ისაუბრა კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრულ პირობებზეც, როცა შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგალითად, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების წესების დარღვევა“. პარლამენტის იურისტი ფიქრობს, რომ როცა ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფია, ხელისუფლებამ უსაფრთხოების პირობა უნდა შექმნას.

„მართლმადიდებელ რელიგიაზე ვსაუბრობთ ახლა იმიტომ, რომ ამ რელიგიის წმინდანები იყვნენ გამოსახული, სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ დაეხატათ, სახელმწიფოს ვალდებულება იქნებოდა, ორივე რელიგიის პირთა შეხედულებებისთვის საფრთხე აღეკვეთა,“ – განმარტა რუსუდან მუმლაურმა. ისიც შეეხო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს, რაც ამ საკითხებზე მიღებულა და იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ვალდებულებაა სხვადასხვა ჯგუფს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრების პირობა შექმნას.

პარლამენტის იურისტმა ისაუბრა უხამსობაზეც: „რაც შეეხება უხამსობას, სტრასბურგის გადაწყვეტილებებიც ამას აჩვენებს, რომ ფორმა ავლებს წითელ ხაზს, რომელ უფლებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა…“ – დასძინა რუსუდან მუმლაურმა.

არსებითი განხილვის პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მხარეები მოსამართლეების კითხვებს პასუხობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: