მთავარი,სიახლეები

ქობულეთის საკრებულო 2 ოპოზიციონერისთვის სტატუსის შეწყვეტას გეგმავს

30.01.2021 • 1392
ქობულეთის საკრებულო 2 ოპოზიციონერისთვის სტატუსის შეწყვეტას გეგმავს

ქობულეთის საკრებულო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ორი წევრის, ბონდო თედორაძის და მამული სურმანიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საქმის წარმოებას იწყებს.

თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მისი დასრულების ვადამდე შეიძლება შეუწყდეს თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიძე განმარტავს, ისინი ექვსი თვეა რაც სხდომებზე არ გამოჩენილან და არც საკრებულოს სხვა საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას.

„ჩემთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა უკვე გავიდა, რაც  საკრებულოს წევრები არ გამოჩენილან. როდესაც ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ბიუჯეტს, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ექვსი თვე ისინი არ გამოჩენილან და არც რაიმე უცნობებიათ, ახლა შემოიტანეს წერილი ბოიკოტზე, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, – გვითხრა დავით მჭედლიძემ.

ბონდო თედორაძის თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, ის საპროტესტო აქციებზე იმყოფება და ბოიკოტის რეჟიმშია. ის აცხადებს, რომ ამის შესახებ მან და მისმა კოლეგამაც საკრებულოში შეტყობინება უკვე გააგზავნეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: