მთავარი,სიახლეები

შეიმუშავეთ სკოლებში სპეციალური პროგრამა – EMC ბუკნარში რელიგიურ დაპირისპირებაზე

29.01.2021 • 1173
შეიმუშავეთ სკოლებში სპეციალური პროგრამა –  EMC ბუკნარში რელიგიურ დაპირისპირებაზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ვრცელ მიმოხილვას და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

სოფელ ბუკნარში კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი – მუსლიმი. მუსლიმებმა სოფელში სალოცავი გახსნეს. დაპირისპირება გასული წლის დეკემბრის ბოლოს სწორედ სალოცავის  გახსნას მოჰყვა. ბუკნარში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სოფელში მუსლიმური სალოცავის გახსნას. 2021 წლის 15 იანვარს კონფლიქტი სოფელში ფორმალურ დონეზე ამოიწურა – სოფლის კლუბში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვდნენ და შერიგდნენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბუკნარში მუსლიმი თემი სკოლის მასწავლებლების როლს კონფლიქტის გამწვავების კუთხით უარყოფითად აფასებს.

„მათი [სოფელში მცხოვრები მუსლიმი თემის] თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტამდე სკოლაში არ ყოფილა ღია ინდოქტრინაციის ან მიზანმიმართული პროზელიტიზმის ფაქტები, ცალკეული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები მუსლიმი მოსწავლეების წარმატებების აღიარების კუთხით, ზოგიერთი მასწავლებლის მხრიდან, წინა წლებშიც შეინიშნებოდა.

თუმცა ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებმა  მუსლიმი ოჯახების ნაწილი იმაზეც დააფიქრა, რომ თავიანთი შვილები ბუკნარის სკოლაში სასწავლებლად არ გაეშვათ.

სკოლის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება და პროტესტი სოციალურ ქსელებში მუსლიმების მიმართ შეურაცხმყოფელმა პოსტებმა გამოიწვია, რომელსაც, ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, ბუკნარის საჯარო სკოლის მასწავლებლები ავრცელებდნენ ან/და მხარს უჭერდნენ.

ფეისბუქპოსტები თათრებისგან/გათათრებისგან „ქრისტიანული სოფლის“ დაცვის მოწოდებებს შეიცავდა.

მუსლიმების აზრით, სოციალურ ქსელებში გაჩენილი ეს მოწოდებები სოფელში სალოცავის ამოქმედების შემდეგ გაჩნდა. მათი მისამართით გამოყენებული ტერმინი „თათარი“ მუსლიმებმა შეურაცხყოფად მიიღეს და მათთვის ასევე გაუგებარი დარჩა, თუ რატომ იყო სოფელი მათგან დასაცავი. მასწავლებლების ან სკოლის დირექტორის მხრიდან, თავიანთ პრეტენზიებზე მათ ადეკვატური პასუხი არ მიუღიათ“ – ვკითხულობთ EMC-ის მიმოხილვაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს მთავრობას, მათ შორის, განათლების სამინისტროს. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ საჭიროა სპეციალური გაიდლაინები შეიმუშაოს საჯარო სკოლებში თანასწორი გარემოს შესაქმნელად.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

  • შეისწავლოს ბუკნარის სკოლაში გაუცხოების შემქმნელი ვითარების მიზეზები და მიიღოს ყველა ზომა მათ აღმოსაფხვრელად;
  • შეიმუშაოს სპეციალური გაიდლაინები და პროგრამები საჯარო სკოლებში მულტიკულტურული, თანასწორი გარემოს შესაქმნელად, და აღნიშნული პროგრამები პირველ რიგში კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემების სკოლებში დანერგოს,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა; გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე იმუშაოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;  შეიმუშაოს და განახორციელოს სოფელ ბუკნარსა და რელიგიური კონფლიქტების გამოცდილების მქონე ან რისკის წინაშე მდგარ თემებში სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული გრძელვადიანი სამუშაოები.

EMC მიმართავს საქართველოს პარლამენტს – რელიგიის თავისუფლების სფეროში მთავრობის პოლიტიკა დაუქვემდებაროს საგანგებო ზედამხედველობას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეიმუშაოს და დანერგოს რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და სათანადო რეაგირების გაიდლაინი, რომელიც სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებსა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს დაეფუძნება და კიდევ უფრო გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და მათზე შიდა უწყებრივი მონიტორინგი;

საქართველოს პროკურატურას – გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა და სამართლიანი და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთავისი კომპეტენციების ფარგლებში, შეიმუშაოს თანასწორობის მხარდამჭერი პროგრამები მულტირელიგიურ და მულტიეთნიკურ სოფლებში და გააღრმაოს თავისი თანამშრომლების ცოდნა რელიგიის თავისუფლების, თანასწორობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მართვის სფეროში.

_________________

ბუკნარი – მუსლიმებისა და ქრისტიანების შერიგება. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: