ბათუმი,მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა ახალ ვალდებულებას აკისრებს ბიზნესს ხელისუფლება ვირუსის შესაკავებლად

30.01.2021 • 2174
რა ახალ ვალდებულებას აკისრებს ბიზნესს ხელისუფლება ვირუსის შესაკავებლად

პირველი თებერვლიდან ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის განახლებასთან ერთად, ბიზნესს ახალი ვალდებულების შესრულებაც მოუწევს – ორგანიზაციებმა თანამშრომლებს პერიოდულად ტესტირება უნდა ჩაუტარონ. ბათუმში PCR ტესტის ფასი მათთვის 80 ლარი, ხოლო ანტიგენის ფასი 30 ლარი იქნება. 2021 წლის პირველ მარტამდე ტესტირების ხარჯს სახელმწიფო აანაზღაურებს, მარტიდან კი – თავად ბიზნესი.

„ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით, სავალდებულო ტესტირების პერიოდულობისა და პირობების დაცვის შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს შესაბამის ნებართვას“, – აცხადებენ ინსპექციაში.

ამასთან, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა/განახლების მიზნით აუცილებელია ორგანიზაციამ პირველი თებერვლიდან გაიაროს რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, სადაც დასაქმებულთა პირად მონაცემებსაც შეიყვანს.

რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე 

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ასევე ნახოთ ვიდეოინსტრუქცია

ამ აპლიკაციით სამეწარმეო სუბიექტებს სტატუსს – მუშაობის ნებართვის ან მისი შეჩერების შესახებ, ელექტრონულად მიანიჭებენ.

აპლიკაციაში ჩართული მოლის/ბაზრის ადმინისტრაციას კი, შესაძლებლობა ექნება ავტომატურად ნახოს საკუთარი რეგისტრირებული თანამშრომლების ტესტირების თარიღები. ასევე, ობიექტის მიხედვით აკონტროლოს გატესტილი პერსონალის პროცენტული მაჩვენებელი.

აღნიშნულ პორტალზე სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაციაც აუცილებელია, რასაც სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

პირველი თებერვლიდან:

[checklist]

  • მოლების, ბაზრების, ბაზრობების [გარდა აგრარული ბაზრისა] ადმინისტრაციებს მოუწევთ მათ ობიქტზე ფუნქციონირებად სუბიექტებში დასაქმებულების აღრიცხვა მთლიანად და მათი 20%-ის ტესტირება ყოველ 14 დღეში ერთხელ [ანტიგენის ტესტირებას თებერვალში სახელმწიფო დააფინანსებს, მარტიდან კი, ადმინისტრაციებს თავად მოუწევთ დაფინანსება – ან ანტიგენით, ან პისიარით ჩატარებული ტესტების];
  • ყველა სავაჭრო ობიექტი, სადაც დასაქმებულია 30 და მეტი ადამიანი, პასუხისმგებელი იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირებაზე [ეს არ შეეხება: სასურსათო მაღაზიებს, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას];
  • კვების ობიექტებისთვის სავალდებულოა 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება.

[/checklist]

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პირველ თებერვლამდე მთლიანად დასრულდება ბათუმის მოლების [მეტრო სითი, ბათუმი მოლი,  პლაზა, კარფური] დასაქმებულთა ტესტირება.

„მოლების ხელმძღვანელებს აქვთ ვალდებულება წარმოადგინონ პერსონალური სიები, სადაც განსაზღვრავენ იმ პირებს [დასაქმებულთა 20%-ს], რომელთაც ტესტირება უნდა ჩაუტარდეს – ეს არის კატეგორია დასაქმებულების, რომლებსაც მეტი შემხებლობა აქვს მომხმარებლებთან, ანუ, ასე ვთქვათ, ვინც უფრო მეტი რისკის ქვეშაა. ამ 20%-ს უკეთდება ტესტი პისიარით, ხოლო დანარჩენ 80 პროცენტს – ანტიგენით“, – აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ტესტირება ამ ეტაპზე სახელმწიფო აფინანსებს: „ამით სახელმწიფო აჩვენებს პრეცენდენტს, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ბიზნესი მედიცინის სფეროდან ცოტა შორსაა, მაგრამ ისინი შემდეგ თანამონაწილეები გახდებიან ამ ტესტირების, რომელსაც თავად დააფინანსებენ“.

აჭარაში განსაზღვრულია ის დაწესებულებები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ტესტირების უფლება, სადაც შექმნილია სპეციალური მობილური ჯგუფები და ისინი თავად გადიან ბიზნესორგანიზაციებში ტესტირების ჩასატარებლად [მაგალითად, ყველაზე მეტი ჯგუფი ჰყავს აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვას, პროცესში ჩართულია ასევე დაავადებათოა კონტროლის ზონალური ლაბორატორია, თამარის დასახლების პოლიკლინიკა, საოჯახო მედიცინის ცენტრი].

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თებერვლიდან სავალდებულო/ინტენსიური ტესტირებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია შესაბამისი კლინიკები.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ანტიგენის აღმომჩენი სწრაფი ტესტების შეძენას დამატებით თებერვალში გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, ტესტებს მსოფლიო ბანაკის დაფინანსებით, COVID 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში შეიძენენ. ფასის დადგენის მიზნით კი სამინისტროს ბაზრის კვლევა უკვე გამოცხადებული აქვს. დაინტერესებული პირების მიერ წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადა 1-ლი თებერვალია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამინისტრომ 2021 წლის 20 იანვარს ხელი მოაწერა კოტრაქტს PCR ტესტების შეძენაზე შპს ABM-თან. ამ კონტრაქტის ღირებულება 1 850 000 აშშ დოლარია.

ბიზნესის სავალდებულო [ინტენსიური] ტესტირების პარალელურად, საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება.

ასეთი ტესტირება აჭარაში პირველ თებერვლამდე ტარდება ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად სიმპტომებისა. „იანვარში გვქონდა შესაძლებლობა ტესტირება გაგვეკეთებინა ნებისმიერი მოქალაქისთვის ანტიგენით. თუ ანტიგენით ტესტის პასუხი დადებითი იყო, ასეთ მოქალაქეს პისიარით ტესტი აღარ უკეთდებოდა, ხოლო თუ ანტიგენით პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ მოქალაქეს ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ერთი სიმპტომი მაინც, მას უტარდებოდა პისიარი. პირველი თებერვლიდან რეგულაციები ამოქმედდება და ტესტირება ასე ფართო აღარ იქნება“, – გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ „15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება“.

30 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადებითობის მაჩვენებელი 3,38 პროცენტია,ანუ, ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 989 ტესტიდან, დადებითი პასუხი [ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი] იყო – 676.

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი კი ქვეყანაში არის 4,21%.

წყარო: stopcov.ge / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

რაც შეეხება აჭარას, ბოლო დღეებში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 1%-ია. შედარებისთვის: აჭარაში, მაგალითად, 2020 წლის ნოემბრის თვის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 22% იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე გაიტესტება სკოლებში და ბაღებში დასაქმებულთა 100%. აქედან 20% გაიტესტება PCR, ხოლო დანარჩენი 80% ანტიგენის ტესტით – ყოველ 14 დღეში ერთხელ. ამ შემთხვევაში ტესტირებას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტირებას ჩაუტარებენ ასევე იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ 3 თვის წინ და უფრო ადრე.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში 9 ათასი მასწავლებელი გავტესტეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ისინი არ დაექვემდებარნენ ტესტირებას, ვინც 3 თვის შიგნით გადაიტანა ვირუსი. დარჩენილია ქობულეთის რამდენიმე სკოლა და 31 იანვრისთვის გვეცოდინება საბოლოო პასუხები. მასწავლებელთა ტესტირებისას დადებითი პასუხი ძალიან უმნიშვნელოა – ათეულს არ გაცდება. პირველ თებერვალს ვინც შევა სკოლაში ყველა ტესტირებული იქნება – პედაგოგიც, დარაჯიც, დამლაგებელიც“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

„სავარაუდო მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ 13 იანვარს გააკეთა. აქედან 9 დღეში კი, 22 იანვარს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარაში პირველი თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, გაიხსნება სავაჭრო და ღია ტიპის კვების ობიექტები. 15 თებერვლიდან კი, ამას დაემატება ღია და დახურული ბაზრობები.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს „იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია“.

22 იანვარს აჭარაში ბოლო ერთი კვირის [7 დღის] დადებითობის მაჩვენებელი 3,2% იყო, თუმცა 1-22 იანვრის დადებითობის მაჩვენებელი – 5,3%.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 22 იანვრამდე პერიოდში 1-15 იანვარი უქმე დღეებად იყო გამოცხადებული, 1, 7 და 19 იანვარი ოფიციალური დასვენების დღეები იყო, ხოლო ჯამში 6 დღე იყო – შაბათი-კვირა. უქმე დღეებში და შაბათ-კვირას კი, ტესტირებაზე მიმართვიანობის რაოდენობა ზოგადად დაბალია [ასე იყო მთელი პანდემიის პერიოდში].

„იანვარში [ტესტირებასა და გამოვლენას შორის მაჩვენებლის] რაოდენობრივი კლება რომ დაიწყო, ვაკვირდებოდით და დადებითობა ძალიან დაბალი იყო [დეკემბერთან შედარებით], ჩვენ აღარ ვენდეთ მარტო იმას, რომ მოვა მოქალაქე და გაიკეთებს ტესტს და მასიურად გავედით საზოგადოებაში, ტესტირება გავაფართოვეთ იმით, რომ დასწესებულებები, რომლებიც ფუნქციონირებდა, დავტესტეთ და დავტესტეთ ისინიც, ვინც თებერვლიდან აპირებს მუშაობას. ამის საშუალება ჩვენ გვქონდა და გვაქვს პირველ თებერვლამდე. დღეს დადებითობის მაჩვენებელი, მიუხედავად ფართო ტესტირებისა, აჭარაში არის წარმოუდგენლად დაბალი“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

 

აჭარაში დადებითობის მაჩვენებლის კლების მიუხედავად, მშობლების ნაწილი ბავშვების სკოლაში გაშვებას არ აპირებს. 

უშვებთ თუ არა ბავშვს სკოლაში პირველ თებერვალს? – „ბათუმელების“ ონლაინგამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი [51%] ამბობს, რომ – არა.

მოხერხდება თუ არა სკოლაში უსაფრთხოების წესების დაცვა? – ამ კითხვაზეც, გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ არ მოხერხდება.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: