მთავარი,სიახლეები

პატიმარი ითხოვს, რომ მოსამართლემ განაჩენი გამოუტანოს

27.01.2021 • 1680
პატიმარი ითხოვს, რომ მოსამართლემ განაჩენი გამოუტანოს

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის დროულად მიღებას სთხოვს. ის მსჯავრდებულიცაა და ბრალდებულიც. მისთვის ერთ-ერთ საქმეზე ბრალის წარდგენიდან [2017 წლის 14 აგვისტო] 3 წელი და 5 თვე გავიდა, თუმცა განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია. ლეონიდე მიქაბერიძე სასჯელს სხვა საქმეზე მე-2 დაწესებულებაში იხდის.

ლეონიდე მიქაბერიძის ოჯახი ფიქრობს, რომ მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში ამნისტია ეხება, მაგრამ იმისთვის, რომ პატიმარმა ციხე არ დატოვოს, მას მეორე საქმეზე, რომელიც ამ დრომდე დასრულებული არ არის, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებენ.

2014 წელს ლეონიდე მიქაბერიძე თაღლითობის მუხლით გაასამართლეს. მან საპატიმრო დაწესებულება 2021 წლის აპრილში უნდა დატოვოს. 2017 წლიდან ლეონიდე მიქაბერიძეს პროკურატურა „პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას“ ედავება. ამ მუხლის მეხუთე ნაწილი 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი აპროტესტებს იმას, რომ 2017 წელს დაწყებული სასამართლო საქმის განხილვა ამ დრომდე დასრულებული არ არის და ირღვევა კანონის მოთხოვნები.

„2017 წლის 14 აგვისტოს წარმედგინა ბრალი… ჩემს საქმეზე დარღვეულია სასამართლოსთვის განაჩენის გამოსატანად დადგენილი ვადა, ვინაიდან 24 თვე გავიდა 2019 წლის 7 დეკემბერს… ვადის გაცდენა არ იყო გამოწვეული ფორსმაჟორით და არც ბრალდების მხარეს მოუთხოვია კანონით დადგენილი წესით ვადის აღდგენა,“ – წერს ლეონიდე მიქაბერიძე ციხიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

პატიმარი იმ სამართლებრივ ნორმაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 თვეში. ლეონიდეს თქმით, მისი საქმეზე ბოლო წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 7 დეკემბერს გაიმართა.

2018 წლიდან ამ საქმეზე არსებითი განხილვები დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მისი განხილვა დასრულებული არ არის.

„როდესაც მე პირველივე შესაძლებლობისთანავე განვაცხადე სასამართლოში ამის შესახებ, სრულიად აბსურდული და სამართლებრივად არგუმენტს მოკლებული პასუხი მივიღე, როგორც მოსამართლისგან, ასევე პროკურორისგან. რა თქმა უნდა, ჩემი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა,“ – წერს პატიმარი.

ლეონიდე მიქაბერიძის თქმით, მის საქმეზე მოსამართლე რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა საქმის განხილვა თავიდან არ დაწყებულა.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ საერთო სასამართლოების პრობლემაა ყველგან და ყველა ინსტანციაში საქმის განხილვის ვადების დარღვევა. „ახალი სასჯელი თუ უფრო მკაცრი იქნება, ის შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს,“ – განმარტავს იურისტი.

კანონის მიხედვით, თუკი ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია, ამ შემთხვევაში საქმის განხილვა 9 თვეში უნდა დასრულდეს. არასაპატიმრო საქმეებზე კი, რაც ლეონიდე მიქაბერიძის შემთხვევაშია, განაჩენისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადა 2 წელია.

____

„ბათუმელები“ ხშირად წერს საქმეებზე, სადაც ეს ვადები დარღვეულია, მაგალითად, „ბათუმის ციხის უფროსების საქმის“ განხილვა 2014 წლიდან ამ დრომდე დასრულებული არ არის. ყოფილი პატიმრების დიდი ნაწილი, რომლებიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში ამბობენ, რომ აწამებდნენ, ჯერ სასამართლოს არც კი დაუკითხავს.

ლეონიდე მიქაბერიძე ხშირად აპროტესტებს პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს და სისტემის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში.

ლეონიდე მიქაბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად მიჩნევას სთხოვს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის, რომელიც პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას გულისხმობს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევა 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლეონიდე მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი მოსამართლეს ინდივიდუალური შეფასების საშუალებას არ აძლევს.

ეს ის მუხლია, რომელზეც ამ დრომდე ლეონიდე მიქაბერიძე ბრალდებულია და სასამართლოს განაჩენი არ მიუღია. ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი, მარიკა ჭკადუა „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ ლეონიდეს არც ამჯერად ჰყავს ადვოკატი, ხოლო მისი ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ხვალ, 28 იანვარს გაიმართება.

„…როგორც ლეონიდემ მითხრა, ამჯერად აღკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს სასამართლო, რომ ლეონიდე ამნისტიის შედეგად გარეთ ვერ გამოვიდეს. მან უნდა დატოვოს საპატიმრო და ამ მეორე საქმეზე პროკურორი ითხოვს წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. პროკურატურას არ აწყობს, რომ ლეონიდე გარეთ იყოს,“ – ამბობს მარიკა ჭკადუა.

ლეონიდე მიქაბერიძის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თათია გოგოლაური განიხილავს.

ლეონიდე მიქაბერიძე 2016 წელს დავობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. მაშინაც მას მსჯავრდებულთან ერთად ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, ხოლო ციხის ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნებით სარგებლობაზე უარს ეუბნებოდა – კანონით ბრალდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ. მაშინ ლეონიდე მიქაბერიძემ სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში მოიგო.

ამ თემაზე:

რატომ ვეღარ აგზავნიან პატიმრები ციხიდან წერილებს – რა შეცვალა ციხეებში პანდემიამ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: