ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბანკის სესხს ნახევარმილიონზე მეტი ადამიანი ვერ იხდის – „დაყადაღებული საქართველო“

16.02.2021 • 2720
ბანკის სესხს ნახევარმილიონზე მეტი ადამიანი ვერ იხდის – „დაყადაღებული საქართველო“

საქართველოში ნახევარმილიონზე მეტი მოქალაქე ვალს დროულად ვერ იხდის. ქვეყანაში დღეს 545 029 ფიზიკურ პირს ბანკის, მიკროსაფინანსო თუ სხვა ორგანიზაციის ვადაგადაცილებული სესხი აქვს. სესხის ჯამური მოცულობა 2,4 მილიარდს აჭარბებს [ექვივალენტი ლარში]. გარდა ამისა, 9 669 პირი არის თანამსესხებელი, ხოლო 90 487 პირი – გარანტორი.

„დაკანონებული ყაჩაღობა“ – ასე აფასებენ სახელმწიფოს პოლიტიკას საფინანსო სექტორში ის მოქალაქეები, რომლებიც სესხის დროულად გადახდას პანდემიის პირობებში შემოსავლების დაკარგვის გამო ვერ ახერხებენ. ამ ადამიანების ერთი ჯგუფი 15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზეც შეიკრიბა.

„გადაგვივადონ სესხი ისე, რომ რეალური შეღავათი მივიღოთ“, „დააწესონ დაბალი პროცენტი,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ.

„პანდემიის დროს შემექმნა სესხის პრობლემა. გასული წლის მაისში იყო გადავადება, დავრეკე ბანკში და ვუთხარი, რომ თუ პროცენტი მომემატება, ასეთი გადავადება არ მაწყობდა. არაო მითხრეს, უბრალოდ, თქვენი ვალდებულება სამი თვით იქეთ გადაიწევსო. ეს მაწყობდა. ვადის გასვლის შემდეგ [გზავნილებზე მაქ სესხი და იცით ევროპაშიც რა სიტუაციაა] კიდევ დამჭირდა გადავადება – მთავრობამაც გამოაცხადა, დაწერეთ განცხადება და ინდივიდუალურად განიხილავს ბანკებიო. კი გადაგივადეს, მაგრამ ძალიან ცუდი პირობებითო. ჯერ 927 ლარს ვიხდიდი თვეში, მოემატა და ახლა 1026 ლარი ერთი წელი უნდა ვუხადო ბანკს ისე, რომ ჩემს სასესხო ვალდებულებას [ძირს] არ აკლდება არაფერი. ასეთი დახმარება რად მინდოდა? ვითხოვთ საბანკო პოლიტიკა გადაიხედოს, მთავრობამ ყურად იღოს, რომ საპროცენტო განაკვეთები მაინც დაიწიოს. ბანკიდან სესხი რომ გამომაქვს, უბედურებაში კი არ უნდა ჩავვარდე, ჩემი მდგომარეობა უნდა გავიუმჯობესო. 14%-ში მაქვს სესხი. ძლიერი ეკონომიკა რომ აქვს, იმ ქვეყნებში არ არის ამხელა პროცენტი. ეს აუცილებლად მისახედია“, – ამბობს ბათუმში მცხოვრები მაია მელიქიძე.

„გადავადების პერიოდში 6 თვე რაც უნდა მეხადა, 1140 ლარი, ის დაემატა ძირს [ჯამში 6 ათასამდე ლარი] და ამ დამატებულ ძირს დაერიცხა შემდეგ პროცენტი და გამიძვირდა სესხი. იპოთეკური სესხი მაქვს. კარგი იქნება, დაბალპროცენტიანი რომ იყოს ეს სესხები და უფრო გრძელვადიანი. სახელმწიფოს დახმარებით კი გამოვიტანე სესხი, მაგრამ თუ ვერ გადავიხადე, ეს რაღა დახმარებაა. რაღაცნაირად გავაგრძელე გადახდა, მაგრამ სესხი გამიძვირდა… ის, რაც აქამდე გადავიხადე, თითქოს არც გადამიხდია, ისევ ხელახლა დავიწყე გადახდა. დრო მაინც გაგვიხანგრძლივონ, რომ თვეში ნაკლები გადასახადი გვქონდეს. იმ სამუშაოს და ხელფასების პირობებში, რაც ჩვენს ქვეყანაშია, როგორ უნდა გავაგრძელო გადახდა, არ ვიცი“, – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე ირმა მიქელაძე.

ლალი ზაქარეიშვილი იმ ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვაზე მუშაობს. მისი თქმით, პანდემიის გამო დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა: „დაყადაღებულია მთელი საქართველო ამ იპოთეკური სესხების გამო და ახლა ამ ძველ დაზარალებულთა ჯგუფს დაემატა მომართვიანობა პანდემიის დროს გადავადებულ სესხებთან დაკავშირებით. პირველი გადავადება იყო სამი თვით, შემდეგ კიდევ სამი თვით და გამოვიდა ისე, რომ მორიგი აფიორა გაითამაშეს ისევ ბანკების სასარგებლოდ. ევროპაში, მაგალითად, [მაქვს შეხება და ვიცი] ძირიც დაპაუზდა, პროცენტიც და უთხრეს 6 თვის შემდეგ გააგრძელეთ იქედან, სადაც იყო სესხი გაჩერებულიო. ჩვენთან კი, განახლებული ხელშეკრულებებით ისე შედგა გრაფიკი, ერთი წელი მსესხებელი იხდის გიგანტურ დანამატს. არის შემთხვევები, როცა 12 ათასი ლარი მიაქვს წლის განმავლობაში ბანკს ისე, რომ ძირს არ აკლდება არაფერი. რა დავარქვათ ამას, ეს არ არის ოფიციალურად დაკანონებული ყაჩაღობა?“

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, 30 დღით და მეტით ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკა საქართველოში ასე გამოიყურება:

[crosslist]

  • 308 340 ფიზიკურ პირს აქვს კომერციული ბანკების სესხი. ვადაგადაცილებული სესხების ჯამური მოცულობა – 1 758 057 941 ლარი;
  • 222 673 ფიზიკურ პირს აქვს სხვა რეგულირებადი სუბიექტების [მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სხვ.] სესხი, სადაც ვადაგადაცილებული სესხების ჯამური მოცულობა  642 569 957 ლარია;
  • 14 016 ფიზიკურ პირს კი, სესხი აღებული აქვს არარეგულირებადი სუბიექტებისგან, სადაც ვადაგადაცილებული სესხების ჯამური მოცულობა 82 637 736 ლარია.

[/crosslist]

„ბათუმელებს“ არაერთმა მოქალაქემ უთხრა, რომ პანდემიის შედეგად სამსახურის/შემოსავლების დაკარგვის გამო ვერ იხდის სესხს. უმეტესობას სესხი უზრუნველყოფილი აქვს საცხოვრებელი ბინით/სახლით და დგანან ამ ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ეს ადამიანები გამოსავალს სესხის გადავადებაში ხედავენ, რაზედაც, მათივე თქმით, კომერციული ბანკები უარს ეუბნებიან.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამდენიმე ბანკს, ასევე ეროვნულ ბანკს და საქართველოს მთავრობას, იმის გასარკვევად, თუ რას აკეთებს ამ კატეგორიის მოქალაქეების დასახმარებლად სახელმწიფო.

როგორც აღმოჩნდა, „სესხის გადავადებას, რესტრუქტურიზაციასა და რეფინანსირებას კომერციული ბანკები მსესხებლებს სთავაზობდნენ და სთვაზობენ თავისი შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად“ და სახელმწიფო ამ საკითხში არ ერევა.

„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობას ამ კითხვებით მიმართა:
1. განიხილება თუ არა საქართველოს მთავრობაში იმ ფიზიკური პირების პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებმაც სამსახური/შემოსავალი პანდემიის გამო [მათ შორის, დაწესებული შეზღუდვების შედეგად] დაკარგეს?
2. აქვს თუ არა მთავრობას ინფორმაცია რამდენი ფიზიკური პირი ვერ ახერხებს კომერციული ბანკებისთვის სესხის გადახდას დღევანდელი მდგომარეობით?
3. განიხილება თუ არა მთავრობაში ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის რაიმე სახით დახმარება [მაგალითად, კონსულტაციები კომერციულ ბანკებთან სესხის გადავადებაზე]?
4. ხომ არ იგეგმება ქვეყნის ბიუჯეტიდან ან/და დონორებისგან მიღებული თანხის ნაწილის იმ კუთხით მიმართვა, რომ ფიზიკურმა პირებმა შეღავათი მიიღონ პრობლემურ სესხებთან მიმართებაში?

2021 წლის 24 იანვარს გაგზავნილი წერილზე მთავრობამ არ გვიპასუხა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნა. ფინანსთა სამინისტრომ 10 თებერვალს მოგვწერა, რომ „2020 წელს ამუშავდა ბიზნესის მხარდაჭერის საკრედიტო საგარანტიო სქემა, გაეშვა პროგრამა თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ბიზნესის ხელშეწყობის დამატებითი ეფექტური მექანიზმი სამშენებლო სექტორის მიმართულებით.“

ფინანსთა სამინისტროს წერილიდან ირკვევა, რომ ბიზნესისგან განსხვავებით „დამატებით, ფიზიკური პირების სესხებთან მიმართებაში რაიმე ტიპის შეღავათები ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული“.

განიხილება თუ არა ეროვნულ ბანკში იმ ფიზიკური პირების პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებმაც სამსახური/შემოსავალი პანდემიის გამო [მათ შორის, დაწესებული შეზღუდვების შედეგად] დაკარგეს? ასევე, ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის რაიმე სახით დახმარების აღმოჩენა [მაგალითად, კონსულტაციები კომერციულ ბანკებთან სესხის გადავადებაზე, რაიმე დროებითი რეგულაციების შემოღება და სხვა]? – ეს კითხვები ეროვნულ ბანკს გავუგზავნეთ.

„Covid19-ის პანდემიით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან გამკლავებისათვის კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს რამდენიმე ეტაპად შესთავაზეს ვალდებულებების გადავადეების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შესაძლებლობა. მსგავსი ღონისძიებების მიზანია მსესხებელთა შემოსავლების შემცირებით გამოწვეული დროებითი ფინანსური სირთულეების დაძლევა. პროცესში ბანკები ხელმძღვანელობდნენ შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით მიდგომები მსესხებლებთან მიმართებაში იყო განსხვავებული გადახდის გრაფიკის, საშეღავათო პერიოდის ხანგრძლივობისა და ა.შ. გათვალისწინებით. მიმდინარე ეტაპზე ბანკები კვლავ ინტენსიურად და ინდივიდუალურად განიხილავენ მსესხებლის თითოეულ მიმართვას და გადავადება, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირებაზე მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას“, – მოგვწერეს ეროვნული ბანკიდან.

ეროვნული ბანკი ასევე გვწერს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა საზედამხედველო ღონისძიებებმა მაქსიმალურად ხელი შეუწყო აღნიშნული პროცესის ეფექტიან განხორციელებას“.

ეროვნულ ბანკს დამატებით ვთხოვეთ ,დაეკონკრეტებინა რა საზედამხედველო ღონისძიებები გაატარა ამ კუთხით და ეს ღონისძიებები უშუალოდ პანდემიიდან გამომდინარეობდა თუ არა [იყო თუ არა რაიმე რეგულაცია ბანკების მიმართ? არის თუ არა გაფორმებული რაიმე მემორანდუმი და სხვა]? 

„სესხის გადავადებებს, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირებებს კომერციული ბანკები მსესხებლებს სთავაზობდნენ და სთვაზობენ თავისი შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად“ – მოგვწერეს ეროვნული ბანკიდან.

„ბათუმელები“ რამდენიმე კომერციულ ბანკსაც დაუკავშირდა, რომლებსაც კითხვები წერილობით გავუგზავნეთ.

გვაინტერესებდა, რა პროცესები მიდის კონკრეტულ ბანკში ფიზიკური პირების პრობლემური სესხების გადავადების ან პანდეემიით დაზარალებული კლიენტებისთვის განსხვავებული პირობების შესაძლო შეთავაზების კუთხით და რა შეღავათებს სთავაზობს ბანკი მათ, ვინც პანდემიის პირობებში შემოსავლის/სამსახურის დაკარგვის გამო ვერ იხდის სესხს? – ამ და სხვა კითხვებზე ბანკებიდან მხოლოდ ზოგადი პასუხები მივიღეთ.

„საქართველოს ბანკი, როგორც მომხარებელზე ორიენტირებული ბანკი, ცდილობს გაითვალისწინოს არსებული მდგომარეობა და მომხმარებელს, რომელიც საჭიროებს რესტრუქტურიზაციას, შესაძლებლობის ფარგლებში სთავაზობს მასზე მორგებულ გადახდის გრაფიკს. თითოეული  ასეთი მომხარებლის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და ბანკი მაქსიმალურად ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე მისი ინტერესი“, – მოგვწერეს „საქართველოს ბანკიდან“.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით კი „მომხმარებლებს, ვინც დაკარგა შემოსავალი და ვეღარ ახერხებს სესხის გადახდას, ვთავაზობთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობას 2021 წლის მარტის ჩათვლით. საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის მომხმარებელზე დარეგისტრირდება ახალი სესხი. რამდენიმე სესხის შემთხვევაში, ყველა სესხი გაერთიანდება ერთ სესხად. ყველა მომხმარებელს, ვინც დაკარგა შემოსავალი, შეუძლია მიმართოს ბანკს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე“.

„თიბისი ბანკში“ ასევე გვითხეს, რომ სესხის გადავადებაზე მსესხებელთა „მომართვის ძირითადი მიზეზი არის შემოსავლის დაკარგვა ან შემცირება“.

მსესხებელთა რამდენი პროცენტი ვერ იხდის სესხს, რამდენმა მიმართა ბანკს, რამდენმა მოახდინა სესხის რესტრუქტურიზაცია და სხვა სტატისტიკა ბანკებიდან ვერ მივიღეთ.

ერთ-ერთ ბანკში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის მხარდამჭერი პაკეტი 1,1 მილიარდი ლარითაა განსაზღვრული. აქ ერთ-ერთ პუნქტად მითითებულია – „საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა შეიზღუდა დეკემბერ-იანვარში“, თუმცა, რას გულისხმობს ეს „შესაძლებლობა“, დაკონკრეტებული აღარ არის.

2021 წელს 200-ლარიანი დახმარება [იანვარში] 106 080 პირს ჩაერიცხა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დასაქმებული იყვნენ გასულ წელს, მაგრამ პანდემიის გამო დეკემბერში უხელფასოდ დარჩნენ.

2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, პანდემიის გამო სამსახური 161 905-მა პირმა დაკარგა. ამავე პერიოდისთვის შემოსავლის გარეშე დარჩა კიდევ 248 823 თვითდასაქმებული. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა იმ პირების, რომლებზეც 200 და 300-ლარიანი კომპენსაციები გაიცა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან ჯამში 540 მილიონი აშშ დოლარი და 1,6 მილიარდი ევრო ისესხა. 2020 წლის ოქტომბერში აღნიშნული სესხიდან საქართველოში უკვე ჩამორიცხული იყო ჯამში 2,4 მილიარდი ლარი:

პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ბიუჯეტიდან წელს 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: