მთავარი,სიახლეები

ვინ მიიღებს კომპენსაციას და როდის აგვისტოს ომზე ევროსასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

22.01.2021 • 1413
ვინ მიიღებს კომპენსაციას და როდის აგვისტოს ომზე ევროსასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

ევროსასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველო – რუსეთის ომზე საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ, 21 იანვარს გამოაცხადა.

კომპენსაციის ნაწილში ევროპულმა სასამართლომ ერთწლიანი ვადა მისცა საქართველოს და რუსეთს. ამ პერიოდში მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმდნენ, რასაც აგვისტოს ომში დაზარალებულები მიიღებენ.

„თუკი ვერ შეთანხმდებიან მხარეები, ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის სასამართლო კომპენსაციაზეც,“ – განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ნინო ჯომარჯიძე. ის რუსეთთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეს იხსენებს, როცა 2006 წელს ქართველების რუსეთიდან დეპორტაციის გამო გაამტყუნეს რუსეთი. მაშინ კომპენსაციაზე შეუთანხმებლობის გამო, 2016 წელს, ევროსასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

„რუსეთს ეს თანხა საქართველოსთვის ამ დრომდე არ გადაუხდია, თუმცა გადაიხადა ინდივიდუალური კომპენსაციები ინდივიდუალური საქმეების მიხედვით. ზოგიერთი დაზარალებულის შემთხვევაში იყო 2 ათასი ევრო. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოაძევეს რუსეთიდან. 15 ათას ევრომდე გადაუხადეს იმ ადამიანებს, ვის მიმართაც წამების და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა დადასტურდა,“ – გვითხრა ნინო ჯომარჯიძემ.

იურისტი განმარტავს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მათ შორის, კომპენსაციის მიღების ნაწილში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს. ამ დრომდე ევროსაბჭო მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან კომპენსაციის საქართველოსთვის გადახდაზე 2006 წლის დეპორტაციის საქმეზე და მკაცრი სანქციების მექანიზმები არ ამოქმედებულა.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ომს – გუშინ ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორისი საქმე იყო. ინდივიდუალური საჩივრები კი, ევროსასამართლოს ჯერ არ განუხილავს. იურისტები ვარაუდობენ, რომ როგორც ეს დეპორტაციის საქმეზე მოხდა, ამ შემთხვევაშიც ევროსასამართლოს დამატებით 2 წელი დასჭირდება.

„ევროსასამართლომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე 33 მოწმე დაკითხა, მათ შორის, რამდენიმე იყო ისეთი, ვის უფლებებსაც საია იცავს… დიდი ალბათობით, ინდივიდუალურ საქმეებზეც იგივე დარღვევები დადგინდება, თუმცა პროცედურის მიხედვით, სასამართლო ითხოვს წერილობით განმარტებებს,“ – ამბობს საია-ს იურისტი, ნინო ჯომარჯიძე. საია-ს აგვისტოს ომზე ევროსასამართლოსთვის 53 საჩივრით აქვს მიმართული და ის 350-ზე მეტ პირს ეხება.

ათობით ინდივიდუალური საჩივრით აქვთ მიმართული ევროსასამართლოსთვის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც: „ადამიანის უფლებების ცენტრი,“ „უფლებები საქართველო“ და „ადამიანის უფლებების პრიორიტეტები“.

ამ სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოამზადეს მტკიცებულებები აგვისტოს ომის საქმეზე და ეს სახელმწიფომაც გამოიყენა სახელმწიფოთაშორის საქმეში, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება ევროსასამართლომ უკვე გამოაცხადა.

___

https://netgazeti.ge/news/513234/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: