სიახლეები

დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება თებერვლიდან სავალდებულოა

25.01.2021 • 2170
დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება თებერვლიდან სავალდებულოა

2021 წლის პირველი თებერვლიდან დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება სავალდებულოა. პირველი მარტიდან კი, დამქირავებლის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა გამოიწვევს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს უფლება ექნება,  მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე.

კანონის მიხედვით, დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებპორტალზე პირადი ავტორიზებული გვერდიდან, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე შეავსოს დაქირავებულ პირთა რეესტრი, სადაც მიეთითება დაქირავებული ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი [აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი]. 

დამქირავებელი პირი ვალდებულია 2021 წლის 1-ელ მარტამდე „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 იანვრის ბრძანებით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რაც გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების [სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა] შესახებ  ინფორმაციის ანალიზს. შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით.

დამქირავებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ახსნა-განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას.

„რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ვერ განხორციელდა დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარება ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ის მოძიება, და თუ დამქირავებელი უარს აცხადებს წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შესაბამისი დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ძალაში 2021 წლის პირველი მარტიდან შევა.

„მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს დაქირავებულ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას. რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: