კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„ეს არის კორუფცია“ – საბჭოს წევრი ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენებაზე 

21.01.2021 • 2725
„ეს არის კორუფცია“ – საბჭოს წევრი ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენებაზე 

„როგორც ჩანს, რაღაცები დალაგდა იქ და რიჟვაძემ უკან დაიხია. ახვლედიანი რიჟვაძის წინ მორბენალი კვიცი არ არის. გახსოვთ, მან თქვა, რომ წინააღმდეგ იყო“, – ასე აფასებს შოთა გუჯაბიძე „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი [დამატებით 3 მიწისქვეშა სართულით] სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დათანხმებას. ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს წევრია და ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის გაზრდას. სწორედ ამბასადორის პროექტს დაეთანხმა დღეს სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი.

უნდა გაიზარდოს თუ არა „ამბასადორ ბათუმის“ პროექტის მასშტაბი ბულვარში – რიჟვაძე უარზეა

საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინო ინაიშვილი კი კორუფციაზე მიანიშნებს. არც ის ეთანხმება „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბების გაზრდას:

„არქიტექტურაზე მსჯელობა არ არის… შუაგულ ბულვარში, ცენტრალურ ნაწილში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გამცემზე რა უნდა იფიქრო, თუ არა კორუფცია. ეს ეხება საბჭოს ყველა წევრს, ვინც თანხმობა განაცხადა. სხვა რა უნდა იფიქრო. სხვა არაფერი რჩება. მაქვს ერთადერთი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის კორუფციული გარიგება. აბა, რა უნდა ასეთ დროს ადამიანს, თუ არა რაიმე გამორჩენა.“

ამ პროექტთან მიმართებაში ეჭვები კორუფციაზე სხვა დროსაც გაჩნდა, კონკრეტულად კი მაშინ, როდესაც ტელეარხ 25-ის ოპერატორმა ბათუმის საკრებულოს ტელეფონში ბათუმის მერის სმს შეტყობინება გადაიღო:

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“

შოთა გუჯაბიძემ აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ მომზადების პროცესშია ბულვარის გენგემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან თანხა იხარჯება. გენგეგმა კი გააჩენს შესაძლებლობას, რომ ბულვარში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და სარეკრეაციო სივრცეა, ინვესტორების მიერ უხეში ჩარევის შესაძლებლობა დაიბლოკოს. შოთა გუჯაბიძის აზრით, „არავისი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, რა შეიძლება აშენდეს იქ და რა არა: ეს ყველაფერი გენგეგმამ, დამტკიცებულმა დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს“.

სხდომა, სადაც „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის გაზრდის საკითხი დადებითად გადაწყვიტეს, პანდემიის პირობების გამო ონლაინ ჩატარდა:

„ეს იყო წინასწარ გათვლილი და უნიჭოდ დადგმული პროცესი ზუმში, სადაც საზოგადოების ჩართულობა ვერ იქნებოდა“, – აცხადებს შოთა გუჯაბიძე. მისივე თქმით, პროექტის ვიზუალური მასალა მას სხდომის დაწყებამდე არ უნახავს. საეჭვო იყო ისიც, რომ წარდგენლი რენდერები საბჭოს წევრებს  სხდომამდე არ გაუგზავნეს.

„აგზავნიან ხოლმე სხვა დროს, ამჯერად, რომ არ გამომეთხოვა, არც მაჩვენებდნენ, რა ხდებოდა, რაზე უნდა მოგვეწერა ხელი. როგორც წესი, წინასწარ აგზავნიან ზუმში. დაწყებული იყო საბჭოს სხდომა, როცა მოვითხოვე პრეზენტაცია გამომიგზავნეთ-მეთქი, თავიდანვე საეჭვო იყო ყველაფერი, დაიწყეს იქ  შეფასებები, რომ ეს შედევრია, ერმილე მესხია და კაკო  ძნელაძე [საბჭოს წევრები – ავტ] იყო თანახმა. ეს არის მშენებლობა, რომელსაც აშკარად მხარს უჭერს სააგენტო, ისედაც აქვს ამ კომპანიას ბევრი დარღვევა, რაზეც რეაგირება არ აქვს სააგენტოს და ირიბად ხელს უწყობს. ეს არის დანაშაული და საბჭოს თავმჯდომარესაც ვუთხარი პირდაპირ, რომ ის ამით დანაშაული ჩადის.“

ნინო ინაიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ სასამართლოში გაასაჩივრებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რაც ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ მიერ 16-სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობაზე თანხმობას გულისხმობს: „გავასაჩივრებთ, რადგან ეს არის სერიოზული პრობლემა.  სისტემური პრობლემა კი, ზოგადად, საბჭოს დაკომპლექტების წესია.“

ძეგლების საბჭოში 8 წევრი მუშაობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საბჭოს 8 წევრიდან ამბასადორის პროექტს მხარი არ დაუჭირეს სოფო ჭანიშვილმა, ნინო ინაიშვილმა და შოთა გუჯაბიძემ.

___

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

ამავე თემაზე: აჭარის კულტურული მემკვდერობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის პოზიცია

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: