მთავარი,სიახლეები

„ნებართვას ვაძლევ“ – ზაურ ახვლედიანი თანახმაა ბულვარში 16-სართულიანი პროექტის მშენებლობაზე

21.01.2021 • 3245
„ნებართვას ვაძლევ“ – ზაურ ახვლედიანი თანახმაა ბულვარში 16-სართულიანი პროექტის მშენებლობაზე

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას გეგმავს, ამას დაემატება სამი სართული მიწის ქვეშ, რასაც პროექტი ითვალისწინებს. ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ დღეს განიხილა.

ცვლილების შეთანხმების შემდეგ შენობა გარკვეულწილად ფუნქციასაც იცვლის, შეთანხმებული იყო ოთხსართულიანი [დამატებით სამი მიწისქვეშა  სართულით] ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა, ახლა კი მას სასტუმროს ფუნქციაც ექნება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ მას პროექტი მოსწონს და ნებართვის გაცემა გადაწყვეტილი აქვს. ბათუმის ბულვარი ძეგლია და, შესაბამისად, თუ ძეგლების საბჭო არ გასცემს ნებართვას, აქ მშენებლობა აკრძალულია.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

  • ბატონო ზაურ, ვიცით, რომ საბჭომ პროექტი უკვე განიხილა. როგორია პირადად თქვენი პოზიცია ბულვარში 16 სართულის მშენებლობასთან დაკავშირებით?

საბჭოს პოზიცია თუ გაინტერესებთ, საბჭომ მოიწონა ახალი პროექტი.

2019 წელს, როდესაც ვუთხარით უარი „ამბასადორის“ 15-სართულიან პროექტს, ის არ იყო ბულვართან შესაბამისობაში და მასზე შესაბამისი განცხადებებიც გავაკეთეთ. საბჭომ თქვა, რომ აშენდება ის, რაზედაც იყო ნებართვა გაცემული, თუმცა პროექტანტმა შემოიტანა ახალი [პროექტი], რომელიც ითვალისწინებს 15 სართულს და მე-16 არის ტექნიკური ნაწილი, დაშენდება იმ ოთხ სართულზე, რაზედაც იყო  გაცემული ნებართვა 2018 წელს.

გახსოვთ ალბათ, რომ იყო ორსართულიანი შენობა და გაიცა ოთხი სართულის მშენებლობის ნებართვა. თუმცა გახსოვთ ალბათ ყველას, რომ ეს ითვალისწინებდა სამ მიწისქვეშა სართულს. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ პროექტი იყო ოთხსართულიანი, არ არის სწორი. მათ შორის ქალბატონ ნინო ინაიშვილსაც [საბჭოს წევრი, რომელიც ბულვარში მაღლივ მშენებლობას არ ეთანხმება -ავტ.] ჰქონდა თანხმობა იმ  პროექტზე.

შორს რომ არ წავიდე, ახალი კონცეფცია და ახალი პროექტი არის საპარკე არქიტექტურა, ჰაეროვანი და დახვეწილი სიმსუბუქის, ფერის, ვიზუალის და ასე შემდეგ. არის იმ ტიპის, როგორიც იქ აშენდა ორანჟერეა, იმ ტიპის არქიტექტურას იმეორებს სასტუმროც, იქნება ბალნეოლოგიური კლინიკა.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე პირადად პროექტი მომწონს, ასევე – საბჭოს უმრავლესობას.

საბჭოს იმ წევრების პოზიცია, რომლებიც შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, თავიანთი ფეისბუქგვერდით თუ საბჭოს ოქმებშიც იმავეს აფიქსირებენ, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია – მე ვეყრდნობი კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების და არქიტექტორების დასკვნებს, ვიდრე იმ ადამიანების დასკვნებს, რომლებიც ყოველთვის, იქნება ეს დაშენება-მიშენება თუ უბრალოდ რესტავრაცია, ყოველთვის აფიქსირებენ, რომ ეს არის ხელყოფა და დანაშაული, მაგრამ არ მიუმართავთ მათ არასდროს პროკურატურისთვის.

  • თქვენი იცით საზოგადოების რეაქცია ბულვარში მშენებლობაზე.

მეც ვაპროტესტებდი, როცა საზაფხულო თეატრის ადგილზე შუშის კუბის მშენებლობა უნდოდა წინა მთავრობას… ვაპროტესტებდი ანბანის კოშკს, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო, არაჩვეულებრივად გამოიყურება. გეთანხმებით, ბულვარის ნაწილში, რომ შუა ბულვარში არ უნდა აშენდეს, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდეთ, ეს არ არის შუა ბულვარი, ეს არის ჟღენტის 6 ნომერი, სადაც შენობა იდგა სრულიად უსახური და ამორტიზებული. ის არ წარმოადგენდა ძეგლს, თუმცა ძეგლის საკადასტროში არსებობდა. ახალი ცენტრი, რომელიც აშენდება, არ იქნება მხოლოდ საბაღე ლანდშაფტზე მორგებული, ეს იქნება ძეგლთან ასოცირებული ინვესტიცია.

ეს არის საკმაოდ გამოცდილი არქიტექტორების მიერ წარმოდგენილი პროექტი. ჩემდა სამწუხაროდ, საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც ბევრი რაღაც ჰგონიათ ხელყოფა, დანაშაული და ასე ვთქვათ საბოტაჟით არიან დაკავებული, ყველა დირექტორის დროს ისინი იყვნენ საბჭოს წევრები. არის ოქმები, სადაც საბჭოს რვა წევრი წერს თანხმობას და ერთი – რომ ეს ხელყოფაა. როგორ შეიძლება პროექტს ვაფასებდეთ საკუთარი გემოვნებით? – თქვენ როცა მეუბნებით, რომ ბათუმის ბულვარში არ უნდა აშენდეს, მიუხედავად იმისა რა პროექტია… დღევანდელ სხდომაზე შოთა გუჯაბიძეს [საბჭოს წევრი -ავტ.] საერთოდ არც კი შეუხედავს პროექტისთვის… თუ დანაშაულია არსებობს ინსტანციები და მიმართოს.

  • თქვენ გეკითხებით საზოგადოების რეაქციაზე, თქვენ კი საუბრობთ საბჭოს ორი წევრის დამოკიდებულებაზე, რომლებიც არ ეთანხმებიან თქვენს გადაწყვეტილებას.

მეც ვარ საზოგადოების წევრი და ჩემი ოჯახიც.

  • მაშინ რატომ საუბრობთ საბჭოს ორ წევრზე – თქვენც ხომ გახსოვთ ასევე ხალხმრავალი აქციები ბათუმში ბულვარის დასაცავად.

ზერელედ ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ არ ვიცით რა პროექტია. როგორია კაფე ორანჟერია, რომელიც უკვე აშენდა, რატომ მოგვწონს ახლა, რომ აშენდა, არ მოგვწონს? ეწინააღმდეგებოდა ბევრი მაგ კაფეს, მახსოვს რესტორან „ბერნის“ მიმართაც [ჩეხოვის სახლი] საზოგადოების დამოკიდებულება, აშენდა და ყველა იქ დადის.

  • ბატონო ზაურ, გეკითხებით არა ვიზუალზე, არამედ იმაზე, კანონით დასაშვებია თუ არა მშენებლობა ბულვარში?

მე ჩემი პოზიცია გითხარით, ჩემი პოზიცია ეს არის, დანარჩენი შეაფასოს საზოგადოებამ და სხვა უწყებებმა თუკი იქნება საჩივარი. თქვენ მორალურ ნაწილზე მესაუბრებით. კი ბატონო იყო პროტესტი, რა ვქნათ – აი რა?

  • გესაუბრებით არა მორალზე, არამედ კანონზე… ცოტა ხნის წინ იყო საუბარი ბულვარის კონსერვაციაზე, ამაზე მთავრობის წევრებიც საუბრობდნენ, გენგეგმა მზადდება და ასე შემდეგ. ამაზე რას ფიქრობთ?

ჩემთვისაც ამაღელვებელია ის, რომ შუა ბულვარში არ უნდა იყოს მშენებლობა, მაგრამ აქ მშენებლობა უკვე დაწყებული იყო და ახალ მშენებლობაზე ჩვენ ნებართვა არ გაგვიცია, ეს არის ჟღენტის ქუჩა და მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება არის სწორი. ვინც ფიქრობს, რომ არ არის სწორი, შეუძლია მიჩივლოს: პროექტი შესწავლილი მაქვს, კარგად გავაკეთე ანალიზი, ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, ვინ არიან არქიტექტორები, გადაწყვეტილება ჩემი უკვე არის, გიდასტურებთ რომ ვაძლევ ნებართვას.

  • თორნიკე რიჟვაძე ამბობდა, რომ მისთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია ამ მასშტაბის მშენებლობა ბულვარში.

გადაწყვეტილება, რასაც ჩემი მრჩეველთა საბჭო იღებს… არის ჩემი გადასაწყვეტი. ბატონ თავმჯდომარეს და სხვებს შეუძლიათ შეაფასონ, რამდენად მართალი ვიყავი. მე მასთან კომუნიკაცია ამ საკითხზე არ მქონია. საუბრის დასაწყისშივე ვიცოდი, რომ ამ შეკითხვას დამისვამდით. ის პროექტი, რაც წარმოდგენილი იყო 2019 წლის დეკემბერში, იყო მიუღებელი ბულვარში და ითქვა უარი.

  • ბატონო ზაურ, მას პროექტი არ შეუფასებია. მან თქვა, რომ ბულვარში დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბია მისთვის მიუღებელი.

მე ნუ შემიყვანთ ახლა ციტატებში, ვინ რა თქვა. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და მადლობა.

___

ამავე თემაზე:

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: