მთავარი,სიახლეები

2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო | WMO

21.01.2021 • 1060
2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო | WMO

მსოფლიოს ხუთი მთავარი მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე თბილ წლად მიიჩნიეს და ამ მხრივ მას კონკურენციას მხოლოდ 2016 წელი უწევს.

ხუთივე ორგანიზაციის დაკვირვებით, 2011-2020 წლები მეტეოროლოგიური ორგანიზაციების მიერ დაკვირვების ისტორიის მანძილზე ყველაზე თბილი ათწლეული იყო, რამაც აჩვენა კლიმატის ცვლილების ტენდენცია. ამ პერიოდში ყველაზე თბილი იყო 2016, 2019 და 2020 წლები. 2020 წელს მსოფლიოში საშუალო ტემპერატურა 14,9° C  იყო, რაც 1,2 (± 0,1)°C -ით მეტია, ვიდრე იყო ტემპერატურა 1900-1950 წლებში.

გლობალური დათბობის ტენდენცია კარგად ჩანს ორგანიზაცია  „კოპერნიკის“ გრაფიკაზე, სადაც ტემპერატურის ცვლილება წლების მიხედვითაა მოცემული.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზიის – WMO-ს ვებგვერდიდან.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, 21-ე საუკუნის მთავარი ამოცანა ადამიანებისთვის ახალ გარემოპირობებთან შეგუება იქნება, რადგან ამ ტემპით მომდევნო ასწლეულის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურა 3-5 გრადუსით გაიზრდება.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია WMO-ს გენერალური მდივნის, პროფესორ პიტერ ტალასის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ადამიანის გავლენა ბუნებაზე უკვე იმდენად ძლიერია, როგორც თავად ბუნების ძალა და გავლენა ადამიანზე. მისივე თქმით, ატმოსფეროში სათბური გაზების კონცენტრაცია უკვე რეკორდულ ზღვარზეა.

გამუდმებული სიცხე, ტყის ხანძრები, არქტიკის ყინულოვანი საფარის შემცირება და ატლანტიკის ქარიშხლების რეკორდული სეზონი – მეტეოროლოგები ცხელი 2020 წლის შედეგებს სწორედ წლის განმავლობაში განვითარებულ ამ მოვლენებში ხედავენ.

თუმცა ტემპერატურა კლიმატის ცვლილების მხოლოდ ერთ-ერთი ინდიკატორია. ასევე მნიშვნელოვანი ინდიკატორებია: სათბური გაზების კონცენტრაცია ატმოსფეროში, ოკეანის სითბო, ზღვების გლობალური დონე, ყინულის მასა, ზღვის ყინულის განფენილობა და ექსტრემალური მოვლენები.

2021 წლის მარტში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციები წარადგენენ ტემპერატურის გარდა კლიმატის ცვლილებების დანარჩენი ინდიკატორების შესახებ კვლევებსა და დაკვირვებებს. ტენდენციის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ 2021 წელი 2020 წელზე კიდევ უფრო ცხელი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: