მთავარი,სიახლეები

ყოფილი პარლამენტარი ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის რესპუბლიკურში მენეჯერად დანიშნეს

21.01.2021 • 2776
ყოფილი პარლამენტარი ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის რესპუბლიკურში მენეჯერად დანიშნეს

„მე ვეძებდი სამუშაოს, კოლეგები ვართ და საერთო ენა ვნახეთ,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი ნუკრი ბეჟანიძე, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გახდა. აქამდე ამ პოზიციაზე ექიმი გია კიკაბიძე მუშაობდა. ახალ რესპუბლიკურში მხოლოდ კოვიდპაციენტებს მკურნალობენ.

ნუკრი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ საკუთარი თავი რესპუბლიკურის მენეჯერს – სოლომონ ფუტკარაძეს თავად შესთავაზა. ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ გია კიკაბიძემ თანამდებობა კოლეგიალობის გამო დაუთმო.

„ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვნახეთ საერთო ენა, როგორ გგონიათ აბა? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ?… გადაწყვეტილება დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ მიიღო… გია კიკაბიძე ნორმალურად მუშაობდა, მუშაობს და იმუშავებს კიდეც…“ – გვითხრა ნუკრი ბეჟანიძემ. მან ვერ დაგვიკონკრეტა, რა პოზიცია ექნება გია კიკაბიძეს მას შემდეგ, როცა ძველი რესპუბლიკურის შემადგენლობა რესპუბლიკურის ახალ შენობაში გადავა.

სად მიდის გია კიკაბიძე, რომელიც პანდემიის პიკის დროს რესპუბლიკურის კოვიდცენტრს მართავდა? – ის ძველ რესპუბლიკურს დაუბრუნდა და ისევ კლინიკური მენეჯერია.

„გია კიკაბიძეს ახალ კორპუსშიც ექნება თავისი პოსტი. ჯერ ვერ გეტყვით, რა იქნება ეს, მაგრამ მას გარკვეული თანამდებობა ექნება,“ – დასძინა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებთან“.

გია კიკაბიძე ირწმუნება, რომ ყოფილი პარლამენტარისთვის პოსტის დათმობით თავადაც კმაყოფილია.

„ჩემი სურვილი იყო ეს, ძველ რესპუბლიკურში მირჩევნია მუშაობა… აქ ახლა ორი სხვადასხვა სუბიექტია – ძველი და ახალი. ორივეგან ვერ ვიქნებოდი კლინიკური მენეჯერი, მაინც აქეთ ვამჯობინე…“ – გვითხრა გია კიკაბიძემ. მისი თქმითაც, ჯერ უცნობია, რა თანამდებობა შეხვდება ახალ რესპუბლიკურში მას შემდეგ, როცა პანდემია ჩაივლის და ძველი რესპუბლიკური აღარ იქნება.

ნუკრი ბეჟანიძე სამსახურში ჯერ არ მისულა, თუმცა ამბობს, რომ „ახალი რესპუბლიკურის ნორმალურად ფუნქციონერებისთვის“ უკვე მუშაობს.

ნუკრი ბეჟანიძე წინა [მეცხრე] მოწვევის პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ქართული ოცნებიდან“.

კომპანიის დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ გასული წლის დეკემბერში „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ „როცა ძველ საავადმყოფოში არსებული სერვისები გადმოვა ახალში და აქ გააგრძელებს მუშაობას, დაიწყება ძველი საავადმყოფოს [შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“] ლიკვიდაცია“.

____

ამავე თემაზე, ნახეთ როდის გაუქმდება ძველი რესპუბლიკური

რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: