ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის სტადიონისთვის ხელოვნური მზის შესაძენად 1,6 მილიონი დაიხარჯება

07.01.2021 • 3110
ბათუმის სტადიონისთვის ხელოვნური მზის შესაძენად 1,6 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების [ხელოვნური მზე] შესყიდვაზე, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა კი კონსტრუქციების მიწოდება-მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ტენდერის პირობის მიხედვით, „საქონელი უნდა იყოს ახალი; მონტაჟი კი მოიცავს, საჭირო ელექტროხარჯიდან გამომდინარე დაკაბელებას და საჭიროების შემთხვევაში ახალი ელექტროკარადების მოწყობას. ასევე მონტაჟთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს“, რომელსაც იხდის მიმწოდებელი.

20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ბათუმში ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად ოფიციალური ინფორმაციით 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში [ყოფილი შპს „სტადიონი“], 2020 წლის სექტემბერში განაცხადეს, რომ, „ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა 2020 წლის 14 ოქტომბერი იყო, თუმცა სამშენებლო ტემპიდან გამომდინარე სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა“.

შესაბამისად, სტადიონის გახსნა 12 სექტემბრისთვის დაანონსეს, თუმცა, მოგვიანებით გადადეს და მიზეზად აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაასახელეს.

მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნოდ, 2020 წლის 27 ოქტომბერს, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად მაინც გაიხსნა.

ბათუმის „დინამომ“ ახალ სტადიონზე 21 და 26 ნოემბერს „დილას“ და „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ამ თამაშების შემდეგ კი მინდვრის საფარი დაზიანდა, რის გამოც „დინამომ“ სტადიონზე მესამე შეხვედრა ვეღარ გამართა. თუმცა, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ „ბათუმელებთან“ მაშინ განაცხადა, რომ მორიგი მატჩის ვერჩატარება მინდვრის საფარს არ უკავშირდებოდა.

ამ თემაზე ვრცლად:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: