განათლება,მთავარი,სიახლეები

ბსუ-მ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე აკრედიტაცია გერმანული GIZ-ის მხარდაჭერით მიიღო

28.12.2020 • 1206
ბსუ-მ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე აკრედიტაცია გერმანული GIZ-ის მხარდაჭერით მიიღო

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო. სამაგისტრო პროგრამა – „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ 2021 წლიდან განხორციელდება.

„ეს არის პირველი ასეთი სახის სამაგისტრო პროგრამა სამხრეთ კავკასიაში. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარს უჭერს ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღნიშნული პროგრამის დანერგვის პროცესში“, – ეს არის ამონარიდი განცხადებიდან, რომელიც გერმანიის საელჩომ თბილისში დღეს გაავრცელა.

როგორც ბსუ-ში პროგრამის ხელმძღვანელი, მადონა მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამა გერმანელ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა.

„პროგრამა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის პროფესიული განათლება. ჩვენ წლებია ვახორციელებთ პროფესიულ პროგრამებს, თუმცა ამ სფეროში თითზე ჩამოსათვლელი სპეციალისტები გვყავს. ყველა არის ან თვითდასაქმებული, თვითნასწავლი და სხვადასხვა სფეროდან მოსული, მაგრამ ვინც კონკრეტულად ეს სფერო იცის და როგორ უნდა წარმართოს პროფესიული პროგრამები ამ შემთხვევაში, ასეთი ძალიან ცოტაა.

პროფესიული პროგრამები კარგად არის აპრობირებული ევროპაში, ამიტომ გერმანიაში მაგდებურგის უნივერსიტეტთან გავაფორმეთ მემორანდუმი და მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ამ პროგრამებზე მუშაობა“, – ამბობს მადონა მიქელაძე.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მუშაობას შეძლებენ პროფესიულ კოლეჯებში ან იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც პარალელურად პროფესიულ პროგრამებსაც ახორციელებენ.

„ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც სასწავლო პროცესის სპეციალისტები იქნებიან კოლეჯებში, ასევე პრაქტიკის კოორდინატორები და წარმოადგენენ შუა რგოლს, რომელიც სტუდენტსა და მასწავლებელს შორის არსებობს. ასევე, შეუძლიათ მუშაობა პროფესიული განათლების ექსპერტებად, არასამთავრობო სექტორში ტრენერებად და ასე შემდეგ.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს დაწესებულებებში საჭიროა პროფესიული განათლების სპეციალისტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ პროგრამების განხორციელებას და დაეხმარებიან პროფესიული განათლების მასწავლებლებს ხარისხიანი განათლების მიღებაში. ანალოგიური პროგრამა აქვს მაგდებურგის, უნივერსიტეტს თუმცა ასლი არ არის, რადგან მორგებულია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეზე და ქართველი დამსაქმებლების ინტერესებზე“, – ამბობს მიქელაძე.

მისი თქმით, პროგრამის შემუშავებაში დიდი წვლილი აქვს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“ (GIZ), რომელიც ბსუ-ს თანამედროვე უცხოენოვანი ლიტერატურის შეძენასა და თარგმნაში დაეხმარა. პროგრამაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც მადონა მიქელაძე ამბობს, ბათუმის უნივერსიტეტში მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება შესაძლებელი სწავლა, თუმცა თბილისის ტექნიკური და ჯავახიშვილის უნივერსიტეტები ინგლისურენოვან პროგრამასაც ამზადებენ.

„რადგან პროგრამა პირველია სამხრეთ კავკასიაში, ალბათ მეზობელი ქვეყნებიდანაც შეეძლებათ ისწავლონ მსურველებმა“, – ამბობს მიქელაძე. მისი თქმით, პროფესიული განათლების სფეროში ცოტაა როგორც სპეციალისტი, ასევე მკვლევარი, ამიტომ აღნიშნული პროგრამა ამ მიმართულების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

„ფაქტობრივად ,ყამირი გვაქვს ამ მიმართულებით, ამიტომ კარგი იქნება, თუ სტუდენტები დაინახავენ პრობლემას და იმუშავებენ“, – ამბობს მადონა მიქელაძე.

როგორც მადონა მიქელაძე ამბობს, 2021 წლის სექტემბრიდან პროგრამაზე 20-25 სტუდენტის მიღება იგეგმება. დაგეგმილია სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაც უცხოეთში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: